საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№980აპ-25 თბილისი
ხ.ე ი., 980აპ-25 16 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი გოგალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ხ–ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· ი. ხ–ემ 2021 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, ....ს ქუჩის №...-ში, პირველ ბლოკის ბინა №..-ში მდებარე, თავის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას სცემა ლ. ს–ას, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი და სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით ი. ხ–ე ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა გიორგი გოგალაძემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16, №393აპ-24, №505აპ-24). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ი. ხ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ ერთი მტკიცებულებაზე –დაზარალებულ ლ. ს–ას ჩვენებაზე – დაყრდნობით შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. დაზარალებულის ჩვენება გამყარებული უნდა იყოს სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, რადგან, მისი ნათქვამის საპირწონედ, წარმოდგენილია ი. ხ–ის ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ ლ. ს–ას მიმართ ფიზიკურად არ უძალადია. არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაადასტურებს დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს. სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის უტყუარობა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ.
10. დადგენილი გარემოებაა, რომ ლ. ს–ას და ი. ხ–ეს შორის არსებობდა სამეზობლო დავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და 2021 წლის 8 ოქტომბერს, სწორედ აღნიშნული დავიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რომლის ორივე მხარემ ამ კონფლიქტის დაწყების და მიმდინარეობის სხვადასხვა ვერსია შესთავაზა სასამართლოს. სინამდვილის გასარკვევად საჭირო დამატებითი მტკიცებულებები კი, რომლებითაც არგუმენტირებულად გაიზიარებდა რომელიმე მხარის ვერსიას, სასამართლოში არ წარმოდგენილა.
11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება (ი. ხ–ესთან კონფლიქტური ურთიერთობის პირობებში) ვერ წარმოშობს იმ სტანდარტს, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით, საერთო მოცემულობას ვერ ცვლის ვერც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, პაციენტ ლ. ს–ას სახელზე 2021 წლის 8 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო ბარათი №..., რომელშიც აღნიშნულია, რომ ლ. ს–ა უჩიოდა კანკალს, ტუჩების დაბუჟებას და აცხადებდა, რომ მეზობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა და ახრჩობდა, თუმცა დათვალიერებით გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. აღნიშნული გარემოება სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს სასწრაფო დახმარების ექიმებმა: ს. ნ–მა და გ. ს–მ. ი. ხ–ის მიერ ლ. ს–აზე ფიზიკური ძალადობის დადასტურების კონტექსტში გამოყენებული ვერ იქნება ვერც საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნა, რომლის მიხედვით, წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ლ. ს–ას სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. ხილული დაზიანების არარსებობა, რასაკვირველია, არ გამორიცხავს ძალადობისა და ტკივილის განცდის ფაქტს, თუმცა, იმ ვითარებაში, რომელშიც ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია არაა გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით, ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება დაეფუძნებოდა ეჭვს.
12. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს: სხდომაზე დაკითხული პატრულ-ინსპექტორები – მ. ყ–ი და ჯ. ყ–ი – არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ პირებს და 2021 წლის 8 ოქტომბერს ი. ხ–ის მხრიდან ლ. ს–აზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულისგან. გარდა ამისა, დასახელებული მოწმეები მიუთითებენ კონფლიქტის არსებობაზე და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ლ. ს–ა და ი. ხ–ე ერთმანეთს სდებდნენ ბრალს ძალადობაში. მათივე განმარტებით, ლ. ს–ასთვის ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევიათ. ფაქტს არ შესწრებია არც გამომძიებელი მ. დ–ი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, მითითებული მოწმეების ჩვენებები ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და იგი შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით („გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ფართთან დაკავშირებით არსებობდა კონფლიქტი მეზობლებს შორის, ავტომატურად არ გულისხმობს წარდგენილი ბრალდების დადასტურებას. მითითებულმა ფაქტობრივმა გარემოებამ წარმოშვა მოწმეთა ჩვენებების მიმართ მიუკერძოებლობის ეჭვი, სასამართლოს კი არ მიეცა აღნიშნული ეჭვის გაქარწყლების საშუალება საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, ვინაიდან არც ერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენებამ არ აღადგინა განვითარებული მოვლენები რომელიმე პოზიციის ცალსახად დასადასტურებლად. წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. ასეთ პირობებში, სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი გოგალაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე