საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100122006207052
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1127აპ-25 25 მარტი, 2026 წელი
ა–ი შ., №1127აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) და საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 2022 წლის 8 სექტემბრამდე, დ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, შ. ა–ი, ჩხუბითა და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც კაცის გადაწყვეტილებას, მოკვლის მუქარით აიძულებდა თავის შვილს – ს. ა–ას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ე. ა–ზე.
1.3. 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 2022 წლის 08 სექტემბრამდე, დ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, შ. ა–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც კაცის გადაწყვეტილებას, მოკვლის მუქარით აიძულებდა თავის შვილს – ს. ა–ას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ე. ა–ზე, რის გამოც ს. ა–ამ დალია თაგვის წამალი და შეეცადა თავის მოკვლას, თუმცა, განზრახვა ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა შ. ა–ის მიერ ს. ა–ას მიმართ ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტები.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, შ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა შ. ა–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 14 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, შ. ა–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. დაზარალებულისა და ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული ნივთები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია შ. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობაზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება შ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, შ. ა–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. ისინი არ არიან ფაქტების უშუალო თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად შ. ა–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შ. ა–ის ბრალეულობას ადასტურებს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ვითარების აღდგენის მიზნითაა ჩატარებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია, დადგინდეს იყო თუ არა დაზარალებული მოწამლული. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ დაზარალებულმა ქიმიური საშუალება დალია შ. ა–ის მიერ ქორწინების იძულების გამო, შეუძლებელია, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება.
5.8. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.9. აღსანიშნავია, რომ ს. ა-სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი თავისი შინაარსის გათვალისწინებით ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების და არა ვითარების აღდგენის მიზნით, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს. მოწმემ მიუთითა, რომ მამა შ. ა–ი ჩხუბითა და მუქარით აიძულებდა მას დაქორწინებას ე. ა–ზე. მხედველობაშია მისაღები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ მომხდარა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომელიც თავისი შინაარსით ჩატარებულია ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა შ. ა–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე