საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124008898076
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №259აპ-25 ქ. თბილისი
ბ. ზ. 259აპ-25 6 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჯ- ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ზ. ბ-ს, – პირადი ნომერი: …, – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.
ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ. , ბ… ქუჩაზე ზ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფ „HONDA FITI“ მარკის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერიცაა N… გადაადგილდებოდნენ გ. პ. და თ. ლ.. თ. ლ-სთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდგომ ზ. ბ-მა გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და თ. ლ-ს მოკვლის განზრახვით, მისი კუთვნილი დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი შემავალი ჭრილობები გულმკერდის არესა და კუჭის მიდამოში და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი მიატოვა შემთხვევის ადგილზე. თ. ლ-ს სიცოცხლე შენარჩუნებულ იქნა დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით:
2.1. ზ.ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 2 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ღ-მ და მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენში, ზ. ბ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კვალიფიკაცია და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. ჯ. ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენში, მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კვალიფიკაციას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი დაცვის მხარე სადავოდ ხდის ზ. ბ-სთვის ბრალად წარდგენილი ქმედების მხოლოდ კვალიფიკაციას და ითხოვს ზ. ბ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
2.1. „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“ (იქვე, II-22).
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ზ. ბ-ს მიერ თ. ლ-სათვის დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობების, მათ შორის, შემავალი ჭრილობების გულმკერდის არესა და კუჭის მიდამოში მიყენების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე სადავოდ ხდის ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, ანუ ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას (საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით), თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი).
5. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ზ. ბ. შემთხვევამდე არ იცნობდა თ. ლ-ს და არ ჰქონდა მისი მოკვლის მიზეზი, ისინი არავის გაუშველებია და ზ. ბ-ს არაფერი უშლიდა ხელს მოეკლა თ. ლ. (ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში), ზ. ბ-მა გ. ს-ც უთხრა, რომ არ სურდა თ. ლ-ს მოკვლა და უნდოდა მისი დასჯა და შესაბამისად, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, - სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, შემდეგსაც:
6. ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენი №142აპ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის №158აპ-21 განჩინება). პირის განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი იძლეოდეს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი №213აპ-20 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17). განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2019 წლის 18 ოქტომბრის №309აპ-19, 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17, 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16).
7. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობის როგორც პირდაპირი, ასევე - არაპირდაპირი განზრახვით ჩადენისთვის.
8. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
9. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა ზ.ბ-მა დაჭრის შემდეგ თ. ლ-ს უთხრა მიეხედა თავისი თავისათვის (რასაც თავის მხრივ ადასტურებს დაზარალებულიც), აღნიშნული სრულად გამორიცხავს მისი მხრიდან მკვლელობის განზრახვას.
10. სასამართლო ითვალისწინებს ზ. ბ-ს ქმედებას (დაზარალებულისათვის დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენება), მიყენებული დაზიანებების ხასიათს (მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2024 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №..დასკვნით დგინდება, რომ დაზარალებულ თ. ლ-ს ჰქონდა, მათ შორის, შემავალი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის ღრუში (ელენთის, კუჭის, განივი კოლინჯის და წვრილი ნაწლავების დაზიანებით). მარჯვენა ქვედა ეპიგასტრალური სისხლძარღვების დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული პნევმოთორაქსი, დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს), მოვლენათა განვითარებას, ზ. ბ-ს ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დანაშაულის ჩადენის ადგილს, დროს და შემთხვევის ვითარებას (ზ. ბ-მა თ. ლ.დახმარების აღმოჩენის გარეშე დატოვა ქუჩაში) და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ზ. ბ. ვერ იქნებოდა დარწმუნებული რომ დაზარალებულისათვის მათ შორის გულმკერდისა და მუცლის ღრუში დაზიანებების მიყენების შემდეგ, იმ ადგილიდან სადაც არავინ იმყოფებოდა, დაზარალებული შეძლებდა შპს „ბ. დ-ე“ მისვლას და დახმარების თხოვნას, მას გაეწეოდა დროული სამედიცინო დახმარება და შენარჩუნებული იქნებოდა მისი სიცოცხლე.
11. დაზარალებულის მტკიცება, რომ ზ. ბ. იყო მისთვის უცნობი პირი, მანამდე რაიმე სახის კონტაქტი მასთან არ ჰქონია, და კონფლიქტი ქუჩაში ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების (შარდვის) გამო მოუვიდა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ,11.1. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის №…დასკვნის თანახმად, 2024 წლის 29 იანვარს, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა „HONDA FITI“-დან (სახელმწიფო ნომერი N..) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ. პ-სგან, ზ.ბ--სგან და თ. ლ-სგან აღებული სუნის ნიმუშების. სარწმუნოობას მოკლებულია ასევე დაზარალებულის მტკიცება, რომ შემთხვევის დღეს გ. პ. არ უნახავს და მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. სამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სატელეფონო კომუნიკაციის ოპერატორებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას (გ. პ-ს სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერსა და თ. ლ-ს ტელეფონის ნომერს შორის ფიქსირდება ოთხი ზარი), კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენ, რომლითაც დადგენილი იქნა გ. პ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მას მსჯავრი დაედო დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.
12. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ, რომ 2024 წლის 29 იანვარს მომხდარი კონფლიქტის მიზეზი იყო 2024 წლის 28 იანვარს დ.თ-ს და უცხო პირებს შორის მომხდარი კონფლიქტი/ ფიზიკური დაპირისპირება, - სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს და ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით (მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (რომლითაც დგინდება მომხდარი შემთხვევის დღეს სატელეფონო კავშირი თ. ლ-ს და გ. პ-ს, ზ. ბ-სა დ. თ--ს შორის, მათი ტელეფონების მომსახურე ანძები და სავარაუდო გადაადგილების მარშუტი), მოწმე ზ. ბ-ს გამოკითხვის ოქმით (რომელიც უთითებს, რომ ზ. ბ-ს და გ. პ-ს უნდა მიეყვანათ საქმის გასარჩევად ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა დ. თ-ს მიმართ), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ. პ-ს მიმართ) არ დგინდება, რომ დაზარალებული თ. ლ. მონაწილეობდა დ. თ-ს მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაში და სწორედ ამ მიზეზით მოხდა კონფლიქტი მასსა და ზ. ბ-ს შორის.
13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ბ-მა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით (თუმცა გამოძიების ფარგლებში დანა ვერ იქნა ამოღებული), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენით ზ. ბ-ს სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
14. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
14.1. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
15. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025წლის 15 იანვრის განაჩენით, ზ. ბ-ს სასჯელის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 531- ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ,15.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ზ.ბ-მა ჩაიდინა დანის გამოყენებით (რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ), თუმცა გამოძიების ფარგლებში დანაშაულის იარაღი დანა არ იქნა ამოღებული.
15.2. გასაჩივრებულ განაჩენში, სასამართლოს ნამსჯელი და განმარტებული აქვს, რომ ვინაიდან ზ. ბ-მა დანაშაული ჩაიდინა იარაღის - დანის - გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის განსაზღვრისას „მინიმალურ სასჯელზე სულ მცირე 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატება კანონის იმპერატიული დათქმაა, რომლის შესრულება სასჯელის შეფარდებისას, სავალდებულოა და [ კანონმდებლობა] არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს“.
15.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოსაყენებლად (დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით), აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი იყოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად (მაგ., იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 21 თებერვლის N761აპ-21; 2023 წლის 20 მარტის N1283აპ-22; 2024 წლის 12 იანვრის 796აპ-23; 2024 წლის 27 თებერვლის N1171აპ-23).
15.4. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დანაშაულის იარაღის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების თაობაზე, - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის და in dubio pro reo პრინციპის გათვალისწინებით, არ არსებობს ზ. ბ-სათვის სასჯელის დანიშვნისას თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრის საფუძველი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ზ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
17. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) ზ. ბ-სათვის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ამნისტია.
18. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, მათ შორის, აღინიშნება ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა;
18.1. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტისას არ არის ნამსჯელი, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ: დაზარალებულ თ. ლ-ს სამედიცინო დოკუმენტაციასა და 1 დისკზე, რომლებიც მითითებულია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაში (ტ. N3; ს.ფ. 210-223);
18.2. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, დაზარალებულ თ. ლ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და 1 დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017). იმავდროულად, გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს კასატორების ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR, 11/10/2011), გულისხმობს კონკრეტული და მკაფიო პასუხების გაცემას კასატორიების იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, par.66, ECtHR, 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება: ზ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. დაზარალებულ თ. ლ-ს სამედიცინო დოკუმეენტაცია და 1 დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
4. ზ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2024 წლის 2 თებერვლიდან;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე