საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №831აპ-25 10 თებერვალი, 2026 წელი
ე. ვ., №831აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის – მაია გუგეშაშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ე–ეს ბრალად ედებოდა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
1.2. ვ. ე–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 25 ივნისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე ვ. ე–ის კუთვნილი სამშენებლო ბლოკების მწარმოებელ საამქროში მომუშავე გ. ვ–ი ბეტონის საზელი დანადგარის გასაწმენდად ჩასული იყო დანადგარის ე.წ. „ჯამში“ და რკინის უროს საშუალებით წმენდდა მას ისე, რომ აღნიშნული დანადგარი გათიშული იყო მხოლოდ ღილაკით და არა – ელექტროქსელიდან ცენტრალური ამომრთველით. გ. ვ–მა გადმოაგდო რკინის ურო, რითაც ასრულებდა დასუფთავების სამუშაოს, რომელიც დაეცა ბეტონის საზელი დანადგარის გვერდით დამონტაჟებულ ჩამრთველ-ამომრთველი ფარის პროფილირებული თუნუქით გადაფარებულ ზედაპირს, რის გამოც, ჩაირთო ბეტონის საზელი დანადგარი და ჩაითრია გ. ვ–ი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ე–ის მიერ დაირღვა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესები, ვინაიდან გ. ვ–ს არ ჩასტარებია ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. ამასთან, ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულებისას ვ. ე–ემ არ უზრუნველყო ბეტონის საზელი დანადგარის გამორთვა ელექტროქსელიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენით, ვ. ე–ე საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ვ. ე–ის ბრალეულობას.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ე–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ვ. ე–ის ადვოკატმა – ლ. გ–მა – შესაგებლით მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე მაია გუგეშაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის მიღებას, ასევე – ვ. ე–ისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებს ვ. ე–ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ვ. ე–ის ადვოკატმა – ლ. გ–მა – შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ე–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. ბრალდების მხარე ვ. ე–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აფუძნებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ საინჟინრო ექსპერტიზის №- დასკვნას, რომლის თანახმად, ვ. ე–ის მხრიდან დარღვეულია ПРАВИЛА техники безопасности и производственной санитарии в промышленности строительных материалов-ის“ I ნაწილის „ОБЩИЕ ТРЕВОВАНИЯ БЕЗОПАСНОСТИ К ПРОИЗВОДСТВЕННОМУ ОБОРУДОВАНИЮ И ОРГАНИЗАЦИИ РАБОЧИХ МЕСТ“-ის N13.35 და N13.46 პუნქტებისა და ამავე ნორმატივის II ნაწილის „ПРАВИЛА ТЕХНИКИ БЕЗОПАСНОСТИ И ПРОИЗВОДСТВЕННОЙ САНИТАРИИ В ПРОМЫШЛЕННОСТИ СТРОИТЕЛЬНОЙ КЕРАМИКИ“-ის N5.110 პუნქტის მოთხოვნები. ასევე – ამავე ნორმატივის I ნაწილის „ОРГАНИЗАЦИЯ РАБОТЫ ПО БЕЗОПАСНОСТИ ТРУДА"-ს N3.7 პუნქტის მოთხოვნები. ნორმატივის „ПРАВИЛА техники безопастности и производственной санитарни в промышленности строительных материалов“-ის N16.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სამსახურის შექმნა და დაკომპლექტება. N21.1. პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოში საამქროს უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს მუშების შრომის და უსაფრთხოება და კონტროლი გაუწიოს მათ მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას.
4.4. ზემოაღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის განმარტებით, დასკვნის მომზადებისას გამოყენებული ლიტერატურა წარმოდგენილია რუსულ ენაზე, რომლის მოქმედების ვადა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილებით გაგრძელებულია შესაბამისი ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოქვეყნებამდე.
4.5. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის II თავის N5 მუხლის პირველი პუნქტის ზოგადი დებულება, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულებისა და სხვა პირების უსაფრთხოება, თუმცა აღნიშნული კანონის კონკრეტული მოთხოვნების დარღვევის შესახებ ექსპერტს არც დასკვნაში და არც გამოკითხვის ოქმში არ მიუთითებია (ექსპერტი უთითებს მხოლოდ 4.3. პუნქტში მითითებული რუსულენოვანი ნორმატივის დარღვევაზე).
4.6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნორმატიული აქტი, რომლის მოთხოვნების დარღვევასაც ედავება ბრალდების მხარე ვ. ე–ეს, წარმოდგენილია მხოლოდ რუსულ ენაზე და არ არის გამოქვეყნებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რის შედეგადაც, ვ. ე–ეს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, სამართალწარმოების ენაზე გასცნობოდა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს. ეს გარემოება გამორიცხავს ვ. ე–ის მიერ ამ დოკუმენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის სამართლებრივი ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, ვერ დგინდება მისი მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა და ამ დარღვევასა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას შორის მიზეზობრივი კავშირი.
4.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 41).
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოს შეუძლია დაეთანხმოს ქვედა ინსტანციის დასაბუთებას მისი განმეორების გარეშე, რაც არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი ვ. ე–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის – მაია გუგეშაშვილის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე