საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123006738751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №645აპ-25 ქ. თბილისი
რ-ი ბ. 645აპ-25 26 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის, მსჯავრდებულ ბ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ის, მსჯავრდებულ დ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით:
1.1. ბ. რ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
1.2. გაუქმდა ბ. რ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა.
1.3. დ. ყ-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
1.4. გაუქმდა დ. ყ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა.
1.5. ადვოკატ გ. ტ-ის შუამდგომლობა ბრალდებულ ზ. რ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა.
1.6. შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ ზ. რ-ს მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბრალდებულის გარდაცვალების გამო.
1.7. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. რ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ზ. რ-ის მიმართ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გარდაცვლილი ბრალდებულის - ზ. რ-ის სრულწლოვან შვილს - ბ. რ-ს (დაბადებული ... წლის ... ივლისს, პირადი ნომრით: ... ).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. რ-მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო დ. ყ-მა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 1 აპრილს, შუადღის საათებში, თ-ში, პ. ხ-ს №...-ში მდებარე შპს ,,ხ-ი 9-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ზ. გ-ის სამუშაო ოთახში, პარტნიორთა კრების მიმდინარეობისას, ბ. რ-მა ზ. რ-თან ერთად ჯგუფურად, ზ. გ-ს მუცლის არეში ფეხის დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 1 აპრილს, შუადღის საათებში, თ-ში, პ. ხ-ის №...- ში მდებარე შპს ,,ხ-ი 9-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ზ. გ-ის სამუშაო ოთახში, პარტნიორთა კრების მიმდინარეობისას, დ. ყ-ი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ. გ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულების - ბ. რ-სა და დ. ყ-სათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულ ბ. რ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ნ-მა და გ. ტ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმება და ბ. რ-ს გამართლება.
4.2. მსჯავრდებულ დ. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმება და დ. ყ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, ბ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო დ. ყ-ი - სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ბ. რ-სა და დ. ყ-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებებში უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ. გ-სა და მოწმეების - ს. ყ-ს, მ. კ-ის, ი. ხ-ს, გ. თ-ის, მ. ვ-ის, მ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ბალისტიკური და ტრასოლოგიურ ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №.... , №... დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბ. რ-სა და დ. ყ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
8. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სადავო არაა 2022 წლის 1 აპრილს, შუადღის საათებში, შპს ,,ხ-ი 9-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ზ. გ-ის სამუშაო ოთახში პარტნიორთა კრების ჩატარება, სადაც იმყოფებოდნენ კომპანიის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები, მათ შორის - დ. ყ-ი, ბ. რ-ი და ა.წ. გარდაცვლილი ზ. რ-ი. ასევე დადგენილია, რომ კრება მიმდინარეობდა ხმაურის და დაძაბულობის ფონზე, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. არც ის გარემოებაა სადავო, რომ აღნიშნული შეხვედრისას დ. ყ-ს თან ჰქონდა იარაღის მსგავსი საგანი, ე.წ. გაზის პისტოლეტი, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა. სადავო საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, დ. ყ-ი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით დაემუქრა თუ არა ზ. გ-ს სიცოცხლის მოსპობით და ამ მუქარამ დაზარალებულში გამოიწვია საფუძვლიანი შიში, ასევე სადავოა ბ. რ-მა მუცლის არეში ფეხის ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა თუ არა ზ. გ-ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ ზ. გ-ის ცრუ ჩვენებას და სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსჯავრდებულთა მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობა და მუქარა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მომხდარ ინციდენტს ჰყავს არაერთი თვითმხილველი პირი, რომელთა სანდოობაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულმა ზ. გ-მა ჩვენების მიცემისას აღწერა პარტნიორთა კრების მიმდინარეობა და დამაჯერებლად ისაუბრა როგორც ბ. რ-ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, მუცლის არეში ფეხის ჩარტყმისა და დ. ყ-ის მიერ იარაღის დემონსტრირებით დამუქრების ფაქტებზე, ისე - ძალადობის შედეგად განცდილ ტკივილსა და მუქარის შედეგად განცდილ შიშთან დაკავშირებითაც.
11. დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა არაერთი პირი, მათ შორის - ს. ყ-ი, მ. კ-ე, ი. ხ-ე, გ. თ-ე, მ. თ-ი, გ. მ-ი და სხვა პირები. მოწმე ს. ყ-ს დაინტერესებულ პირად მოიაზრებს დაცვის მხარე და აღნიშნულის არგუმენტად დაზარალებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაზეც უთითებს. თუმცა, ს. ყ-ის ჩვენების გარდა, მ. კ-მ და ი. ხ-მაც აღნიშნეს ბ. რ-ის მიერ ზ. გ-ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და დ. ყ-ის მხრიდან იარაღის დემონსტრირებით მუქარა. მოწმე მ. კ-ის ჩვენება, სხვა მოწმეთაგან განსხვავებით, პირიქით აღწერს განვითარებულ მოვლენებს - ჯერ მუქარის ფაქტს და შემდეგ ძალადობას, თუმცა, მთლიანობაში, რიგითობის მიუხედავად, მოწმემ სასამართლოს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოწმე ს. ყ-ს ჩვენებით, დაინახა, ბ. რ-მა როგორ დაარტყა ფეხი ზ. გ-ს, დ. ყ-მა კი ამოიღო შავი ფერის იარაღი, მიუშვირა პირისპირ მდგომ დირექტორს და უყვიროდა რომ მოკლავდა. მოწმე მ. კ-მ ანალოგიურად განმარტა, რომ დ. ყ-მა ჯიბიდან ამოიღო მოკლელულიანი მუქი ფერის იარაღი და სიტყვებით „ეხლავე მოგკლავო“ პირდაპირ ზ. გ-ს მიუშვირა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბ. და ზ. რ-ები „ხელით შეეხნენ“ დაზარალებულს, რომელიც თავს იცავდა. მოწმე ი. ხ-მ აღნიშნა, რომ სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა ზ. და ბ. რ-ების მხრიდან ზ. გ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობა.
12. მოწმეებმა - მ. კ-მ და ი. ხ-მ ჩვენებების მიცემისას აღნიშნეს, რომ ზ. გ-ი ჩაიკეცა. მ. კ-ს ჩვენებით, ბ. და იმ დროს მისთვის უცნობი პირი (ზ.) შემოვარდნენ, წამოვიდნენ ზ-სკენ, ატყდა ჩოჩქოლი, დაიწყო გაშველება, ზ-ს აწყნარებდა, ლ-ც ეხმარებოდა. როგორც იქნა, გააშველეს, ზ. ჩაკეცილი იყო და ეუბნებოდა, წიხლი ჩამარტყეს და თავში დამარტყესო. ი. ხ-ს ჩვენებით, ფიზიკურად შეეხნენ ზ. გ-ს, ხოლო კითხვაზე უპასუხა, რომ დარტყმას მოჰყვა ჩაკუზვა. მუცელში მოხვდა, სავარაუდოდ, თავისი თავისთვის არ დაურტყამს. მოწმე მ. ვ-ის ჩვენებით, ჩხუბის, გინების, შეხლა-შემოხლის ხმაზე შესვლისას ყველა ფეხზე იყო და აშკარად რაღაც იყო მომხდარი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ის ფაქტი, რომ მ. ვ-ის ოთახში შესვლის შემდეგ აღარ ჰქონია ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში დაეჭვების საფუძველს. მოწმის ჩვენებით, უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა ზ. რ-ი, რომელიც იწევდა ზ. გ-სკენ. გამოკითხვის ოქმის თანახმად, რაც დაადასტურა მოწმემ, ზ. და ბ. რ-ის ოთახიდან გაყვანაში დაეხმარა ზ. ზ-ს. აღნიშნულ ჩვენებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, დამაჯერებლად მიაჩნია დაზარალებულ ზ. გ-სა და მოწმე ს. ყ-ის ჩვენებები, რომელთა მიხედვით, ბ. რ-მა ზ. გ-ზე ფიზიკურად იძალადა მუცლის არეში ფეხის დარტყმის გზით.
13. საკასაციო სასამართლოს აზრით, ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ზ. გ-მა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს დაზარალებულის ჩვენების ობიექტურობას და არც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს, ვინაიდან ვიზუალურად ხილული და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული დაზიანების არსებობა არ არის განმსაზღვრელი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის. საკმარისია ტკივილის განცდის ფაქტის დადასტურება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაადასტურა დაზარალებულმა. ალოგიკურია დაცვის მხარის პოზიცია იმ საკითხზე, რომ თუნდაც ფეხის მოხვედრის შემთხვევაში, თუ ჯერ ს. ყ-ს მოხვდა ფეხი (მისივე განმარტების შესაბამისად), მოქნევის ძალა დაიკლებდა და ზ. გ-ს არ მოხვდებოდა ისეთი სიძლიერით, რომ ტკივილი გამოეწვია. მოწმეებმა - მ. კ-მ და ი. ხ-მ აღნიშნეს, რომ ზ. გ-ი ჩაიკუზა, ხოლო მ. კ-ს განუმარტა, რომ მუცელში წიხლი ჩაარტყეს.
14. მსჯავრდებულ დ. ყ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებულ ზ. გ-ის ჩვენების გარდა, მუქარის ფაქტზე მიუთითეს მოწმეებმა - ს. ყ-მა, მ. კ-მ და ი. ხ-მ. გარდა ამისა, მოწმეებმა - მ. თ-მა და გ. თ-მ დაადასტურეს იარაღის დემონსტრირების ფაქტი. დაცვის მხარის პოზიცია, რომ დ. ყ-ს არ მიუშვერია იარაღი ზ. გ-სკენ და ზემოთ ჰქონდა აღმართული, არ შეესაბამება მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს. მოწმეთა უმრავლესობა პირდაპირ მიუთითებს ზ. გ-ის მიმართულებით იარაღის მიშვერაზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. თ-ს არ განუმარტავს მუქარის შემცველი სიტყვების გაგონება, მან აღნიშნა, რომ იარაღის მიშვერა ზ. გ-ის მიმართულებით (და არა მაღლა, ან არა დასაყრდნობად), არ აღუქვამს საპირველაპრილო ხუმრობად და ჩათვალა მუქარად. გარდა აღნიშნული მოწმის ჩვენებისა, მოწმეებმა - მ. კ-მ, ი. ხ-მ, ს. ყ-მა აღნიშნეს, რომ დ. ყ-მა სიტყვიერი დაპირისპირების დროს იარაღი ამოიღო, მიუშვირა ზ. გ-ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დ. ყ-ის მიერ იარაღის მსგავსი საგნის ამოღების ფაქტი დაადასტურა მოწმე მ. თ-მა, რომელიც ასევე ესწრებოდა პარტნიორთა კრებას. მოწმის განმარტება, რომ მას იარაღი არ აღუქვამს ცეცხლსასროლ იარაღად და არც შეშინებია, არ გამორიცხავს ზ. გ-ის მხრიდან მუქარის საფუძვლიანი შიშის განცდის არსებობას. მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში, სრულად ადასტურებენ მსჯავრდებულთა დანაშაულებრივ ქმედებებს შემთხვევის დროს.
15. დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ თითქოს, დაზარალებულმა შეგნებულად დამალა და გამოძიებას არ წარუდგინა 2022 წლის 1 აპრილს პარტნიორთა კრებაზე განვითარებული მოვლენების ვიდეოჩანაწერი, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
16. დაზარალებულმა ზ. გ-მა ჩვენების მიცემისას ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ კრების მიმდინარეობა კამერებზე უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, თუმცა, როგორც შემდგომ გაარკვია, კრების დაწყებამდე კამერები შეგნებულად გამორთეს დენის წყაროდან. თავის მხრივ, მოწმე მ. კ-მ დაადასტურა, რომ ისიც და ზ. გ-ც დარწმუნებულები იყვნენ, რომ კამერები ყველაფერს იწერდა. საქმეში წარმოდგენილი კომპიუტერული ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში, 2022 წლის 1 აპრილის, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის პერიოდით დათარიღებული ვიდეოჩანაწერები არ ფიქსირდება, ასევე ბიუროს ხელთარსებული ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით, აღნიშნული პერიოდით დათარიღებული ვიდეოჩანაწერების აღდგენა/ამოღება ვერ განხორციელდა. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შეუძლებელია დაცვის მხარის არგუმენტების დადასტურებულად მიჩნევა და ჩანაწერების განადგურებაში მონაწილე პირად ავტომატურად ზ. გ-ს მიჩნევა. საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ ჩანაწერების არქონა, ავტომატურად ვერ აქცევს დაზარალებულის, სხვა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს მიკერძოებულად და არ იწვევს მათ მიერ აღწერილი გარემოებებისადმი ეჭვის აღძვრის საფუძველს. იგი ვერ გადაწონის იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც კრების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გარეშეც საკმარისია ბ. რ-სა და დ. ყ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები წარმართულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადვოკატების სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
18. რაც შეეხება მსჯავრდებულების - ბ. რ-სა და დ. ყ-სათვის შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა შეცვლის საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - ბ. რ-სა და დ. ყ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის, მსჯავრდებულ ბ. რ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ის, მსჯავრდებულ დ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე