საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1146აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100123008375404

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1146აპ-25 23 მარტი, 2026 წელი

ხ–ა ა., №1146აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ხ–ა (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით, 20:39 საათზე, ა. ხ–ამ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, სატელეფონო კომუნიკაციისას, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ქ–ს მუნიციპალიტეტის, სოფელ გ–ში, მამის – ჯ. გ–ს საცხოვრებელ სახლში მყოფ ოჯახის წევრს, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ს. გ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ხ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ა. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ხ–ას წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 5 ნოემბერს, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ა. ხ–ათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია, დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში მოიპოვება, მხარეთა შეთანხმებით, უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდაა. ხ–ას მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ა. ხ–ას ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა კი, რომელიც დაადასტურებდა ა. ხ–ას მხრიდან ს. გ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, რაც რეალურად აღიქვა დაზარალებულმა და რომლის განხორციელების საფუძვლიანი შიშიც გაუჩნდა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. ხ–ას მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი წარმოადგენენ დამოუკიდებელ მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ს. გ-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ სალომე გათენაძის მიერ გაკეთებული სატელეფონო შეტყობინება, სადაც საუბარია მეუღლის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, თუმცა იმისათვის, რათა პირს მსჯავრად შეერაცხოს ბრალადწარდგენილი დანაშაული, გარდა მუქარის სიტყვიერად გამოხატვისა, სავალდებულოა, რომ დაზარალებულმა აღნიშნული მუქარა აღიქვას რეალურად და გაუჩნდეს მისი განხორცილებების რეალური შიში, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. საგულისხმოა, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში, დაზარალებული საუბრობს მუქარაზე და არ უთითებს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც ა. ხ–ას მიმართ არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.9. მტკიცებულებები, რომლებზეც აპელირებს კასატორი, მტკიცების საგანთან მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არასაკმარისია. საკასაციო სასამართლო ა. ხ–ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად, ასევე ვერ დაუდებს შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმს, მასში ასახული მწირი ინფორმაციის გათვალისწინებით. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლის პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. აღნიშნული კი, სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.

5.10. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.

5.11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისგან გადახვევა.

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე