დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802226012689765
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №27I-26 ქ. თბილისი
ა. მ., 27I-26 11 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 22 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს, – დაბადებულის ..., – მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2024 წლის 18 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ... სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-12 სასამართლომ გამოსცა მ. ა-ს დაკავების ბრძანება თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან წამებით – დანაშაულთან დაკავშირებით.
1.2. 2025 წლის 24 თებერვლიდან მ. ა. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2.1. 2015 წლის 13 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ..., მ. ა-მ, თავის არეში სიცოცხლისათვის შეუთავსებლები დაზიანებები მიაყენა თავის მეგობარ ქალს, რის შედეგადაც, ქალი გარდაიცვალა.
3. მ. ა-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2026 წლის 5 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა..
3.2. 2026 წლის 6 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.
3.3. 2026 წლის 2 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და, შესაბამისი, თანდართული დოკუმენტები.
3.4. 2026 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს –მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით – 2026 წლის 5 სექტემბრამდე.
3.5. ამჟამად მ. ა. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № ...
პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2025 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – მეგი გურჩიანმა – და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ... სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-12 სასამართლოს, 2024 წლის 18 დეკემბრის, დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ... სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-12 სასამართლოს, 2024 წლის 18 დეკემბრის, დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს – ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებასა და მ. ა-ს თურქეთის რესპუბიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: 2025 წლის 22 ივლისს მ. ა-მ მიმართა საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით და ითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, რაზეც 2025 წლის 12 სექტემბერს ეთქვა უარი, რაც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. შესაბამისად, მ. ა-ს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას არ აქვს კანონიერი გამართლება. იმავროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წელს მ. ა. უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რის შემდეგ, მას გამუდმებით უთვალთვალებდა და ამოწმებდა პოლიცია, ის მოსამართლეები და პროკურორები კი, რომლებმაც იგი უდანაშაულოდ ცნეს, დააკავეს ფეთუ გიულენის მოძრაობის წევრობის გამო, ისევე, როგორც – მისი ადვოკატი, ხოლო თავად მ. ა-ს დაკავების მუქარით სთხოვდნენ, დაესახელებინა ფეთუ გიულენის მომხრეები და „მასონთა ლოჟის“ წარმომადგენლები, რომელთა წევრობაც, თავად ჰქონდა დადასტურებული. კასატორის მითითებით, „მასონთა ლოჟის“ წევრობა ქმნის მ. ა-ს მიმართ სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევისა და დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – მეგი გურჩიანმა, წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა-ს დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, რომ საქართველოში თავშესაფრის ძიების კვალდაკვალ, მ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას არ აქვს კანონიერი გამართლება, აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
5. კასატორის მეორე საკვანძო არგუმენტთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით, არ დგინდება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ელი პუნქტითა (არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო) და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 (პოლიტიკური დანაშაული) და მე-4 (სამხედრო დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლობის რომელიმე საფუძველი. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. ა. რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის აშკარა საფრთხე. დაცვის მხარის მტკიცება თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. ა-ს უფლებების დარღვევის შესახებ არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მ. ა-ს უფლებების დარღვევის, აშკარა საფრთხე. ზოგადი ხასიათის განცხადებები კი, ექსტრადიციის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის რისკის შესახებ არ არის საკმარისი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობისთვის.
6. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს წარმოდგენილი აქვთ გარანტია იმის თაობაზე, რომ მ. ა-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის. აგრეთვე, ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. ა-ს საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, სრულად იქნება უზრუნველყოფილი. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 22 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე