საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№96აპ-26 თბილისი
რ–ა ლ., 96აპ-26 25 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენით ლ. რ–ა (პირადი №........), ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 14 მარტიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვას საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ლ. რ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლით ჩამოერთვას საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება. მსჯავრდებულ ლ. რ–ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 14 მარტიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. რ–ამ ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2015 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 5 ივლისამდე დროის შუალედში, ლ. რ–ამ, რომლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა მამამთილის – რ. ჭ–ის – სახელზე სს „..... ბანკში“ მიმდინარე და სს „..... ბანკში“ საპენსიო ანგარიშებზე განთავსებული თანხები, პლასტიკური ბარათებიდან სს „..... ბანკში“ საკუთარ და მეგობრების სახელზე გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ჯამურად – 347 585 ლარის ოდენობის თანხა, რითაც როინ ჭელიძეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ემელიანე ბერაია ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ლ. რ–ასათვის სასჯელის დამძიმებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს განაჩენს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. რ–ასათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლობის არმქონეა) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, ისე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ლ. რ–ას დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომლის ნაწილიც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების (აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთავე, დაასახელა იმ პირთა ვინაობა, რომელთა ანგარიშებზეც ჩარიცხა თანხები) შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა მსჯავრადშერაცხილი ქმედების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. რ–ასათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
9. სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა ვერ მოიაზრება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. გარდა ამისა, არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი შესაძლებლობა, რომლის შესაბამისადაც, დაზარალებულს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება (სუსგ: №295აპ-22, №354აპ-22, №389აპ-21, №51აპ-19). ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულმა გამოთქვა მზაობა უძრავი ქონების დაზარალებულისათვის გადაფორმებისა და, ვალდებულების აღიარების თვალსაზრისით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, თუმცა დაზარალებული მხარე არ იღებს ამ შეთავაზებას.
10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე