საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1110აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100122006253882

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1110აპ-25 ქ. თბილისი

ტ–ე ი., 1110აპ-25 16 აპრილი 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ტ–ეს ბრალად ედება:

ü სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ადევნება, ესე იგი, პირადად პირის, უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ი. ტ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში, ავტომობილით გადაადგილების დროს ურთიერთშელაპარაკებისას, ი. ტ–ე დანის და ლუდის ბოთლის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ფ. გ–ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ფ. გ–ამ ი. ტ–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქალაქ ბ–ში ....ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ი. ტ–ემ იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, ფ. გ–აზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად, ფ. გ–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქალაქ ბ–ი, .... ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ი. ტ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ფ. გ–ას, რომელთან ერთადაც, ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ფ. გ–ამ ი. ტ–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის ივნისის თვიდან 2022 წლის 29 აგვისტომდე დროის პერიოდში, ი. ტ–ე, ქალაქ ბათუმში, ურთიერთობის განახლების მოთხოვნით, სისტემატურად აკონტროლებდა თავისი ოჯახის წევრის, ფ. გ–ას გადაადგილებას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, აკითხავდა სამსახურში და საცხოვრებელ მისამართზე, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად და სატელეფონო გზით, რამაც გამოიწვია ფ. გ–ას ფსიქოლოგიური ტანჯვა და იგი აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით ი. ტ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ი. ტ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

გაუქმდა ი. ტ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს − თ. ტ–ეს უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. ტ–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ტ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმთან, შემაკავებელ ორდერთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მასალებთან ერთად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ი. ტ–ის ბრალეულობას; კასატორს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სრულიად საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ი. ტ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ტ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოცემულ საქმეში დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გარდა, არსებობს თუ არა ისეთი დამოუკიდებელი და უტყუარი ხასიათის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის საჯაროდ წაკითხულ გამოკითხვის ოქმთან ერთად, შესაძლებელს გახდიდა ი. ტ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დადასტურებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ხსენებულ მტკიცებულებებში − დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და ი. ტ–ის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაციის წყარო თავად დაზარალებულია, რომლის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა ვერ მოხერხდა. ამავე დროს, დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში გადმოცემულია ძალზე მწირი ინფორმაცია, კერძოდ: შეტყობინებაში მითითებულია მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, ხოლო შემაკავებელ ორდერში − ძალადობა და მუქარა, მაგრამ არცერთი ეს დოკუმენტი არ შეიცავს ინფორმაციას დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილისა და საფუძვლიანი შიშის განცდის შესახებ, რაც შესაბამისად, ძალადობისა და მუქარის დანაშაულის შემადგენლობების აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, დაზარალებულ ფ. გ–ას სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის წინა შიგნითა ზედაპირზე, ზედა მესამედში; ამავე დროს ექსპერტმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებულს სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესამოწმებელმა პირმა მიუთითა, რომ დაზიანება მიაყენა „მეგობარმა კაცმა“, თუმცა კონკრეტული პირის ვინაობა არ დაუსახელებია. ასევე არ განუცხადებია, რომ ეს პირი ოჯახის წევრი იყო; ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებით დგინდება მხოლოდ დაზიანების არსებობა, მაგრამ ამავე დროს, ბრალდების მხარე ი. ტ–ეს ედავება 2022 წლის 29 აგვისტოს გაშლილი ხელის ფ. გ–ას სახის არეში დარტყმას, რაც საერთოდ არ შეესაბამება სამედიცინო ექსპერტის მიერ დადგენილი დაზიანებების ადგილმდებარეობას (მარჯვენა მხრის წინა შიგნითა ზედაპირი). ამდენად, ვერც მითითებული მტკიცებულება დამოუკიდებლად ვერ ამყარებს ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებსა და საფუძვლიანობას.

13. მოწმე ზ. კ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი იყო ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პირი და მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია უშუალოდ ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ გარემოებებს არ უკავშირდება. შესაბამისად, მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბია და პირდაპირ ვერ ადასტურებს ვერც მუქარის და ძალადობის, ვერც ადევნების ბრალდების ეპიზოდებს.

14. რაც შეეხება უშუალოდ ადევნების ეპიზოდთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებულია ი. ტ–ის მხრიდან არასასურველ კომუნიკაციაზე, დაზარალებულის სამსახურისა და საცხოვრებელი მისამართების მოძიებაზე, ასევე მის მიერ განცდილ ფსიქოლოგიურ ტანჯვასა და ცხოვრების წესის ცვლილებაზე, მაგრამ, ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადევნების ბრალდებას დაადასტურებდა, არ აქვს წარმოდგენილი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არასასურველი კომუნიკაცია ბრალდების თანახმად, ხორციელდებოდა ტელეფონის მეშვეობითაც, გამოძიებას არ მოუპოვებია მტკიცებულებები შესაბამისი მოწყობილობებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით და არც მოწმეთა ჩვენებები. ბრალდების მხარეს აგრეთვე არ წარმოუდგენია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვის მადასტურებელი შესაბამისი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

15. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით ოჯახში ძალადობის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ როგორც მუქარისა და ძალადობის, ისე − ადევნების ბრალდების ეპიზოდში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის, უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე