საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005675032
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №823აპ-25 ქ. თბილისი
ც–ე მ., 823აპ-25 28 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ისა და თბილისის პროკურატურის პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ც–ეს ბრალად ედება:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
1.2. განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით;
1.3. სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.4. მ. ც–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-თან, მ. ც–ე აშკარად დაეუფლა ლ. ჩ–ის კუთვნილ, 3 000 ლარად ღირებულ „Iphone 11 Pro’’ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც მას მიაყენა ამდენივე ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
ü 2022 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ც–ემ შურისძიების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა მ. ს–სა და კ. მ–ეს. მ. ს–ი და კ. მ–ე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მიუხედავად გაწეული მკურნალობისა, მ. ს–ი, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო კ. მ–ის სიცოცხლე გადარჩენილ იქნა გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.
ü 2022 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ც–ემ განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა მ. ს–ს. მ. ს–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მიუხედავად გაწეული მკურნალობისა, მ. ს–ი, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მ. ც–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ. ც–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ. ც–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (კ. მ–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლზე (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
მ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (კ. მ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
მ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (მ. ს–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ. ც–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 25 თებერვლიდან;
გაუქმდა მ. ც–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ.
ü მსჯავრდებულ მ. ც–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ–ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. ც–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. ც–ის დამნაშავედ ცნობა ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (მ. ს–ის განზრახ მკვლელობის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (კ. მ–ის და მ. ს–ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი, 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ გია შაიშმელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ მ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში მ. ც–ის მიმართ, შევიდა ცვლილება:
მ. ც–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
მ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდა და განესაზღვრა 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მ. ც–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (კ. მ–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლზე (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
მ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (კ. მ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
მ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (მ. ს–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ. ც–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 25 თებერვლიდან;
ცნობად იქნა მიღებული, რომ მ. ც–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ.
ü მსჯავრდებულ მ. ც–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ–ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ც–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან; დაცვის მხარეს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან არ მიეცა რიგი მტკიცებულებების გამოთხოვისა და წარმოდგენის შესაძლებლობა; შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაურკვეველი მიზეზით გამქრალია, რაც დაცვის მხარის მოსაზრებით, გამოძიების ინტერესში შედიოდა, ვინაიდან არ აწყობდათ ჩანაწერის გამოჩენა; კამერების ჩანაწერის გაქრობამ მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა დაამძიმა, რადგან სწორედ ჩანაწერებით დადგინდებოდა, რომ ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები – ლ. ჩ–ი და ლ. ქ–ა ცრუობენ, ისინი, სინამდვილეში, შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ და არც ფაქტის თვითმხილველები არიან; გამომძიებელმაც დაგვიანებით, შემთხვევიდან მე-12 დღეს სცადა კადრების მოპოვება, მაგრამ ჩანაწერი აღარ აღმოჩნდა, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევს; მოწმეების – კ. მ–ის, ლ. ჩ–ისა და ლ. ქ–ას ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია; მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კ. მ–ე შემთხვევის დროს არ დაცემულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მ. ც–ეს მისი მოკვლის განზრახვა არ გააჩნდა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა და დარწმუნდებოდა, რომ შედეგი დადგა; მოკვლის განზრახვის არარსებობის პირობებში, მხოლოდ მძიმე დაზიანების გამო, პირის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა უსამართლობაა. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს სასიკვდილო შედეგის დადგომასაც; დაცვის მხარის მოსაზრებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაჭრილი მ. ს–ი დაგვიანებით მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა არასწორი სამედიცინო მანიპულაციები. მკურნალობის დროს დაშვებულმა შეცდომებმა, განაპირობეს მისი სიკვდილი, რადგან თავად გარდაცვლილის დაზიანებები არ იყო ცალსახად სასიკვდილო სიმძიმის, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლით მსჯავრდების ნაწილშიც მ. ც–ე სრულიად უდანაშაულოა, ვინაიდან დამტკიცდა, რომ მას მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია. მისი მიზანი იყო ჩ–ის გულწრფელობის შემოწმება, მას არ ჰქონია მისი რაიმე ფორმით იძულების მიზანი.
ü თბილისის პროკურატურის პროკურორი იოსებ ხუციშვილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ. ც–ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (მ. ს–ის განზრახ მკვლელობის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (კ. მ–ისა და მ. ს–ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი, 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ მ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ც–ის მიერ მის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, დანაშაულების, რაც, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (კ. მ–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (მ. ს–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულმა მ. ც–ემ კ. მ–ესა და მ. ს–ს დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მაგრამ საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის განმარტებით, მას არ გააჩნდა აღნიშნული პირების მოკვლის განზრახვა. მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვით სარგებლობისას, დამატებით დასძინა, რომ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
11. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება კასატორის – დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმისათვის გადამწყვეტი მტკიცებულებების – ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების ჩვენებების სანდოობა, უტყუარობა და დამაჯერებლობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდა ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს, ხოლო მტკიცებულებათა შორის შეუსაბამობანი არ უნდა ეხებოდეს მტკიცების მთავარ საგანს.
13. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აფასებს დაზარალებულ კ. მ–ისა და შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, პირდაპირი მოწმეების – ლ. ჩ–ისა და ლ. ქ–ას ჩვენებებს და, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, განმარტავს, რომ მათ თანმიმდევრულად, დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს და გადმოსცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედებები.
14. დაზარალებულ კ. მ–ის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მ. ც–ის მიერ მისთვის არაერთხელ დასმულ შეკითხვას, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ლ. ჩ–თან, უპასუხა, რომ ისინი ერთად იყვნენ, მ. ც–ემ ამოიღო დანა და რამდენჯერმე ჩაარტყა ზურგსა და გვერდში. დანის დარტყმის შემდეგ მ. ც–ე ლ. ჩ–ისკენ წავიდა, რა დროსაც მას მ. ს–ი გადაეღობა. მ. ც–ემ ს–საც დაარტყა დანა და გაიქცა. მ. ს–ი დანის დარტყმისთანავე დაეცა.
15. დაზარალებულ კ. მ–ის ანალოგიურად გადმოსცემენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სრულად ადასტურებენ მის ჩვენებას მოწმეები – ლ. ჩ–ი და ლ. ქ–ა, რომლებიც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები არიან. მოწმე ლ. ჩ–ის ჩვენებით დგინდება, რომ მ. ც–ე კ. მ–ეს რამდენჯერმე შეეკითხა ის და ლ. ჩ–ი ერთად იყვნენ თუ არა, რაზეც ბოლოს კ–მ დადებითი პასუხი გასცა. ამ დროს მ. ც–ემ მარცხენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა კ. მ–ეს, რის შემდეგაც იგი წაიქცა. მოწმემ ყვირილი დაიწყო, კლინიკაში შევარდა და შველას ითხოვდა. შემდეგ ისევ ეზოში გამოვიდა. მოწმის განმარტებით, მ. ს–ისათვის ჭრილობის მიყენების მომენტი ახსოვს ბუნდოვნად. მკვეთრად ახსოვს ძირს დავარდნილი და დაჭრილი მ. ს–ი, რომელსაც სისხლი სდიოდა ჭრილობიდან. ბუნდოვნად ახსოვს, რომ მ. ც–ე გარბოდა შლაგბაუმისკენ, სადაც მ. ს–ი იდგა, რა დროსაც მას დაარტყა და იგი ძირს დაეცა. მოწმე ლ. ქ–ას ჩვენებით ირკვევა, რომ მ. ც–ე კ. ც–ს ეკითხებოდა, ერთად იყვნენ თუ არა ის და ლ. ჩ–ი. მალევე, მათ სიახლოვეს შენიშნა ლ. ჩ–ი, რომელიც მ. ც–ეს ეკიდებოდა ხელზე და ყვიროდა. თვითონაც გადმოვიდა ავტომობილიდან და დაინახა, რომ მ. ც–ემ დანის მსგავსი საგანი დაარტყა კ. მ–ეს. მ. ს–ი მშვიდად მიუახლოვდა მოწმეს და ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ჩხუბობდნენ. მ. ც–ის მიერ კ. მ–ისთვის დარტყმის შემდეგ დაინახა, რომ იგი წაბორძიკდა. რაღაც პერიოდში, აღარაფერი დაუნახავს, შემდეგ კი, დაინახა, თუ როგორ დაარტყა რაღაც დანის მსგავსი საგანი მ. ც–ემ მ. ს–ს, რომელმაც კისერზე ხელი მოიკიდა და დაეცა. მოწმემ დააზუსტა, რომ დაჭრის შემდეგ მ. ს–მა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემდეგ დაეცა.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არ იკვეთება რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და შეუსაბამობები, რაც მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. ისინი საქმის ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთშესაბამისია და სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის – სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებთან და საქმის სხვა მასალებთან. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, არ დგინდება ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც გამოკვეთდა მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობაში დაეჭვების დასაბუთებულ საფუძველს. გარდა ამისა, საქმეში არ გამოკვეთილა გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის და მოწმეთა დაინტერესებაში დაარწმუნებდა, არ დგინდება სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ცრუობდნენ შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები და ფაქტობრივ გარემოებებს ამახინჯებდნენ.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება მოწმეთა დაინტერესების, მიკერძოებისა და სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის არარსებობა, რის შესახებაც, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არაერთხელ აპელირებს, უპირობოდ არ ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების არაგულწრფელობას და არასანდოობას.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციას, – მ. ც–ემ ჩაიდინა თუ არა განზრახ მკვლელობის მცდელობა (დაზარალებულ კ. მ–ის ეპიზოდი) და განზრახ მკვლელობა (დაზარალებულ მ. ს–ის ეპიზოდი), ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, თუ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში – საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
19. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
21. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).
22. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.
23. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).
24. მსჯავრდებულმა მ. ც–ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან მას თავს დაესხა, მასზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი კ. მ–ე, რომელიც აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე – ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც თავის გადარჩენას ცდილობდა და სწორედ თავდაცვის მიზნით იქნევდა ხელებს, ფეხებსა და საკანცელარიო დანას, რაც არადამაჯერებელი, არასარწმუნოა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მისი ჩვენების გარდა, არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით, სახელდობრ:
25. ბრალდების მხარის ზემომითითებულ, შემთხვევის უშუალო შემსწრე, პირდაპირ მოწმეთა – კ. მ–ის, ლ. ჩ–ისა და ლ. ქ–ას ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევამდე მსჯავრდებული არ იცნობდა კ. მ–ესა და მ. ს–ს; შემთხვევის დღეს კონფლიქტის დაწყების ინიციატორი სწორედ მ. ც–ე იყო, რომელმაც კ. მ–ისაგან თავისთვის არასასურველი პასუხის მიღების შემდეგ, მას მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი (საკანცელარიო დანა), ყოველგვარი წინაღობის გარეშე, სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში – ზურგის არეში სამჯერ, ხოლო – მუცელში ერთხელ დაარტყა; მცირე ხნის შემდეგ, დანა უკვე გულმკერდის არეში მ. ს–ს დაარტყა, რომელიც ცდილობდა მისთვის არ მიეცა ლ. ჩ–ისაკენ წასვლის შესაძლებლობა. აღნიშნულის მერე მ. ც–ე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა; მითითებულ მოწმეთა ჩვენებებით, მ. ც–ის მიერ კ. მ–ისა და მ. ს–ის დანით დაჭრის გარდა, არ დასტურდება, ერთი მხრივ, მ. ც–ესა და, მეორე მხრივ, კ. მ–ესა და მ. ს–ს შორის ფიზიკური ურთიერთდაპირისპირების ფაქტიც; აღსანიშნავია, რომ მ. ს–ის კონფლიქტში ჩართვის შესახებ თვითონ მსჯავრდებულიც არ უთითებს თავის ჩვენებაში, კერძოდ, მსჯავრდებულს საერთოდ არ უხსენებია არათუ მასზე მ. ს–ის თავდასხმის, არამედ – მან, მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტიც კი ვერ გაიხსენა; გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე მყოფი არცერთი მოწმე არ ადასტურებს, მ. ც–ის გარდა, სხვა პირის მიერ დანის ქონის, მისი დემონსტრირების, ანდა გამოყენების ფაქტს; ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ჩატარებული სამედიცინო საექსპერტო კვლევების შედეგად, მ. ც–ეს რაიმე დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა.
26. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება როგორც მ. ც–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის, ისე – მის მიერ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ზემოხსენებული ვითარების, დანაშაულის ხერხისა და საშუალების (მ. ც–ემ მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის (დანის) გამოყენებით, სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში, კერძოდ, კ. მ–ეს ზურგისა და მუცლის არეში, ხოლო მ. ს–ს – გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანებები), დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებათა რაოდენობის, ხასიათის, მათი ლოკალიზაციის გათვალისწინებით (მ. ს–ის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას აღენიშნებოდა – მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარჯვენა ფილტვის (პლევრის ფურცლებთან და ნეკნთაშორის არტერიასთან ერთად), მარჯვნივ მეორე ნეკნის და მკერდის ძვლის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი; კ. მ–ეს აღენიშნებოდა – მარცხნივ, ზურგის არეში არასწორი ფორმის და კიდეების სამი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობა, სახელდობრ: მარცხენა მხრის სახსრის პროექციაზე, წინა სკაპულარულ ხაზზე, III ნეკნთაშუა არეში და შუა სკაპულარულ ხაზზე, V ნეკნთაშუა არეში, პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსით; მუცლის წინა კედელზე ნეკნთა რკალთან მედიოკლავიკულურ ხაზზე არასწორი ფორმის და კიდეების ჭრილობა (ინტრაოპერაციული დიაგნოზის თანახმად ნაკვეთ ნაფლეთი ჭრილობა). დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს), საკასაციო სასამართლოსაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ მსჯავრდებულის ქმედებებიდან და მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს – დაზარალებულთა სიკვდილს – მ. ც–ე უცილობლად ითვალისწინებდა, რაც, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, კ. მ–ის შემთხვევაში, არ დამდგარა და დანაშაული დასრულდა მცდელობის სტადიაზე, ხოლო – მ. ს–ის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
27. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის კიდევ ერთ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მ. ს–ის სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა, იყოს დაგვიანებული მკურნალობა ან არასათანადო სამედიცინო მანიპულაციები, რასაც, ადვოკატის მოსაზრებით, მათ შორის – ადასტურებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, კერძოდ:
28. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მ. ს–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება შემდეგი: მ. ს–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული – მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის გამო, შემავალი გულმკერდის ღრუში. მარჯვენა ფილტვის (პლევრის ფურცლებთან და ნეკნთა შორის არტერიასთან ერთად), მარჯვნივ მე-2 ნეკნის და მკერდის ძვლის დაზიანებით; მ. ს–ის გვამს აღენიშნებოდა – დაზიანება მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარჯვენა ფილტვის (პლევრის ფურცლებთან და ნეკნთაშორის არტერიასთან ერთად), მარჯვნივ მე-2 ნეკნის და მკერდის ძვლის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც, დადგა სიკვდილი. დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ და სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობის თარიღს.
29. სააპელაციო პალატამ ყურადღება აგრეთვე გაამახვილა ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნაზე, რომლის თანახმად, მ. ს–ის ქურთუკსა და „კაპიუშონიან“ სვიტერზე დაზიანება განვითარებულია ჭრით ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად (როგორიც შეიძლება იყოს დანის პირიც) და ლოკალიზაციით, შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნის მონაცემების მიხედვით, მ. ს–ის სხეულზე (მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირის ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით) არსებული დაზიანების ლოკალიზაციის მონაცემს.
30. მითითებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და კატეგორიულობა თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა დასკვნის გამცემმა ექსპერტებმა: ე. ჩ–მა, მ. ჭ–მა, გ. ც–მ და ე. კ–მ.
31. ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობს მ. ს–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი, რომლის შედეგებითაც, ცალსახად დადგენილია მიზეზობრივი კავშირი მ. ც–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს – მ. ს–ის გარდაცვალებას შორის. მსჯავრდებულის ქმედება წარმოადგენდა სიკვდილის აუცილებელ წინაპირობას, რომლის გარეშეც, ეს შედეგი არ დადგებოდა. ნიშანდობლივია, რომ თვითონ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული საექსპერტო კვლევითაც არ დგინდება, რომ მ. ს–ი არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
32. საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა მ. ც–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ისევე როგორც ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ მ. ც–ის ქმედებაში გამოკვეთილია ძარცვის და არა – იძულების ნიშნები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ლ. ჩ–ის ჩვენების მიხედვით, მ. ც–ემ, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, კუთვნილი მობილური ტელეფონი წაართვა ეჭვიანობის ნიადაგზე, მასში არსებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. შემდეგ მსჯავრდებულმა მოსთხოვა მანქანიდან გადასვლა, ხოლო წართმეული მობილური ტელეფონი აღარ დაუბრუნა. ლ. ჩ–მა, ტელეფონის თაობაზე, დაურეკა თავის ბიძას, რომელსაც სთხოვა, დაერეკა მ. ც–ისათვის, რათა მისთვის მობილური უკან დაებრუნებინა. შესაბამისად, უტყუარად გამოკვეთილია, რომ მ. ც–ეს არ გააჩნდა დაზარალებულის მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ძარცვის შემადგენლობის სავალდებულო კომპონენტია. აღნიშნულის საპირისპიროდ, დაზარალებულისათვის ტელეფონის წართმევა მიზნად ისახავდა მასში არსებული ინფორმაციის გაცნობას, და არა – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, რის გამოც, მსჯავრდებულის ქმედება სწორად შეფასდა, როგორც – იძულება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულიც არ უარყოფს, რომ მას ჰქონდა ლ. ჩ–ის ტელეფონი, თუმცა განმარტავს, რომ იგი ნებაყოფლობით გადასცა, რაც არ გამომდინარებს საქმის მასალებიდან. მსჯავრდებულმა თავად განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ლ. ჩ–ი მისი მანქანიდან გადავიდა და თვითონ კი დატოვა ტერიტორია, გზაში დაუკავშირდა ლიანას ბიძა და მისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნება სთხოვა. მ. ც–ისავე განმარტებით, დაზარალებულმა კ. მ–ემაც იგივე სთხოვა. ამდენად, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მ. ც–ის მიერ ლ. ჩ–ისათვის მისი ნების საწინააღმდეგოდ, მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტი (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს როგორც მ. ც–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში გამართლების, ასევე – მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი.
34. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მ. ც–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მ. ც–ე დაზარალებულების – კ. მ–ისა და მ. ს–ისათვის დაზიანებების მიყენების მომენტში, მათ მოსაკლავად მოქმედებდა ერთიანი განზრახვით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ – ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით.
35. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობის (მცდელობის) ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის, როგორიცაა ორი ან მეტი პირის მკვლელობა და გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისთვის სიცოცხლის მოსპობას ერთდროულად ან მეორე პირისათვის სიცოცხლის მოსპობას, პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ მკვლელობის ამ პუნქტით დაკვალიფიცირებისათვის დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდება, რომ მ. ც–ე დაზარალებულების – კ. მ–ისა და მ. ს–ისათვის დაზიანებების მიყენების დროს მოქმედებდა ერთიანი განზრახვით. შემთხვევის უშუალო თვითმხილველ პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ. ც–ემ დაზარალებულ კ. მ–ეს დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა მას შემდეგ, რაც მისთვის დასმულ არაერთ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ის და ლ. ჩ–ი ერთად იყვნენ. კ. მ–ის დაჭრის შემდეგ, მ. ც–ე გაიქცა ლ. ჩ–ის მიმართულებით, რა დროსაც მას წინ მ. ს–ი გადაეღობა. მსჯავრდებული მხოლოდ ამის შემდეგ ურტყამს მ. ს–ს გულმკერდის არეში დანას.
36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. ც–ე დაზარალებულ მ. ს–ისათვის დანით დაზიანების მიყენებისას, მოქმედებდა ახლად აღმოცენებული განზრახვის ფარგლებში. ამ დროს მას კ. მ–ეზე თავდასხმა უკვე დასრულებული ჰქონდა, გარბოდა ლ. ჩ–ის მიმართულებით და მ. ს–ს დანა მას შემდეგ დაარტყა, რაც იგი მას წინ გადაეღობა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ც–ემ ორ დაზარალებულს დროის მცირე ინტერვალით დაარტყა დანა, განსახილველ შემთხვევაში, ვერ წარმოშობს მისი ქმედების, როგორც ორი პირის მკვლელობის მცდელობის ჩადენის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან არ იკვეთება, რომ ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით იყო მოცული.
37. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვისა და ბრალდების მხარეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცათ, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ც–ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენაში.
38. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
40. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ–ისა და თბილისის პროკურატურის პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე