საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.02.2026
საქმის ნომერი
2კ-851აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124009702691

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №851აპ-25 ქ. თბილისი

ა-ე ე. 851აპ-25 25 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ა-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2024 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ე. ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ე. ა-მ ჯ. გ-ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ექვსჯერ დაარტყა დანის მსგავსი საგანი ზურგის, მხრებისა და კისრის არეში. ე. ა-ს ქმედებით ჯ. გ-მ ზურგის, მხრების და კისრის არეში ნაკვეთი და შემავალი ჭრილობების სახით მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის განაჩენით:

2.1. ი. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ე. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გამართლებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიკა ტყაბლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენის გაუქმება, ე. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ ე. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ე. ა-ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ა-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

7. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული დეტალები, ასევე ვერ დგინდება ის პირი, რომელმაც ჯ. გ-ს მიაყენა დაზიანებები, თვითმხილველი მოწმეები ვერ იხსენებენ ან არ დაუნახავთ პიროვნება ვინც დაჭრა ჯ. გ-ე. თავად დაზარალებულმა მკაფიოდ და კონკრეტულად აღნიშნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავის ჩვენებაში, რომ დაინახა პიროვნება, ვინც დანა დაარტყა, „აღნიშნული პიროვნების ამოცნობა შეუძლია და ის ე. ა-ე არ ყოფილა. ჩხუბის დროს დანა ვინც დაარტყა, დაინახა, ვინაიდან ხერხემალში დანის დარტყმის დროს ძლიერი ტკივილი იგრძნო, როდესაც მისკენ მიიხედა თავდამსხმელს დანა ისევ ხელში ეჭირა და თავადაც გადავიდა შეტევაზე. მხოლოდ ერთი დარტყმა იგრძნო, სხვა დარტყმები არ გაუგია. ზურგში სულ შვიდი ჭრილობა ჰქონდა. დანა მისთვის ე. ა-ს არ დაურტყამს. ვინც მას დანა დაარტყა, დაბალი და შავგვრემანი იყო, მისი სახე ახსოვს, მაგრამ ნაკვთების აღწერა არ შეუძლია.“ მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული დარწმუნებით ამბობს, რომ მან დაინახა პიროვნება ვინც დაარტყა დანა, აღწერს მისი გარეგნობის ძირითად მახასიათებლებს და დარწმუნებით ამბობს, რომ ეს პიროვნება ე. ა-ე არ იყო.

8. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან უნდა გაზიარებულიყო ბ. ჯ-ს, ბ. ს-სა და ლ. ს-ის გამოკითხვის ოქმები და არა - სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები, რადგან მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი იყო. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებაზე. ამ საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მასზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ ყველა მოწმე ამბობდა, რომ ე. ა-ის მიერ დანით დაჭრის ფაქტი არ დაუნახავთ. უფრო კონკრეტულად კი მოწმე ბ. ჯ-ე აღნიშნავდა, რომ „ჯ. გ-ე ვინ დაჭრა არ დაუნახავს, არც არავის ხელში დაუნახავს რაიმე იარაღი, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგონა. შემთხვევის ადგილზე ე. ა-ე არ დაუნახავს.“ მოწმე ბ. ს-მ განმარტა, რომ „2024 წლის 21 აპრილს ე. ა-ს დანა არავისთვის დაურტყამს, მის ხელში დანა არ დაუნახავს, არც სხვა ვინმესთვის შეუმჩნევია. ჩხუბობდნენ ეზოს ბნელ უბანში, ჩხუბის დროს თვითონ და ე. ა-ე იყვნენ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით და მათ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ.“ ლ. ს-აც იმავე გარემოებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეზოში უბნელები და გამვლელები იყვნენ შეკრებილი, ბევრი ხალხი იყო. ე-ს ხელში არც იმ დღეს და არც არასდროს დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავს. მოწმე ბ. კ-მა აღნიშნა, რომ ჯ. გ-ე ვინ დაჭრა არ დაუნახავს, არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. ასევე მოწმე გ. გ-ე თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ სიბნელე იყო და არც დანა და არც ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუნახავს. რაც მისთვის ტელეფონის სროლის ფაქტი არ დაუნახავს. რაც შეეხება დაზარალებულ ჯ. გ-ს ჩვენებას, დაზარალებული თავადაც აღნიშნავს, რომ დანა მისთვის ე. ა-ს არ დაურტყამს. ვინც მას დანა დაარტყა დაბალი და შავგვრემანი იყო, მისი სახე ახსოვს, მაგრამ ნაკვთების აღწერა არ შეუძლია. ე. ა-ს შეხვდა ბარში და ასევე მის სახლთან მისულიც დაინახა, იქ ნამდვილად იყო, მაგრამ მას დანა არ დაურტყამს. შესაბამისად ყველა თვითხილველი მოწმე ერთიდაიმავე გარემოებას აღწერს და აზუსტებენ, რომ ე. ა-ს ხელში არც დანა დაუნახავთ და მით უმეტეს, არც დაზარალებულისთვის დანის დარტყმის მომენტი, მხოლოდ დაზარალებული აღნიშნავს, რომ მან დაინახა პიროვნება ვინც დანა დაარტყა მაგრამ ის ე. ა-ე არ იყო.

10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. ,,უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-77).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

14. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ტყაბლაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე