საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.03.2026
საქმის ნომერი
2კ-836აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125011506204

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№836აპ-25 ქ. თბილისი

ჯ–ე ზ. გ., №836აპ-25 4 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით ზ. გ. ჯ–ე, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება – 2 წლით.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. გ. ჯ–ემ ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. საქართველოს პარლამენტში შექმნილი, 2003 - 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მიერ 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა შესწავლის მიზნით, ახორციელებდა ცალკეულ პირთა სხდომაზე გამოძახებას და ახსნა-განმარტების ჩამორთმევას.

2.2. 2025 წლის ... აპრილს, კომისიის თავმჯდომარემ, 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, ინფორმაციის მიღების მიზნით, 2025 წლის ... აპრილს, ... საათზე, ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით, გამოიძახა ზ. გ. ჯ–ე.

2.3. ზ. გ. ჯ–ისთვის გაგზავნილ დოკუმენტში მიეთითა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.4. სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის გადაწყვეტილება ზ. გ. ჯ–ეს 2025 წლის ... აპრილს, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით აცნობა კომისიის სამდივნოს წარმომადგენელმა და იმავე დღეს მასვე გაეგზავნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერილი დოკუმენტი და განემარტა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. მოგვიანებით, 2025 წლის ... აპრილს, სხდომაზე მიწვევის თაობაზე შეხსენების მიზნით, მას გაეგზავნა დამატებითი შეტყობინება.

2.5. მიუხედავად იმისა, რომ ზ. გ. ჯ–ისთვის ცნობილი იყო, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, 2025 წლის ... აპრილს გამართულ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იგი არ გამოცხადდა, რითაც არ შეასრულა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ი. ჩ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ი. ჩ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ჯ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რამეთუ წარმოადგენს არა სისხლის სამართლის ნორმის განმარტებას, არამედ – პოლიტიკური მიზნით დეტერმინირებულ ქმედებას. მითუმეტეს, რომ სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის განმარტება, არის არაკონსტიტუციური, ხოლო „გამოცხადებული სასჯელის ქრონიკები“, ზ. გ. ჯ–ისა და მისი თანამოაზრე პოლიტიკური ლიდერების მიმართ –არბიტრარულია და წარმოადგენს პოლიტიკური დევნის ნათელ მაგალითს. სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტზე, რომელიც მოიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173(3)-ე მუხლის კოლიზიას, ჩამოაყალიბა სრულიად არაგონივრული მსჯელობა და გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი, ნაცვლად იმისა, რომ ეხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ელი პარაგრაფით. რა მნიშვნელობა აქვს ნინო ჭიპაშვილმა, რა უთხრა ზ. გ. ჯ–ეს, როდესაც კანონს აქვს საგარანტიო ფუნქცია? სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის კანონიერების პრინციპის განმარტებას დაუპირისპირა ნ. ჭ–ს ჩვენება და აღნიშნა, რომ „ნ. ჭ–მ განუმარტა პასუხისმგებლობის შესახებ“. სასამართლომ ნორმათა ახალი განმარტების თეორია შემოგვთავაზა, „ნ. ჭ–ის განმარტება“, რაც არაგონვირული და უსამართლოა. ამიტომ, ნორმათა კოლიზიის დროს, როდესაც საკითხი დანაშაულებრივ ქმედებას ეხება, სასამართლომ ბრალდებულის ძირითადი უფლებების სასიკეთოდ უნდა გადაწყვიტოს. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ არსებითად იყო დარღვეული საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის დანაწესი. განმარტა, რომ პარტია „........სთვის“ ბოიკოტის რეჟიმში იყო და ფორმალურად მაინც ჰქონდათ კომისიაში ადგილი. დაცვის მხარე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში არსებულ წევრთა მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. სასამართლომ ამ შემთხვევაში, არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ ეჭქვეშ დაეყენებინა კანონმდებლის მიზანი, როდესაც მათ უარი განაცხადეს „......... სთვის“

წევრების მოპატიჟებაზე. ნათლად რომ ითქვას, დადასტურებულია: „...... სთვის“ არც კი მიმართა საქართველოს პარლამენტმა, სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ მატერიალური დარღვევა დაედგინა, ფორმალურად პოლიტიკური არგუმენტი მოიყვანა. სასამართლო ბრმად იმეორებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას „ბოიკოტის“ თაობაზე, თუმცა დაცვის მხარე არ ეთანხმება და ნ. ჭ–ისეულ“ განმარტებას მოიშველიებს: „ხომ იცოდა პარლამენტმა, რომ ბოიკოტი არსებობდა“, მიუხედავად ამისა, მაინც არ შეავსო ვაკანტური ადგილები. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თავად გ. გ–ა გამოცხადდა კომისიაზე იმ პირობებში, როცა „ბოიკოტის“ რეჟიმში იყო. ესე იგი, „ბოიკოტი“ არ გამორიცხავს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებასა და მონაწილეობას. მაშასადამე, დაცვის მხარე არ ეთანხმება მოსამართლის პოლიტიკურ განმარტებებს და, ამ შემთხვევაში, გამოიყენებს ნორმის ნ. ჭ–ისეულ“ განმარტებას და განაცხადებს, რომ „ხომ იცოდა პარლამენტმა“. სასამართლოს განმარტებით, დაცვის მხარისთვის, მნიშვნელობა არ ჰქონდა კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის სასამართლოში დაკითხვას. დაცვის მხარემ უამრავი არგუმენტი მოიყვანა აღნიშნულის საპირწონედ, თუმცა, სასამართლომ თ. წ–ს კომფორტული ცხოვრება უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ზ. გ. ჯ–ის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ საკითხზე სხვა განმარტება დაუშვებელია. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ზ. გ. ჯ–ის მიმართ ასევე გამოიყენა მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნა, რომ მისი ქცევა დარბაზში, პროცესის დროს და გირაოს გადახდაზე უარი – გამორიცხავდა სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური სასჯელები პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც გირაო გადაიხადეს, თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. სამართლის ნორმათა პატივისცემა სასამართლოს უპირველესი და მნიშვნელოვანი მიზანია, პოლიტიკური სასჯელების სამართლებრივი დასაბუთება კი რთული.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ზ. გ. ჯ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული/გამოკვლევის გარეშე მიღებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან – საქართველოს პარლამენტის 2025 წლის .. თებერვლისა და 2025 წლის ... აპრილის დადგენილებებიდან; საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის №.. სხდომის ოქმიდან; საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებიდან; 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებიდან; ზ. გ. ჯ–ისათვის გაგზავნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის – თ. წ–ს მიმართვიდან; 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის – ნ. ჭ–ს, ახსნა-განმარტებისათვის მოსაწვევ პირთან სატელეფონო კავშირის შესახებ ოქმიდან; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმიდან და აპლიკაცია „ვ–ს“ მიმოწერების ამსახველი ე.წ. „სქრინშოტებიდან“; საინფორმაციო პორტალებისა და ვებ. გვერდების დათვალიერების ოქმებიდან; ზ. გ. ჯ–ის სოციალური ქსელ „........-ის“ დათვალიერების ოქმიდან; 2025 წლის ... აპრილს გამართული, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერიდან და მისი დათვალიერების ოქმიდან; მოწმე ნ. ჭ–ს გამოკითხვის ოქმიდან – რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

13. კასატორის მიერ საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ნორმათა შესაძლო კოლიზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო ნორმატიული აქტებია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. ამდენად, მართალია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით (1995 წლის 7 მარტის კანონი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, მაგრამ მოგვიანებით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) – ეს ქმედება დანაშაულად გამოცხადდა. შესაბამისად, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტების იერარქიის გათვალისწინებითა და ორაგანული კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოცემულ საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს. იმავდროულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

14. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის გამო, კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ ეჭვებთან მიმართებით, აღსანიშნავია: საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა – 10 წევრით. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა განისაზღვრა – 5 წევრით. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის 7 წევრი. სხდომის ოქმის თანახმად, კომისია წარმოდგენილი იყო „......ის“ 5 დეპუტატით და, ასევე, გამოყოფილი იყო 5 კვოტა ოპოზიციისათვის, რომელთაგან 2 ადგილი მიეკუთვნა პოლიტიკურ გაერთიანება „........ს“, ერთი – „.......ებს“, ხოლო 2 – „..........თვის“ პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ამ პარტიის არჩეულმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე. ამის გამო, მათთვის განკუთვნილი ადგილები იყო ვაკანტური. ამავე სხდომაზე კომისიამ კენჭი უყარა კომისიის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, რის შედეგადაც, კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს თ. წ–ი („..........“), ხოლო მდივნად – ს. ს–ი („.... ...“). შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცებას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება.

15. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სასამართლოში დაკითხვაზე უარით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასთან მიმართებით, ყურადსაღებია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნაწილი ცნობილ იქნა დაუშვებლად. აღნიშნული საოქმო განჩინება დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საბოლოო ინსტანციაა, რომლის უარი სადავო მტკიცებულების დაუშვებლობის ნაწილში, თავის მხრივ, კანონიერი და დასაბუთებულია.

16. მსჯავრდებულის პოლიტიკური ნიშნით შესაძლო დევნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირის ბარლეულობის საკითხის გამორკვევისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. პოლიტიკური და სასამართლო პროცესები არის ფუნდამენტურად განსხვავებული, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს მტკიცებულებებზე სამართლებრივ კონტექსტში და შეფასებისას გაითვალისწინოს ინდივიდუალური საქმის რელევანტური და სპეციფიკური ფაქტობრივი გარემოებები. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკოსის ადამიანის უფლებების შეუსაბამო მოტივებით შეზღუდვის დადგენისას, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და რეზოლუციებს, აგრეთვე საჯარო პირთა განცხადებებს. სასამართლომ თავისი შეფასება უნდა დააფუძნოს საქმის კონკრეტულ ფაქტებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Ilgar Mammadov v. Azerbaijan, no. 15172/13, §140, ECtHR, 22/05/2014; Lutsenko v. Ukraine, no. 6492/11, §108, ECtHR, 3/07/2012; Khodorkovskiy v. Russia, no. 5829/04, §259, EctHR, 31/05/2011; Merabishvili v. Georgia no. 72508/13, §103, EctHR, 14/06/2016). იმავდროულად, ხაზგასასმელია, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი ბრალდებულს არ ანიჭებს იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივ პროცესებთან და დაკავებასთან მიმართებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: Lutsenko v. Ukraine, 6492/11, no. 6492/11, 19/11/2012, §106). გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. გ. ჯ–ის საქმის განხილვისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი კონკრეტული უტყუარი სამხილებით და, შესაბამისად, გამამყუნებელი განაჩენი ეფუძნება ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. გ. ჯ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. გ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე