დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007313466
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №422აპ-25 ქ. თბილისი
ო. ვ., 422აპ-25 26 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - სალომე ჩიქობავას
ადვოკატ - დ. ბ.
მსჯავრდებულ - ვ. ო-ს
თარჯიმან – ლ. ხ.
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის განაჩენით, ვ. ო. (V. O.), – დაბადებული ... დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საკუთრებაში არსებული ქონება: ...
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის ბოლოს, რ-ს ფედერაციის მოქალაქე ვ. ო., მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ პირებთან ერთად, შექმნა და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო, საინვესტიციო, თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა „..., რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებდა ფინანსური პირამიდის პრინციპით და აგრესიული მარკეტინგის მეშვეობით, რომლისთვისაც დაქირავებული ჰყავდა „პრომოუტერების ჯგუფი“ და ინვესტორებს მოგების მიღების ნაცვლად, რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, ყალბი დაპირებების გზით მოზიდული, ახალი ინვესტორების სახსრებიდან სთავაზობდა. თაღლითური სქემის ოპერირების შედეგად, 2020-2022 წლებში „...” დამფუძნებლებმა პლატფორმაზე, დაახლოებით, 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც, თანხის მნიშვნელოვან ნაწილს პირამიდულ სქემაში მათზე ხელოვნურად, წინასწარ განაწილებულ, მაღალ პოზიციებზე დარიცხული პროცენტების გზით დაეუფლნენ და, აღნიშნულით, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენეს პირამიდის დაბალ საფეხურზე მყოფ და მომდევნო ეტაპზე ჩართულ ინვესტორებს. მოცემულ ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალურმა განყოფილებამ ვ. ო. და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ ჯგუფის წევრებს, ბრალდება წარუდგინა ორეგონის საოლქო სასამართლოში (პორტლენდი) კომპიუტერული თაღლითობისთვის. ვ. ო., რომელიც თაღლითურ პლატფორმა „...” საქართველოდან მართავდა და ხელმძღვანელობდა, თანხების მოტყუებით დაუფლების პარალელურად, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოპოვებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა და ამ მიზნით, საქართველოში მოქმედი კომერციული საბანკო დაწესებულებების გამოყენებით, მათი ფულად-საკრედიტო სისტემაში განთავსება. განზრახვის აღსასრულებლად, ვ. ო. უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის წყაროს დასამალად და შესანიღბად, პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, ეკონომიკური შინაარსის დანიშნულებების გარეშე, განათავსა უკანონო და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული – 1 128 332 აშშ დოლარი (3 420 181,91 ლარი ეროვნულ ვალუტაში) და 70 135,60 ლარი, რის შემდგომაც, პირადი საჭიროებისამებრ განკარგა, მათ შორის, დააბანდა უძრავ და მოძრავ ქონებაში. აღნიშნული ქმედებით, ვ. ო. უკანონო და დაუსაბუთებელ შემოსავალს მისცა კანონიერი სახე, რითაც შესაძლებელი გახდა მიღებული არალეგალური შემოსავლების კანონიერად გამოყენება და ამ ქონების თავისუფლად განკარგვა და შედეგად კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. აღნიშნული ქმედებით ვ. ო. მოახდინა – 1 128 332 აშშ დოლარისა (3 420 181,91 ლარი ეროვნულ ვალუტაში) და 70 135,60 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ხ., რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლბელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ი. ნ., რომელიც ითხოვდა, ერთი მხრივ, გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ვ. ო-სათვის შეფარდებული დამატებითი სასჯელის – მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის – გაუქმებას.
6. 2025 წლის 16 დეკემბერს, მსჯავრდებულ ვ. ო-ს ადვოკატ დ. ბ. უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ ვ. ო-ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმება დადებულია ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
7. 2025 წლის 24 დეკემბერს პროკურორმა სალომე ჩიქობავამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ ვ. ო-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:
7.1. ვ. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 500 000 ლარი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას საკუთრებაში არსებული ქონება: ...
8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ, მსჯავრდებულმა ვ. ო., ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ სალომე ჩიქობავასა და მსჯავრდებულ ვ. ო. შორის უნდა დამტკიცდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: დაზარალებულ ილია თიბილაშვილისა და მოწმეების - გიორგი ბოხუას, გულივერ კონტუაძის, გიორგი მათეშვილის, ელგუჯა ქირიას, გიორგი კიკნაველიძის ჩვენებები, სამედიცინო ცნობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და საქმეში არსებული სხვა სამხილები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:
ü საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
ü საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
ü მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
ü მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ü მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
ü მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
ü საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
ü მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
ü მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
ü მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ სალომე ჩიქობავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ. ო. შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ვ. ო. (V. O.) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 500 000 ლარი;
5. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას საკუთრებაში არსებული ქონება: ...
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოსა და 2023 წლის 24 მარტის განჩინებებით, ვ. ო. სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე დადებული ყადაღა – გაუქმებულია;
7. ნივთმტკიცებები: ელექტრონული დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი