საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125009603724
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №845აპ-25 ქ. თბილისი
რ–ი ნ., 845აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჟ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. რ–ს ბრალად ედება: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ნ. რ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის მაისში, ნ. რ–მა, სოციალურ ქსელ „.....ს“ მეშვეობით, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირისგან, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და თ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა N..-ში ასევე უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით − 73.3116 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება. ნ. რ–ის მიერ, უკანონოდ შეძენილი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ნაწილი – 66.6592 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ (ფუძე), 2024 წლის 22 მაისს, თბილისის დ........ის პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს თ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინა N..-ში ჩატარებული ჩხრეკისას.
ü 2024 წლის მაისში, ნ. რ–მა, სოციალურ ქსელ „......ს“ მეშვეობით, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირისგან, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება, რომლის ნაწილს ინახავდა თ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინა N..-ში, ხოლო გასაღების მიზნით მის მიერ უკანონოდ შეძენილი − 60 ცალად დაფასოებული, 6.6524 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება, გასაღების მიზნით უნდა განეთავსებინა კონკრეტულ ლოკაციებზე. ამ მიზნით, 2024 წლის 22 მაისს, ნ. რ–ი მივიდა თ–ში, ......ის ქუჩის N..-ის მიმდებარედ ხ–ს ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სადაც მიიტანა მის მიერ გასაღების მიზნით შეძენილი და 60 ცალად დაფასოებული, ზემოთ მითითებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა მოქმედება შეასრულა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისთვის, იგი ვერ აღსრულდა, რადგან 2024 წლის 22 მაისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მ... სამმართველოს თანამშრომლებმა, თ–ში, ......ის ქუჩის N..-ის მიმდებარედ არსებულ ხუდადოვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც, მისგან ამოიღეს 60 ცალად დაფასოებული, შავი ფერის მწებავ ლენტში შეფუთული, გასაღებისთვის გამიზნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით − 6.6524 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენით:
ნ. რ–ი, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
გაუქმდა ნ. რ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
ნ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან − 2024 წლის 22 მაისიდან.
ნ. რ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. რ–ის ადვოკატებმა: ი. ნ–მა და ა. ა–მა. აპელანტებმა მოითხოვეს გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. რ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. რ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჟ–მ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. რ–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარის მოსაზრებით, ნ. რ–ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების განზრახვა არ ჰქონია; გასაღების ნაწილით არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ნ. რ–ის ბრალეულობას; სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას, რაც განპირობებული იყო მხოლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინით; ბრალდებულის აღიარების მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების კვალი არ აღმოჩნდა ელექტროსასწორზე, რომლის მეშვეობითაც, თითქოსდა იგი ნარკოტიკებს აფასოებდა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე მოსაზრებას, რომ ნ. რ–ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების განზრახვა არ ჰქონია და რომ ამ ნაწილით არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების ნაწილში არ ემყარება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებას, არამედ, საქმეში წარმოდგენილია სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების – გ. თ–ს, ხ. ვ–ს, ა. ს–ს, თ. მ–ს და ლ. ხ–ს გამოკითხვის ოქმები; ნ. რ–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერები; ნ. რ–ის დაკავების ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის N........ დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. რ–ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხილ მსჯავრდებაში.
10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებული სრულად აღიარებდა წარდგენილ ბრალს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, ხოლო მას შემდეგ რაც მხარეებს შორის ვერ შედგა საპროცესო შეთანხმება, ბრალდებულს ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს, არც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ბრალის აღიარების იძულებაზე ან/და საგამოძიებო მოქმედებების კანონდარღვევით ჩატარებაზე განუცხადებია და მხოლოდ მწუხარება გამოთქვა საპროცესო შეთანხმების მიუღწევლობის გამო. მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი პოზიცია დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით გამომდინარეობდა ბრალდების მხრიდან საპროცესო შეთანხმების შეპირებით და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება არ ჩაუდენია.
11. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, მიმოიხილავს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, თუ რამდენად საკმარისია ისინი, ბრალდების სადავო ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
12. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ......ის მთავარი სამმართველოს დეტექტივის, მოწმე თ. მ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2024 წლის 22 მაისს, თ–ში, ......ის ქუჩის N..-ის მიმდებარედ, ხ–ს ტყეში, თარჯიმნის მეშვეობით ჩაატარეს ნ. რ–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც, მისგან ამოიღეს ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 60 შეკვრად დაფასოებული, შავი ფერის წებოვან ლენტში გახვეული, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება, რომელთა საერთო რაოდენობამ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა − 6.6524 გრამი ,,მეთადონი“ (ფუძე). ზურგჩანთაში ასევე მოთავსებული იყო ბრალდებულის პირადი ნივთები, ხოლო ნ. რ–ის ტანთმოსილი შავი ფერის ნაჭრის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს მისი კუთვნილი ,,IPHONE 13 PRO MAX’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი.
13. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულია ჩხრეკაში მონაწილე პირების, ასევე, ბრალდებულის ხელმოწერით, რომელსაც შენიშვნა ან პრეტენზია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებასთან დაკავშირებით არც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და არც საქმის სასამართლო განხილვისას არ განუცხადებია. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემაზე ნ. რ–ის თანხმობით.
14. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნ. რ–ი ადგილზევე დააკავეს.
15. მოწმე თამაზ მაროიანმა დაადასტურა ნ. რ–ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორეც, საიდანაც ამოიღეს 1 ცალი პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული მოთეთრო ფერის მასით; 1 ცალი პოლიეთილენის ჭიქა, მასში არსებული მოთეთრო ფხვიერი მასით და 1 ცალი პოლიეთილენის კოვზით, პოლიეთილენის ჭიქაზე წამოცმული პოლიეთილენის პაკეტით; 1 ცალი პოლიეთილენის ჭიქა, მასში არსებული მოთეთრო ფხვიერი მასით და პოლიეთილენის ჭიქაზე წამოცმული პოლიეთილენის პაკეტით; ჩხრეკისას ასევე, ამოიღეს ლეპტოპი და მცირე ზომის ელექტრო სასწორი. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრემ და ჩხრეკაში მონაწილე მოწმე ხ. ვ–ამაც, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა ნ. რ–ზე.
16. ამდენად, მოწმე პოლიციელის, თ. მ–ს მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, ნ. რ–ის პირადი ჩხრეკის, მისი დაკავებისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებში მითითებულ ინფორმაციას.
17. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. რ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, 60 (სამოც) ცალად დაფასოებულ, შავი ფერის საიზოლაციო ლენტის ნაჭრებში გადახვეული პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტებში არსებული, მოთეთრო ფერის კრისტალური ნივთიერება, საერთო წონით − 9.21 გრამი, შეიცავს 6.6524 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ (ფუძე).
18. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ. რ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობა (6.6524 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონის“ (ფუძე)), შეფუთვის მდგომარეობა (60 ცალ პაკეტად დაფასოებული), ნარკოტიკული საშუალების ერთი და იგივე სახეობა, ასევე – ნ. რ–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალებისა (66.6592 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ (ფუძე)) და მცირე ზომის ელექტრო სასწორის ამოღება, აგრეთვე, ნარკოლოგიური შემოწმების №701414 დასკვნით დადგენილი ის გარემოება, რომ ნ. რ–ი არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნ. რ–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის მოტივსა და მიუთითებს მსჯავრდებულის განზრახვაზე, რომ მოეხდინა მათი შემდგომი რეალიზაცია, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქტიური, ქმედითი ნაბიჯების გამო, ბოლომდე ვერ აღსრულდა და აღკვეთილ იქნა დანაშაულის მომზადების სტადიაზე.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე