საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100122005822834
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№768აპ-25 ქ. თბილისი
ი. ი., 768აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. -ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – ი. ი-მ, 2022 წლის 7 მარტს, ნამდვილად შეიტყო რა, ინფორმატიკის მასწავლებლის – ქ. ს-ს მიერ ამავე სკოლის მოსწავლეების – ა. პ-ს, ა. პ-ს, დ. შ-სა და ს. ს-ს მიმართ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის – გარყვნილი ქმედების – ჩადენის თაობაზე, რაც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
2. ი. ი-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით ი. ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების – მოწმეების: ნ. ზ-ს, ი. ა-ს, ა. შ-ს, ლ. შ-ს, მ. ო-ს, ნ. პ-ს, ნ. წ-ს, ლ. ყ-ს, მ. ჯ-ს, რ. ხ-ს, დ. ბ-ს, ს. ს-ს, ა. პ-ს, ა. პ-ს, ს. ბ-ს, მ. მ-ს, ე. ქ-ს, მ. ბ-ს, ბ. ქ-ს, ე. თ-ს, ლ. კ-ს, გ. გ-ს, თ. ხ-ს ჩვენებების/გამოკითხვის ოქმების – ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სამხილების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ი. ი-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები კი, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე