საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100123007116658
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№864აპ-25 ქ. თბილისი
ჭ. გ., 864აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენზე ამბროლაურის რაიონული პროკურორის – ზურაბ ლორიას, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჭ–ას, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას – ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2022 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით, 17:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში, ბლოკის ყოფილი საამქროს მიმდებარედ, გ. ჭ–ამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, წარსულში განაწყენების ნიადაგზე, ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეებში, ხელები და ფეხები ურტყეს გ. ჯ–ეს, შედეგად, გ. ჯ–ემ სახისა და სხეულის სხვადასხვა არეებში მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. გ. ჭ–ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განაჩენით გ. ჭ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მერაბ ტყეშელაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლასა და გ. ჭ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონულმა პროკურორმა – ზურაბ ლორიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ჭ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გარდა დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ გ. ჯ–ეს სხეულზე ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწმე ო. ქ–ის ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ მის ძმას სწორედ გ. ჭ–ამ სცემა. შესაბამისად, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობით დაადასტურა გ. ჭ–ას ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ჭ–ას მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
10. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს გ. ჯ–ეს ნამდვილად დაესვა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედების შედეგად, რაც, იზოლირებულად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
11. დაზარალებულის დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებით კი, მხარეების ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების კვალდაკვალ, მეტად მნიშვნელოვანია იმ მოწმეების ჩვენებების შეფასება, რომლებმაც გ. ჭ–ას ბრალეულობის საკითხის გამორკვევისას, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.
12. დაზარალებულ გ. ჯ–ის მითითებით, შემთხვევის დღეს, როდესაც ძმასთან ერთად ბრუნდებოდა მდინარიდან, თანმხლებ პირთან ერთად სასტიკად სცემა გ. ჭ–ამ. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მასზე თავდასხმის თვითმხილველია მხოლოდ მისი ძმა – ო. ქ–ე, რომლის განმარტებით, ძმასთან ერთად ბრუნდებოდა, როდესაც, მიუახლოვდათ გ. ჭ–ა, მის ძმას ჰკითხა, გ. ჯ–ე შენ არ ხარო? ამის შემდეგ კი დაარტყა, მაშინ, როდესაც გ. ჯ–ის მითითებით, გ. ჭ–ამ მიახლოებისას უსიტყვოდ მოუჭირა ხელი კისერში და მას შემდეგ დაუწყო ცემა, რაც შეეკითხა, თუ რას ერჩოდნენ. ხაზგასასმელია, რომ ო. ქ–ემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ თავდასხმისას გ. ჭ–ას თან ახლდა ორი პირი და არა – ერთი, როგორც ამას თავად დაზარალებული გ. ჯ–ე ამტკიცებს. ო. ქ–ის თქმით, ვინც პირველად დაარტყა მის ძმას, ის ჩხუბში აღარ ჩარეულა, დანარჩენი ორი კი დაედევნა გაქცეულს, წააქციეს და სცემეს. ო. ქ–ისვე მითითებით, მოჩხუბრებს თავად აშველებდა, მაშინ, როდესაც გ. ჯ–ის განმარტებით, მისი ძმა მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებით შემოიფარგლა. ო. ქ–ის ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე, არც უნდოდა, რომ მისი ძმა ჩხუბში ჩარეულიყო. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან“ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ო. ქ–ე 2003 წლიდან მკურნალობდა პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით და პერიოდულად ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის, 2022 წლის აპრილიდან ივნისამდე, იყო ჰოსპიტალიზებული.
13. სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლებზეც ასევე აპელირებს ბრალდების მხარე, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მეუღლის – ა. გ–სა და შვილების – ნ. და ლ. ჯ–ების ჩვენებები, რომლებმაც შემთხვევიდან მოგვიანებით ნახეს, თუ რა მდგომარეობაში იყო გ. ჯ–ე, ისევე, როგორც – ნ. ლ–ს მონათხრობი, რომელმაც პირველადი დახმარება აღმოუჩინა მას, დაზარალებულის დაზიანებების წარმომავლობასთან და, შესაბამისად, გ. ჭ–ას ბრალეულობასთან მიმართებით, ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
14. ამავდროულად, დაზარალებულის მტკიცების საპირისპიროდ, რომ თანამზრახველთან ერთად, გამეტებით სცემა გ. ჭ–ამ, შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მყოფმა: ნ. ს–მ, ი. ჭ–მ, თ. გ–მა და კ. ბ–მ, სასამართლოში მოწმეების სახით დაკითხვისას, ცალსახად დაადასტურეს, რომ გ. ჭ–ა და გ. ჯ–ე მხოლოდ სიტყვიერად შელაპარაკდნენ, დაზარალებული გაიქცა, ქვას წამოჰკრა ფეხი და დაეცა. მათი ჩვენებების მიხედვით, გ. ჭ–ა ფიზიკურად არ დაპირისპირებია გ. ჯ–ეს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, გაქცევის დროს თავად წაიქცა. მოწმე კ. ლ–ს შეფასებით კი, რომლის ეზოშიც აღმოუჩინეს დახმარება დაზარალებულს, სასწრაფო დახმარების ექიმებთან კომუნიკაციისას, გ. ჯ–ე ცდილობდა, გადაჭარბებულად წარმოეჩინა თავისი მდგომარეობის სიმძიმე.
15. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს, გ. ჯ–ის დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებით, გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა გ. ჭ–ას სასარგებლოდ.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ამბროლაურის რაიონული პროკურორის – ზურაბ ლორიას, საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე