საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.02.2026
საქმის ნომერი
2კ-1139აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124009143155

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1139აპ-25 ქ. თბილისი

პ-ნი ს, 1139აპ-25 25 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ ს. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ს. პ-ნი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 26 იანვრიდან

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. პ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2024 წლის 25 იანვარს, 17:00-18:00 საათებში, თ-ში, ა-ის ქუჩის N..-ის და მ-ის ქუჩის N...-ის მიმდებარედ, ს. პ-მა, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ნ. ა-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში მის ხელთ არსებული მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ნ. ა-ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა მიყენებული დაზიანებების შედეგად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. პ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა. მ-ისა და აწ გარდაცვლილი ნ. ა-ის დის - ო. ა-ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე ი. ს-ისა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ს. პ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორები ხდიან სადავოდ.

7. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ს. პ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - მის შემსუბუქებას.

8. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

10. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, რომლითაც ს. პ-ს მსჯავრი დაედო სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რაზე დაყრდნობითაც არ გაიზიარა ბრალდებისა მხარის პოზიცია და სასამართლომ უცვლელად დატოვა ს. პ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

13. ადვოკატის პოზიციის საპირისპიროდ კი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (პირველადაა სამართალში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული) განესაზღვრა ს. პ-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და არა - უფრო მეტი ვადით. ამასთან, უფრო ლმობიერი სასჯელის გამოყენება გაუმართლებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული (მკვლელობა) ჩადენილია დღის საათებში, საჯარო სივრცეში - საზოგადოების აქტიური მიმოსვლის ადგილას, უამრავი ადამიანის თვალწინ და მსხვერპლს სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული აქვს არა ერთი, არამედ რამდენიმე ჭრილობა, რაც წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას; იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამდენად, ს. პ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კანონიერი და სამართლიანი სასჯელი აქვს განსაზღვრული, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ ს. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე