საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.02.2026
საქმის ნომერი
2კ-941აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008972967

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №941აპ-25 ქ. თბილისი

ტ. ა. 941აპ-25 23 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. ტ–ს, – პირადი ნომრით: .........., – ბრალად ედებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და მოხმარება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა. ტ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 13 ნოემბერს, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩის N...-ში მდებარე N.. პენიტენციური დაწესებულების მე-..სარეჟიმო კორპუსის N.. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ა. ტ–მა მოიხმარა აკრძალული საგანი - ალკოჰოლური ნივთიერება და იმყოფებოდა მსუბუქი თრობის ქვეშ. ზემოაღნიშნულ საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებისას, აღმოჩენილ იქნა აკრძალული საგანი, ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა მსჯავრდებული ა. ტ–ი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით:

2.1. ა. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განაჩენით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე 75 დღით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 2 თვისა და 27 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით, 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. მსჯავრდებულ ა. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის მიღებიდან - 2025 წლის 20 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ა. ტ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ტ–მ:

3.1. მსჯავრდებული ა. ტ–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელთა შეკრების ნაცვლად, შთანთქმის წესით განსაზღვრას (წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა ნაწილობრივ შთანთქას ახლადდანიშნული სასჯელი) ან/და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობითად ჩათვლას;

3.2. ადვოკატი ზ. ტ–ე ითხოვდა ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში ა. ტ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ტ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ტ–მა, რომელიც ითხოვს საბოლოო სასჯელის შთანთქმის წესით განსაზღვრას, ნაცვლად სასჯელთა შეკრებისა. კერძოდ, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ შთანთქმას.

5.1. კასატორი ასევე უთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – არის შეუსაბამო, მკაცრი. არ არის გათვალისწინებული გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და დანაშაულის აღიარება. კასატორის აზრით, არასწორია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული მსჯელობა დანაშაულზე წასწრების შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება ე.წ. „ბრაგას“ მოხმარების ფაქტი, რის გამოც, დანაშაულზე წასწრებას ადგილი არ ჰქონია, დანაშაული იყო დასრულებული. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.

5.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო როგორც მისი, ასევე ადვოკატის სააპელაციო საჩივარი. ორივე საჩივარი იყო განსხვავებული მოთხოვნით და სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე ისე განიხილა საქმე, რომ მსჯავრდებულთან არ დაუზუსტებია რომელი საჩივრის განხილვა სურდა მას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ა. ტ–მა მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

7.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ა. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

9. საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

10. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

11. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს.

12. გასაჩივრებული განაჩენით ა. ტ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის აღიარების, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით და იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, ა. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით, (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს), შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

13. კასატორის მოთხოვნაზე, რომ საბოლოო სასჯელი მას სასჯელთა შთანთქმის პრინციპით უნდა განსაზღვროდა, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

13.1. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი, განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, არ ითვალისწინებს პირველი განაჩენით დადგენილი სასჯელის მიერ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის შთანთქმას. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში (კასატორი ითხოვს წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სრულად/ნაწილობრივ შთანთქმას) კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრისთვის სავალდებულოა კუმულაციურად შემდეგი პირობების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან.

14.1. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა ა. ტ–ისათვის დანაშაულზე წასწრება, რადგან მას ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“ უკვე მიღებული ჰქონდა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ა. ტ–ი გარდა იმისა, რომ ალკოჰოლური სასმელის, ე.წ. „ბრაგას“ მიღების გამო იმყოფებოდა მსუბუქი თრობის ქვეშ (იხ.: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნა ტ.1, ს.ფ. 38-49), N.. პენიტენციური დაწესებულების მე-.. სარეჟიმო კორპუსის N.. საკანში უკანონოდ ინახავდა ასევე აკრძალულ საგანს - ალკოჰოლურ სასმელს ე.წ. „ბრაგას“ (სპეციფიკური სუნის მქონე მოყვითალო ფერის სითხეს, გამჭირვალე ორ ლიტრიან ბოთლში (იხ.: N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მოადგილის რ. ფ–ს შეტყობინება; ოქმი - ტ.1, ს.ფ.2-3), რაც ქიმიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ სპირტშემცვლელ სითხეს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 26-32)), რაც საკანში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების დროს იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. ამასთან, ა. ტ–ს მსჯავრად აქვს შერაცხილი აკრძალული საგნის როგორც შენახვა, ასევე – მოხმარება. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

15. მსჯავრდებულ ა. ტ–ის განმარტებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო ორი სააპელაციო საჩივარი, განსხვავებული მოთხოვნებით და სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პირობებში მსჯავრდებულთან არ დააზუსტა რომელი საჩივრის განხილვა სურდა, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ საჩივრების შეტანიდან განხილვამდე დროის პერიოდში ა. ტ–ს არ მიუმართავს სასამართლოსათვის რომელიმე საჩივრის განუხილველად დატოვების ან/და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის აცილების და მისი პოზიციის გაუზიარებლობის მოთხოვნით. მეორე მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც მსჯავრდებულ ა. ტ–ის, ასევე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო ა. ტ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება. ა. ტ–ი საააპელაციო საჩივარში უთითებდა სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კონკრეტულ საფუძლებსა და არგუმენტაციაზე (საბოლოო სასჯელის შთანთქმის წესით დანიშვნა ან/და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება), ხოლო ადვოკატი ზ. ტ–ე უთითებდა ა. ტ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებაზე ზოგადად, მსჯავრდებულის აღიარებისა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის საფუძველზე.

15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნამსჯელია ორივე სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნებზე. შესაბამისად, ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ხოლო, განაჩენი უკანონოდ ითვლება მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას“ (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის განჩინება N 987აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25; 2025 წლის 8 ოქტომბრის N631აპ-25, 2025 წლის 26 სექტემბრის N 411 აპ-25).

16.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009).

19. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ტ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე