საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.12.2025
საქმის ნომერი
2კ-898აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100123006694838

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№898აპ-25 ქ. თბილისი

ი. ე. , 898აპ-25 18 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ი–ს, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2022 წლის 10 დეკემბერს, დღისით, ქ. ბ–ში, ........ის გზატკეცილის №..-ის მიმდებარედ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ე. ი–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ. ი–ს, კერძოდ, ძლიერად გადაუგრიხა მარცხენა ხელის თითები, რის შედეგადაც, ბ. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2022 წლის 11 დეკემბერს, დილით, ქ. ბ–ში, –ს გზატკეცილის №..-ის მიმდებარედ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენებით ნასამართლევი ე. ი–ი, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ. ი–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ე. ი–ს წარედინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენით ე. ი–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დავით კირჩხელმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ე. ი–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დავით კირჩხელმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ე. ი–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულ ბ. ი–ისა და მოწმეების: გ. გ–სა და ა. გ–ს ჩვენებებით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან მიკერძიებულნი და პასუხისმგებლობას არიდებენ ბრალდებულს.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ე. ი–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ ე. ი–ის ბრალეულობის გამორკვევისას მართებულად შენიშნა, რომ დაზარალებულ ბ. ი–ის ჩვენების საპირისპიროდ, რომ 2022 წლის 10 დეკემბერს, ვალთან დაკავშირებული შელაპარაკებისას, ე. ი–მა გადაუგრიხა ხელი, ხოლო მომდევნო დღეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მოწმეებმა – ფ. ო–მა და ა. უ–მა – რომლებიც შემთხვევების დროს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, დაადასტურეს, რომ სწორედ დაზარალებული მიეჭრა ბრალდებულს და სთხოვდა ვალის დაბრუნებას, თუმცა მხარეებს შორის კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლა და ე. ი–ს ბ. ი–ისადმი არც ფიზიკურად უძალადია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია; მოწმეების – გ. გ–სა და ა. გ–ს ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის შესახებ შეტყობინების გამო გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და, რომელთა მონათხრობზეც აპელირებს ასევე კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ე. ი–ისათვის ბრალადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები – მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზით დაზარალებულის კიდურზე გამოვლენილი დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით – რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე