დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802225011885312
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№119I-25 2 დეკემბერი, 2025 წელი
ი–ი მ., №119I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ–(M.) ი–სის (Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ–(M.) ი–სის (Y.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
· თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: მ. ი–ს ბრალი ედება მასში, რომ 2022 წლის 3 იანვარს, მიწის ნაკვეთების განაწილებასთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს, მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა მის ბიძაშვილებს – ს. ი–ს და გ. მ. ი–ს, ასევე, აღნიშნული პირების ბიძას – ს. ი–ს და სროლა გააგრძელა დაზარალებულთა მიწაზე დაცემის შემდეგაც. მიყენებული დაზიანებების შედეგად სამივე პირი გარდაიცვალა. ამასთან, მ. ი–ის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა დაზარალებულ მ. ბ–ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
1.1. 2022 წლის 29 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქ.კაისერის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა მ. ი–ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად მას ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა (3 პირის მიმართ)), იმავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).
1.2. 2022 წლის 8 ივლისიდან მ. ი–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მ. ი–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2022 წლის 4 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ი–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.2. 2025 წლის 14 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ი–ი.
2.3. 2025 წლის 15 მაისს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ი–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2.4. 2025 წლის 20 მაისს მ. ი–მა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წინაშე გამოხატა თანხმობა თურქეთის რესპუბლიკაში მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე.
2.5. 2025 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია ცნობილ იქნა დასაშვებად.
2.6. 2025 წლის 9 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება მ. ი–ის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე უარის თქმის შესახებ.
2.7. 2025 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გაუქმდა მ. ი–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა.
2.8. ამჟამად, მ. ი–ი საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელს იხდის სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.9. 2025 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ექსტრადაცია, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია მის მიმართ ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2022 წლის 29 ივნისის და 2025 წლის 20 ივნისის შუამდგომლობებში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა (3 პირის მიმართ)), იმავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).
2.10. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი მ. ი–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. რ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2.12. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია მ. ი–ის ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2022 წლის 29 ივნისის და 2025 წლის 20 ივნისის შუამდგომლობებში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა (3 პირის მიმართ)), იმავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).
2.13. 2025 წლის 24 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით (იხ. საკასაციო საჩივრები), მისი დაცვის ქვეშ მყოფი მ. ი–ი თ–ს ქალაქ კ–ში იდევნებოდა პოლიტიკური შეხედულებების გამო, მან თ–ში ვერ მიაღწია სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე შეიარაღებულ თავდასხმას, მათ შორის ბოლოს 2021 წლის აპრილის თვეში, რა დროსაც მის ბიძაშვილს ჰქონდა მისი მოკვლის მცდელობა, თუმცა მას აღკვეთის ღონისძიებაც კი არ შეფარდებია. თ–ს ქალაქ კ–ში მოქმედებს შეიარაღებული მაფიოზური დაჯგუფება, რომელსაც მეთაურობს მ. თ–ი, რის თაობაზეც სასამართლოს მიაწოდეს ელექტრონული პუბლიკაციის მასალა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, 2022 წლის იანვარში გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მოითხოვა თავშესაფარი, ვინაიდან ვერ ერკვეოდა საქართველოს კანონმდებლობაში. საქართველოს პროკურატურას, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს არ გამოუთხოვია სათანადო გარანტიები თურქეთის რესპუბლიკიდან, იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იქნება უზრუნველყოფილი დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამასთან, წარმოდგენილი არ არის დამატებითი მტკიცებულებები, რაც გამოძიების გამჭირვალობას დაადასტურებდა. საგულისხმოა, ასევე შეფასდეს ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით თურქეთში არსებული მდგომარება. ამდენად, დაცვის მხარის პოზიციით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ი–ი არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა მ. ი–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. პროკურორის მითითებით, დამატებითი ინფორმაცია ვერ იქნება გამოთხოვილი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი მ. ი–ი 2025 წლის 14 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ. ი–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
8. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ორი ან ორზე მეტი პირისა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.
9. ამდენად, მოცემულ საქმეში მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
10. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
11. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
12. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება მ. ი–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა – ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ოცდაათი წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა 2022 წლის 29 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კაისერის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლომ გამოსცა მ. ი–ის დაკავების ბრძანება განზრახ მკვლელობის (სამი პირის მიმართ) და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 8 ივლისიდან მ. ი–ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. ასევე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ. ი–ი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს მ. ი–ის უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მ. ი–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მისი უფლებების დარღვევის „აშკარა“ ეჭვს წარმოშობდა. საგულისხმოა, ისიც, რომ დაცვის მხარე არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე ან გარემოებებზე, რამაც შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას მ. ი–ის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მიუთითებს მხოლოდ გარკვეულ პირთა ჯგუფზე, თუმცა გაურკვეველია ვის გულისხმობს მათში. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
17. გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
18. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. ი–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის საკმარისი მტკიცებულებები მ. ი–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
22. მ. ი–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
23. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში მ. ი–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
25. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ მ. ი–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
26. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მ. ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
27. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ–(M.) ი–სის (Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე