საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2026
საქმის ნომერი
2კ-107აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100125011279328

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დააშვებობის

შემოწმების შესახებ

№107აპ-26 ქ. თბილისი

ხ-ა ე., 107აპ-26 28 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ხ–ას, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (4 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშაკრა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2025 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქ. წ–ში, კ–ს ქუჩაზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ე. ხ–ა, გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ქ. გ–ას, კერძოდ, უთხრა, როცა გაარკვევდა თუ ვისთან ღალატობდა, – მოკლავდა.

1.2. 2025 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქ. წ–ში, რ–ს ქუჩის მიმდებარედ, ე. ხ–ა, გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს –ქ. გ–ას, კერძოდ, მოსთხოვა, ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში – მოკლავდა.

1.3. 2025 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქ. წ–ში, ....ის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „გ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ხ–ა, გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ქ. გ–ას, კერძოდ, მოსთხოვა, ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში – მოკლავდა.

1.4. 2024 წლის ნოემბერში, ქ. წ–ში, კ–ს ქუჩაზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ე. ხ–ა, გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ქ. გ–ას, კერძოდ, უთხრა, როცა გაარკვევდა, თუ ვისთან ღალატობდა – მოკლავდა.

1.5. 2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან 2025 წლის თებერვლის შუა პერიოდის ჩათვლით, ზ–ს მუნიციპალიტეტში, ასევე – ხ–ში, ე. ხ–ა მეუღლეს – ქ. გ–ას, გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, რაც გულისხმობდა მამაკაცის დომინანტური მდგომარეობის წარმოჩენასა და მეუღლის მიმართ უპირობო მორჩილების აუცილებლობას, სისტემატურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, კერძოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების – ლ. და მ. ხ–ების თანდასწრებით, მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, ეუბნებოდა, რომ იყო უწესო ქალი, რის შედეგადაც, ქ. გ–ამ განიცადა ტანჯვა.

1.6. 2025 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქ. წ–ში, კ–ს ქუჩაზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ე. ხ–ამ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით, მეუღლეს – ქ. გ–ას ხელიდან გასტაცა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც ქ. გ–ას მიადგა – 850 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. ე. ხ–ას წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ე. ხ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ე. ხ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, შესაბამისი, სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ე. ხ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, შესაბამისი, სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ქ. გ–ამ და მოწმეებმა – მ. და ლ. ხ–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით – საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილი ჩანაწერით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების: ც. –ს, ლ. მ–ს, ჟ. ზ–ს, ს. ყ–სა და დ. ა–ს ჩვენებებით, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმითა და სხვა სამხილებით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ხ–ას მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.

7. გამართლებულ ე. ხ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი – კ. ტ–ა, საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი, რომელიც კანონიერი და დასაბუთებულია.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ე. ხ–ას მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ქ. გ–ამ და მოწმეებმა – მ. და ლ. ხ–ებმა, სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში – მოწმეების: ც. კ–ს, ლ. მ–ს, ს. ყ–სა და დ. ა–ს ჩვენებების ნაწილი, ე. ხ–ასათვის ბრალადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია, ხოლო ნაწილი – არაფრისმთქმელი და, შესაბამისად, შეუძლებელია მათზე დაყრდნობით ფაქტების უტყუარად დადგენა, ხოლო დანაშაულის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ „112-ში“ შეტყობინება და მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებული ქ. გ–ა სასამართლოში არ დაკითხულა, მათ შორის, სადავო შეტყობინების ნამდვილობასა და ე. ხ–ას მიერ მეუღლის მობილური ტელეფონის ფლობის კანონიერებასთან დაკავშირებით, ვერ ქმნიან პირის გონივრულ ეჭვს მიღმა მსჯავრდებისათვის აუცილებელი მტკიცებულებების უტყუარ და საკმარის ერთობლიობას. შესაბამისად, სამხილების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ე. ხ–ას სასარგებლოდ.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე