საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1009აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100123007261258

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1009აპ-25 ქ. თბილისი

ა–ი რ., 1009აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ა–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. რ. ა–მა განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა გარდაცვლილი პაპის – კ. ა–ის კუთვნილ, დიდი ოდენობით ნივთს, რომელიც კ. ა–ის გარდაცვალების შემდეგ ეკუთვნოდათ მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს: ჯ. ა–ს, გ.ა. კ–ის, მ. ა–ს და მ. ა–ს.

1.2. ამ მიზნით, 2013 წლის 28 მარტს, ქ. გ–ში/ ...... ქ. №...-ში მდებარე, ნოტარიუს დ. ბ–ის სანოტარო ბიუროში, რ. ა–მა მიიყვანა ბებია – გ.ა. კ–ი და ნოტარიუსის მიერ გაიცა მინდობილობა №..........., რომლის მიხედვით, გ.ა. კ–ი რ. ა–ს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ანიჭებდა უფლებამოსილებას, თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე გ.ა. კ–ის კუთვნილი ქონება, მათ შორის, დაედო გარიგება საკუთარ თავთან და დაედო ნებისმიერი სამოქალაქო გარიგება.

1.3. ამის შემდეგ, 2013 წლის 29 მარტს, ქ. გ–ში/ ...... ქ. №...-ში მდებარე, ნოტარიუს დ. ბ–ის სანოტარო ბიუროში გამოცხადდა გ.ა. კ–ის წარმომადგენელი – რ. ა–ი და მოითხოვა პაპის – 1990 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლილი კ. ა–ის – სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა გ.ა. კ–ის სასარგებლოდ, ვინაიდან სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ და გ.ა. კ–ი იყო კ. ა–ის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, რითაც ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრეების – ჯ. ა–ის, მ. ა–ისა და მ. ა–ის არსებობის ფაქტი.

1.4. აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის 29 მარტს, ნოტარიუსმა დ. ბ–მა გასცა სამკვიდრო მოწმობა №........, რომლის მიხედვით, გ.ა. კ–იმ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სრულად მიიღო .... გარდაცვლილი – კ. ა–ის, სამკვიდრო ქონება.

1.5. ასევე, 2013 წლის 29 მარტს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ–ს სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა გ.ა. კ–ის წარმომადგენელმა – რ. ა–მა და მოითხოვა გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე უძრავი ნივთის – სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით: ........; დაზუსტებული ფართი: 2500 კვ.მ), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (საერთო ფართი: 327.36 კვ.მ) რეგისტრაცია სამკვიდრო მოწმობისა და საარქივო ცნობის საფუძველზე და 2013 წლის 1 აპრილს, უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით: ........) დარეგისტრირდა გ.ა. კ–ის საკუთრებად.

1.6. 2013 წლის 2 აპრილს, რ. ა–მა კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ–ს სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა 2013 წლის 2 აპრილს, საკუთარ თავთან დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მან, როგორც გ.ა. კ–ის წარმომადგენელმა, 90000 ლარის სანაცვლოდ შეიძინა გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე, გ.ა. კ–ის კუთვნილი – 2500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: 81.12.04.386), მასზე არსებული შენობით და მოითხოვა აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაცია.

1.7. 2013 წლის 3 აპრილს, უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით: ..........) დარეგისტრირდა რ. ა–ის საკუთრებად.

1.8. 2013 წლის 12 აპრილს, რ. ა–მა, სს „...... ბანკთან“ გააფორმა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ (რომლითაც ბანკისგან ისესხა 30000 აშშ დოლარი) და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, სს „... ბანკთან“ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ–ს სარეგისტრაციო სამსახურში და მოითხოვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით: ........). სარეგისტრაციო წარმოება დასრულდა იმავე დღეს.

1.9. ზემოაღნიშნული ქმედებებით რ. ა–ი, თაღლითურად დაეუფლა გარდაცვლილი პაპის – კ. ა–ის, კუთვნილ, 90000 ლარად ღირებულ ნივთს (გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: .......; დაზუსტებული ფართით: 2500 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, საერთო ფართით: 327.36 კვ.მ), რომელიც კ. ა–ის გარდაცვალების შემდეგ ეკუთვნოდათ მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს: ჯ. ა–ს, გ.ა. კ–ის, მ. ა–სა და მ. ა–ს. რ. ა–ის ქმედებებით, ჯ. ა–ს, გ.ა. კ–ის, მ. ა–სა და მ. ა–ს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. რ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენით რ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარმდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა. სასამართლოში დაკითხულმა ნოტარიუსმა – დ. ბ–მა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი რ. ა–ი მიაწვდიდა მას ინფორმაციას სხვა მემკვიდრეების შესახებ, სამკვიდრო მოწმობას ამ ფორმით არ გასცემდა. ზემოაღნიშნული ასევე დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით. განსახცილველ შემთხვევაში კი, სასამართლომ არ გაითვალისწინა რ. ა–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ისევე, როგორც – დაზარალებულისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნდნენ უტყუარ და საკმარის საფუძველს რ. ა–ის მსჯავრდებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რ. ა–ის ბრალეულობის საკითხი არსებითად უკავშირდებოდა ბებიამისის – გ.ა. კ–ის, მიერ გაცემული მინდობილობის ნამდვილობას, რომელშიც დაეჭვების გონივრული საფუძველი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმის სახით დაკითხული ნოტარიუსის – დ. ბ–ის, ჩვენებით არ დადგენილა, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია, იმ მხრივაც, რომ მინდობილობაში ასახული ნების ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია უშუალოდ პირველწყაროს – გ.ა. კ–ის მიერ, რომელიც გარდაცვლილია. კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით კი ვერ დადგინდა, რომ მინდობილობაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის გ.ა. კ–ის. ამ საკითხის გამორკვევისას, საყურადღებოა, რომ შვილიშვილის სახელზე სადავო მინდობილობის გაცემამდე 5 წლით ადრე – 2008 წლის 2 აპრილს, გ.ა. კ–იმ შეადგინა ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ და რომელიც ცხადყოფს, რომ გ.ა. კ–იმ მთელი თავისი ქონება, მათ შორის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, მდებარე: გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, გარდაცვალების შემდეგ უანდერძა – რ. ა–ს. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეთა ნაწილი უარყოფს, ნაწილი კი ადასტურებს გ.ა. კ–ის მიერ ქართულად წერა-კითხვის ცოდნისა და რ. ა–ისათვის უძრავი ქონების მიყიდვის ფაქტს, საეჭვოს ვერ გახდის ამ მინდობილობის ნამდვილობას.

11. ხაზგასასმელია, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი კ. ა–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, გარდაცვლილის მეუღლის – გ.ა. კ–ის გარდა, კანონით დადგენილ ვადაში, ნოტარიუსისთვის არავის მიუმართავს. შესაბამისად, სწორედ გ.ა. კ–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან სრულად მიიღო კ. ა–ის დანაშთი ქონება, თუმცა ჰქონდა თუ არა მას გარდაცვლილი მეუღლის ქონების სრულად განკარგვის უფლებამოსილება, შესაძლოა და გახდა კიდეც მხარეებს შორის სამოქალაქო დავის საგანი, ხოლო, ცალკე აღებული, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების რ. ა–ის საკუთრებად დარეგისტრირება, ვერ ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს იმის სამტკიცებლად, რომ იგი თაღლითურად დაეუფლა სხვის ქონებას. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, უტყუარად ვერ დაადასტურა რ. ა–ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის – დიდი ოდენობით თაღლითობის – ჩადენა. მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები კი, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

13. იმავდროულად აღსანიშნავია, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი