საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125011526190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N822აპ-25 2 თებერვალი, 2026 წელი
ვ–ე გ., №822აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ვ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 349-ე მუხლით (საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შექმნილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიწვეულ იქნა გ. ვ–ე, რომელსაც მიწვევის თაობაზე ინფორმირების მიზნით გაეგზავნა თავმჯდომარის ხელმოწერით შედგენილი შესაბამისი დოკუმენტი. მასვე, განემარტა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. გ. ვ–ისათვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობის თაობაზე და გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის სხდომაზე გ. ვ–ე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით, გ. ვ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ბ–მ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 8 სექტემბერს, მსჯავრდებულ გ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ბ–მ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. ვ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რის გამოც, გ. ვ–ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის წარმოების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რადგან ნორმათა შორის წინააღმდეგობისას გამოიყენება უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ აქტი. საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპის თანახმად კი, თუ რაიმე ქმედება ისჯება სხვადასხვა ნორმით გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმა, რომელიც უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს. ამასთან, ქმედების სისხლისამართლებრივი წესით დასჯადობის შემთხევვაშიც კი, სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი გადაწყვეტილება (მოთხოვნა) გ. ვ–ის კომისიის სხდომაზე დაბარების თაობაზე. კომისიის თავმჯდომარის წერილი, კი ვერ იქნება მიჩნეული კომისიის კანონიერ გადაწყვეტილებად. ამასთან, გ. ვ–ეს აღნიშნული წერილი არ ჩაბარებია. მის მობილურ ტელეფონზე მიღებულ შეტყობინებას იგი არ გაცნობია. მის სოციალურ ქსელ „....“-ში გამოქვეყნებული პოსტი კი, ეძღვნებოდა ტელეკამპანია „......“-ის მიერ სატელეფონო ზარით დასმულ შეკითხვას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების დასტურად. დაცვის მხარეს ცალკე შეფასების საკითხად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერება, რადგან მასში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. სასამართლოში საქმის განხილვისას, დაირღვა გ. ვ–ის დაცვის უფლება, რადგან დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება სასამართლოში მოწმედ გამოეძახებინა საქმისათვის უმნიშვნელოვანესი პირები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენისა და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და გ. ვ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. ვ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ვ–ის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლისა და 2025 წლის 1 აპრილის დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის N.. სხდომის ოქმით, 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის N...... წერილით, საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 24 აპრილის N........ წერილით, დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერით, ......ს ცნობებით, კომისიის სამდივნოს წარმომადგენელ ნ. ჭ–ს 2025 წლის 11 აპრილის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი ინფორმაციით (ე.წ. „სქრინშოტებით“), 2025 წლის 17 აპრილის დათვალიერების ოქმით (გ. ვ–ის სოციალურ ქსელი „.........“), საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის – თ. წ–ს 2025 წლის 11 აპრილს N1765/1-3/25 მომართვაზე დართული ელექტრონული დისკებით, მოწმეების – ნ. ჭ–ის, დ. ხ–ისა და მ. ყ-ს ჩვენებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება გ. ვ–ის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
5.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ვ–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
5.5. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რის გამოც, გ. ვ–ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის წარმოების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს – არ უნდა იქნეს გაზიარებული. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენენ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
5.6. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით (1995 წლის 7 მარტის კანონი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) – ქმედება დანაშაულად გამოცხადდა.
5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტებიდან რომელი უნდა იქნეს გამოყენებული, რაც ვერ იქნება გაიგივებული ნორმათა კოლიზიასთან. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტების იერარქიის გათვალისწინებითა და ორაგანული კანონის იმპერატიული დანაწესით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო გვიან გამოცემულ საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს.
5.8. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ნორმათა კოლიზიის შემთხვევაშიც კი, სამართლის ნორმათა „სისტემური განმარტების თანახმად, „თუ კოლიზიური ნორმები სპეციალურია და ამავე დროს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, მაშინ გვიან გამოცემულ ნორმას უპირატესობა ენიჭება ადრე გამოცემული ნორმის მიმართ: Lex posterior derogate legi priori. გვიან გამოცემული სამართლის ნორმა უფრო ზუსტად ასახავს კანონმდებლის ნებას. კანონი ჩვეულებრივ, პირდაპირ უთითებს მანამდე მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. თუ მსგავსი მითითითება კანონის ტექსტში უშუალოდ არ გვხვდება მაშინ მოქმედებს წესი – Lex posterior derogate legi priori“ (იხ. სამართლის თეორია. გ.ხუბუა, თავი XVIII, სამართლის ნორმათა განმარტება).
5.9. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
5.10. კასატორს სადავო გარემოებად მიაჩნია გ. ვ–ის 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის N........ წერილით, კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის ნ. ჭ–ის მიერ 2025 წლის 11 აპრილს შედგენილი ოქმითა და მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებული შეტყობინებებით, გ. ვ–ის სოციალური ქსელ ,,..........“-ის დათვალიერებით დადგენილი ფაქტებით (კერძოდ, მისი 2025 წლის 10 აპრილის 3:15PM პოსტით) ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ გ. ვ–ისთვის ცნობილი იყო 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მისი დაბარების თაობაზე, თუმცა იგი არ გამოცხადდა სხდომაზე, რითაც არ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა.
5.11. რაც შეეხება კასატორის პოზოციას, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს არსებითად დაირღვა გ. ვ–ის დაცვის უფლება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნაწილი ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად. აღნიშნული საოქმო განჩინება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა უცვლელი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.
5.13. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საბოლოო ინსტანციაა. ამასთან, სასამართლოს უარი მტკიცებულებათა დაუშვებლობის ნაწილში არგუმენტირებული და დასაბუთებულია. შესაბამისად, ვერც აღნიშნული საკითხი გახდება საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე