საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100123007335112
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №550აპ-25 თბილისი
ლ–ი ო., 550აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ლ–ს (პირადი №.........), დაბადებულს .... წელს, ნასამართლობის არმქონეს, ბრალად ედებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის/დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოძიების დროს (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით).
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
· ო. ლ–მა 2022 წლის 14 ივლისს – მოწმის სახით, ხოლო 2023 წლის 21 მარტს, როგორც დაზარალებულმა, ქ. ზ–ში, სისხლის სამართლის N044120722002 საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – განზახ მკვლელობის მცდელობის – ფაქტზე არსებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოკვლევისთვის ხელშეშლის მიზნით, საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ, განუცხადა, რომ 2022 წლის 12 ივლისს მის მიმართ არავის განუხორციელებია დანაშაულებრივი ქმედება, არამედ სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღო ველოსიპედიდან ვარდნის შედეგად, რაც გამოძიების ფარგლებში არ დადასტურდა. კერძოდ, დადგინდა, რომ ო. ლ–ის სხეულზე დაზიანებები: შემღწევი ჭრილობა მუცლის ღრუში, ჭრილობები მარცხენა ყვრიმალის მიდამოში, გულმკერდის მარცხენა ზედაპირსა და მარჯვენა მუხლზე – მიაყენა სხვა პირმა, რაც ო. ლ–ისთვისაც იყო ცნობილი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ო. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი შორენა გვილავა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ო. ლ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი, პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ო. ლ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: ბრალდების დადგენილება სრულად ეფუძნება გამოყოფამდე არსებული საქმის მასალებს, რომლებიც ამ საქმეს არ დართვია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არამედ მიჩნეულ იქნა, რომ ისინი ისედაც ამ საქმის განუყოფელი ნაწილია. ამდენად, ბრალდებულის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებს არ შეუძენია რაიმე ახალი ფორმა (მაგალითად, ნივთმტკიცების) და ისინი დარჩა ბრალდებულის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებად. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიუთითეს, რომ ასეთ ვითარებაში ბრალდებულს წარმოეშვა საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, უარი თქვას სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე გამოკითხვის დროს მის მიერვე მიწოდებული ინფორმაციის გამოკვლევაზე, რითაც კანონიერად ისარგებლა კიდეც ბრალდებულმა. შესაბამისად,სასამართლოში გამოუკვლეველი დარჩა მთავარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, თუ რა შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა ბრალდებულმა გამოძიებას. ამის დამადასტურებელი ერთადერთი შესაძლებელი მტკიცებულება არის გამოკითხვის ოქმი, რომელსაც, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ ეყრდნობა.
9. იმის გამო, რომ უცნობი რჩება მტკიცების მთავარი საგანი, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა ბრალდებულმა გამოძიებას, სხვა მტკიცებულებების გამოკვლევას და სხვა ფაქტების დადგენას ეკარგება აზრი. ბრალდების მხარე ბრალდებას ძირითადად აფუძნებს ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალებზე, თუმცა, საყურადღებოა, რომ, როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, ძირითადი საქმე დღესაც გამოუძიებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ საქმეზე რაიმე ფაქტი არ დადგენილა. ამდენად, გაუგებარია, რომელ დადგენილ ფაქტს ეწინააღმდეგება ბრალდებულის მიერ მიწოდებული რომელი ინფორმაცია; თუ რაიმე წინააღმდეგობა არსებობდა ამ ინფორმაციებს შორის, რით დასტურდება, რომ სწორედ ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა მცდარი და არა – სხვა მტკიცებულებების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები არ შეიცავს კონკრეტულ და ზუსტად იდენტიფიცირებად ინფორმაციას. მათი გაცნობის შედეგად შეუძლებელია მყარი და ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა, არ არის მითითებული ფაქტები, გარემოებები, არ დადგენილა ო. ლ–თან მოსაუბრე პირთა ვინაობა, ისინი არ გამოკითხულან/დაკითხულან მითითებული საუბრის ირგვლივ. შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები ვერ გამოდგება ო. ლ–ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ და გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად, მით უფრო, რომ ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება საქმეში წარმოდგენილი რაიმე სხვა მტკიცებულებითაც ვერ დასტურდება.
10. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთავსებადი, სარწმუნო, ობიექტური და უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების იმგვარი ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ო. ლ–ის, როგორც მოწმის/დაზარალებულის, მიერ გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
11. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ამომწურავად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანზე და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში არსებობს ეჭვის შეტანის შესაძლებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988, ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125; მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. ვინაიდან წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ო. ლ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, ასევე – მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე