საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1157აპ-25 3 ივნისი, 2026 წელი
კ-ა ა., №1157აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ას ადვოკატის – ლ. ც-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. კ-ას ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ა. კ-ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის პირველ დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ში, რ-ის გამზირი №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა ა. კ-ა, კერძოდ, მათი მიმართულებით ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც პოლიციის თანამშრომლების წინ დაეცა და საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით, ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 5 დეკემბრიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – როინ ხინთიბიძემ – მოითხოვა მსჯავრდებულ ა. კ-ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო მსჯავრდებულ ა. კ-ას ადვოკატმა, ლ. ც-ემ – პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ როინ ხინთიბიძის და მსჯავრდებულ ა. კ-ას ადვოკატის, ლ. ც-ის, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ა. კ-ას ადვოკატი – ლ. ც-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის პოზიციით, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულება – ექსპერტ ნ. ბ-ის ჩვენება და მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები – არასანდოა, რადგან აღნიშნულმა ექსპერტმა უტყუარად ვერ ახსნა, რა ნიშნით ამოიცნო ა. კ-ა; დაუდგენელია, ჰაბისტოსკოპიურ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ვიდეოები ასახავს თუ არა ერთსა და იმავე დროის მონაკვეთს; 24-წამიან ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი ნამდვილად არის ა. კ-ა, ხოლო 16-წამიან ვიდეოჩანაწერში ასახულია სავარაუდოდ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი ნიღბიანი პირი, რომელსაც არ აქვს რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი; ნ. ბ-ის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების არასანდოობა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება; კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის დასკვნა, როგორც არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელია; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული ხმოვანი სიტყვები ნამდვილად ა. კ-ას ეკუთვნის.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელიც სადავოდ არ ხდის 2024 წლის პირველ დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ში, რ-ის გამზირი №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტს. კასატორისთვის სადავოა დამნაშავის ვინაობა. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ა. კ-ამ, ხოლო დაცვის მხარე, უტყუარი მტკიცებულებების არარსებობაზე მითითებით, ამტკიცებს, რომ ა. კ-ას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს რამდენად იძლევა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები დამნაშავის გამოვლენის შესაძლებლობას და არის თუ არა ეს პირი ა. კ-ა.
4.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები. ერთ ვიდეოჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 00:16 წუთს, ასახულია თ-ში, რ-ის გამზირი №--ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შეკრებილნი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ჩანაწერის დროით, 00:03 წუთზე კადრში ჩნდება პირი, რომელსაც სახე დაფარული აქვს ნიღბით, თავზე ახურავს კეპი, აცვია მუქი ქურთუკი მომწვანო თასმებით და ზურგზე თეთრი ზოლებით. აღნიშნულ პირს მარჯვენა ხელში უჭირავს ცეცხლმოკიდებული შუშის ბოთლი (ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“), რომელსაც ისვრის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. ბოთლი ეცემა პოლიციის თანამშრომლების წინ, დაახლოებით, 2-3 მეტრში, ტროტუარზე, რის შედეგადაც ხდება მისი აალება. მეორე ვიდეოჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 00:24 წუთს, ასახულია თ-ში, რ-ის გამზირი №--ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შეკრებილნი არიან საპროტესტო აქციის მონაწილენი. ჩანაწერის დროით, 00:02 წუთზე კადრში ჩნდება იგივე პირი, რომელმაც ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. მას ანალოგიურად თავზე ახურავს კეპი, აცვია მუქი სპორტული მოსაცმელი მომწვანო თასმებით, უკანა მხარეს არსებული თეთრი ზოლებით და მუქი შარვალი. წელზე უკეთია წითელ, ყვითელ და ლურჯ ფერებში გაწყობილი მცირე ზომის ჩანთა, ხოლო სახე დაფარული აქვს მუქი ფერის ნიღბით. აღნიშნულ პირს ხელში უჭირავს ორი შუშის ბოთლი, რომელსაც ისვრის წინ. ჩანაწერის დროით, 00:12 წუთზე აღნიშნული პირი სახის არიდან იხსნის ნიღაბს და გარკვევით ჩანს მისი იერსახე. იგი ხელებს იქნევს და ხტის მოუსვენრად, ორივე ხელის შუა თითს აჩვენებს წინ, აგრესიულად იქცევა და ისმის გინების ხმა. ამის შემდეგ კვლავ იფარებს ნიღაბს და შერბის რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის მასაში.
4.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტ ნ. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ექსპერტმა სპეციალური პროგრამის საშუალებით დაამუშავა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერები და შესაბამისი კვლევებით დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ორივე ვიდეოჩანაწერში ასახული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ორივე ჩანაწერში დაფიქსირებულია ერთი და იმავე პირის გამოსახულება, იმავე ჩაცმულობით. ასევე დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირი, რომელიც სამართალდამცველების მიმართულებით ისვრის ცეცხლმოკიდებულ ბოთლს (ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“), არის ა. კ-ა.
4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებისა და ექსპერტ ნ. ბ-ის ჩვენების პარალელურად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება საწინააღმდეგო გარემოებები. მართალია, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეოექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ამსახველ ვიდეოჩანაწერში ასახული პირის გამოსახულება არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო კვლევების ჩასატარებლად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ ერთ ვიდეოჩანაწერზე – 16 წამის ხანგრძლივობის მასალაზე, სადაც მსროლელს სახეზე ნიღაბი უკეთია, და არა ორივე ვიდეოჩანაწერზე, რომლებიც ერთობლივად ასახავს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. ამ მოცემულობით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში დაეჭვების საფუძველს. საგულისხმოა, რომ ექსპერტმა ნ. ბ-მა დეტალურად აღწერა მისივე კვლევა და დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ორივე ვიდეოჩანაწერში ასახული პირის იერსახე ვარგისი იყო იდენტიფიკაციისათვის, ვინაიდან მათ გააჩნდათ საერთო კერძო და განსაკუთრებული მახასიათებლები. ამასთან, მართალია, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის დროს დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ 16-წამიან ვიდეოჩანაწერში მოქმედებს ის პირი, რომელიც 24-წამიან ვიდეოჩანაწერში იხსნის ნიღაბს. მოცემულ შემთხვევაში, არც დაცვის მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ 24-წამიან ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი, რომელიც იხსნის ნიღაბს, არის ა. კ-ა.
4.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის --- დასკვნა მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო: პროკურორმა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა და საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მისი დამატებით მტკიცებულებად დასაშვებად ცნობა მოითხოვა 2025 წლის 24 თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა გამომძიებელს 2025 წლის 11 თებერვალს გადაეცა და მომდევნო დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის არსებით განხილვამდე აღნიშნული მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზი და მიიჩნია, რომ პროკურორმა, ობიექტურ გარემოებებზე მითითებით, სათანადოდ დაასაბუთა ექსპერტიზის დასკვნის, როგორც დამატებითი მტკიცებულების, სასამართლოსთვის 2025 წლის 24 თებერვლამდე წარუდგენლობა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების გაუზიარებლობის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
4.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-ას მიმართ გამოტანილი მსჯავრის სისწორეს, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, დამატებით ადასტურებს მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული „Nothing“-ის ფირმის მობილური ტელეფონიდან, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი და გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნულ მასალაში, დანაშაულებრივი ფაქტიდან მალევე, 2024 წლის 4 დეკემბრით დათარიღებულ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ასახულია იმ მუქი ფერის, თეთრზოლებიანი ქურთუკის დაწვის ფაქტი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებისას ეცვა ა. კ-ას. ვიდეოჩანაწერის გადამღები პირი ამბობს: „შენზე მოსაცემი კურტკა დავწვი ბრატ, არც მე, არც შენ და არც არავის, იმიტომ რომ შენ ძმობას ვფიცავარ, უეჭველი შარში გავიჩითებით... კაი კურტკა იყო, მარა რა ვქნა, მენანება“. აღნიშნული ქურთუკის დაწვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც მსჯავრდებული ინახავდა თავის მობილურ ტელეფონში, მიუთითებს, რომ ა. კ-ამ, პასუხისმგებლობისა და იდენტიფიკაციის თავიდან არიდების მიზნით, გაანადგურა მის წინააღმდეგ არსებითი მნიშვნელობის მქონე ნივთმტკიცება – ქურთუკი.
4.8. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს ბრალდების მხარის მიერ ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება თავისთავად ვერ ქმნის სხვა მტკიცებულებებში დაეჭვების საფუძველს. სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს გააჩნიათ თანაბარი შესაძლებლობა, მოიპოვონ და წარადგინონ მათთვის სასურველი მტკიცებულებები. შესაბამისად, თუ დაცვის მხარეს გააჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მობილური ტელეფონის ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მსჯავრდებულის ხმა, მას არ ეზღუდებოდა უფლება, თავად დაენიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა და სასამართლოსთვის წარედგინა შესაბამისი დასკვნა, რომელიც შეფასდებოდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მათი ურთიერთშეჯერებისა და სანდოობის კრიტერიუმების საფუძველზე. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზა არ ჩატარდა, ვერ ჩაითვლება დაცვის უფლების დარღვევად ან საქმის არასათანადო გამოკვლევად, მით უფრო, მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს კანონით მინიჭებული ჰქონდა შესაძლებლობა, თავად უზრუნველეყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.
4.9. გარდა ზემოაღნიშნულისა, ა. კ-ას მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა სოციალური ქსელის მიმოწერა მომხმარებელთან – „თ.. თ...“, რომელშიც საუბარია აქციაზე მიმდინარე მოვლენებზე (მინაწერზე: „მე მგონი 9 აპრილს აწყობენ ეს ამოსაწყვეტები“, ა. კ-ა პასუხობს: „ხოდა პასუხი გაეცემა, მოლოტოვები, ავტომატები და ეგაა“). აღნიშნული მიმოწერის სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, დასტურდება, რომ ა. კ-ა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას იყო აგრესიული და აქტიურად მონაწილეობდა სამართალდამცველების წინააღმდეგ წარმართულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.
4.10. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის პირველ დეკემბერს, თ-ში, რ-ის გამზირი №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, საპროტესტო აქციაზე მყოფმა ა. კ-ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა ცეცხლმოკიდებული ბოთლი (ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“), რომელმაც, მართალია, სამართალდამცველებამდე ვერ მიაღწია, თუმცა მათ წინ, დაახლოებით, 2-3 მეტრში დაეცა და აალდა. მართალია, შემთხვევის დროს სამართალდამცველებს ეცვათ სპეციალური დამცავი აღჭურვილობა – ე.წ. „რობოკოპი“, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ გამორიცხავს მათთვის მძიმე დაზიანების მიყენების საფრთხეს. კერძოდ, ქიმიური, ფეთქებადსაშიში საგნებისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბოთლში მოთავსებული ნავთობპროდუქტი წარმოადგენს სწრაფად აალებად ნივთიერებას, რომლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ხოლო აალების შემდგომ წვად მასალაზე მოხვედრისას – ხანძრის გაჩენა და ქონებრივი ზიანი. ამასთან, დაზარალებულთა განმარტებით, ე.წ. „რობოკოპი“ გათვლილია ქვისა და სხვა მყარი საგნების ზემოქმედებისგან დაცვისთვის, თუმცა ცეცხლის მიმართ მდგრადი არ არის და ადვილად აალდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ა. კ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას დაენიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
4.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).
4.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. კ-ას ადვოკატის – ლ. ც-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე