საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.10.2025
საქმის ნომერი
2კ-747აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100123006879287

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №747აპ-25 22 ოქტომბერი, 2025 წელი

დ. გ., №747აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. დ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – 3 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, გ. დ–ემ, საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ხელი ჰკრა მეუღლეს – თ. ც–ეს, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა თავი დაარტყა დივანის კუთხეს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–, საცხოვრებელ სახლში, გ. დ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს თ. ც–ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, მ. დ–ის საცხოვრებელ სახლში, გ. დ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს თ. ც–ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2022 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე მ. დ–ის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ. დ–ე, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ. ც–ეს, რა დროსაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2022 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, გ. დ–ემ, თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, განზრახ გაანადგურა მეუღლის თ. ც–ის კუთვნილი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და ხელჩანთა, რითაც, მას მიაყენა 1345 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. დ–ის ბრალეულობას.

2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენით, გ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.

2.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. დ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. დ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან მართალია, დაზარალებულმა თ. ც–ემ სასამართლოში ბრალდების მხარის დაკითხვის შემდეგ უარი განაცხადა დაცვის მხარის კითხვებზე პასუხის გაცმისგან და თვითნებურად დატოვა სასამართლო დარბაზი, მაგრამ მიუხედავად ამისა სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი ჩვენება, რაც სრულ თანხვედრაში იყო სხვა მტკიცებულებებთან, რისი გათვალისიწნებითაც უნდა გაუქმდეს გამამართლებელი განაჩენი გ. დ–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, წარსულში გ. დ–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რაც მიუთითებს, რომ იგი ძალადობისაკენ მიდრეკილი პიროვნებაა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. დ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, ზემოხსენებული პრინციპები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. თანასწორობის მოთხოვნა უზრუნველყოფს, რომ მხარეები ერთმანეთთან მიმართებით არ დაექვემდებარონ განსხვავებულ მოპყრობას და რომელიმე არ აღმოჩნდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, კი – საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებაზე და მტკიცებულებაზე აზრის გამოთქმის, გაქარწყლებისა და პასუხის მიღების უფლება მხარეებისთვის თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე.

5.5. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა – თ. ც–მ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, უპასუხა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ დასმულ კითხვებს, ხოლო დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და დატოვა სხდომის დარბაზი - საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ თ. ც–ის დაკითხვისას, დაზარალებულის ქმედებიდან (პოზიციიდან) გამომდინარე, მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულე ვერ იქნა უზრუნველყოფილი. კერძოდ, დაცვის მხარეს არ მიეცა თანაბარი შესაძლებლობა ბრალდების მხარის მტკიცებულება უშუალოდ და ზეპირად გამოკვლია. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და შესაბამისად, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რადგან აღწერენ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. დ–ის მიერ დანაშაულების ჩადენას წარმოდგენილი არ არის.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე