საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124008760969
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №976აპ-25 ქ. თბილისი
მ–ი ნ., 976აპ-25 6 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლების მიზნით (ორი ეპიზოდი). აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის 21 დეკემბრიდან, 2022 წლის პირველ იანვრამდე დროის შუალედში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, ტ. გ–ის სახლში, ნ. მ–ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იარაღის დემონსტრირებით, კერძოდ, მაგიდაზე დადებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ტ. გ–ს და მოსთხოვა დიდი ოდენობით − 4 000 აშშ დოლარის (12 383 ლარი და 20 თეთრი) გადაცემა. დაემუქრა, რომ თუ თანხას არ მისცემდა, იმავე ღამეს მოკლავდნენ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, რის შემდეგაც ტ. გ–მა სრულად გადასცა მოთხოვნილი თანხა.
ü 2023 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, ტ. გ–ის სახლში, შესასვლელ კართან, ნ. მ–ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იარაღის მარჯვენა საფეთქელზე მიდებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, კერძოდ, თმაში ხელის მოკიდებით, სახის კარზე დარტყმით, შემდეგ კი, იატაკზე დაგდებით, თავს დაესხა ტ. გ–ს. ნ. მ–მა ტ. გ–ს მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, შემდეგ სახლის შესასვლელში, კარის მარჯვნივ მდგარი მაცივრიდან დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას, 8000 აშშ დოლარს (ოცდაერთი ათას ექვსას რვა ლარსა და 80 თეთრს) და დაემუქრა, რომ, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა, მასთან ერთად მოკლავდნენ .....ს ფედერაციაში მყოფ მის შვილს, ა. გ–ს.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით ნ. მ–ი, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ნ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
გამართლებულ ნ. მ–ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; კასატორი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე და მიაჩნია, რომ იგი დეტალური, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ამასთან, გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის − დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმით, კავშირგაბმულობის საშუალებიდან მიღებული მონაცემებით; აგრეთვე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია, ხოლო ოდოროლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების შედეგები არ უნდა იყოს აღქმული ბრალდების გამორიცხვის ავტომატურ საფუძვლად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ნ. მ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ტ. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითა, რომ 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მასთან სახლში მივიდა უცხო მამაკაცი, რომელსაც, დიდი წვერი ჰქონდა. საუბრის დაწყების შემდეგ, ამ პირმა იარაღი ამოიღო, უთხრა, რომ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელი იყო და მოსთხოვა 4000 აშშ დოლარი, რაც „ქურდული გზისთვის“ უნდა გადაეცა. დაზარალებულის განმარტებით, ეს პირი იყო ნ. მ–ი; მან ფული გადასცა ნ–ს, შემდეგ ნ–ი მას და მის ცოლ-შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ამ ამბავს ვინმეს გაუმხელდა ან იჩივლებდა. ფულის სანაცვლოდ, ნ–ი მისი მომავალი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ნ–ის მისვლის შემდეგ, დაზარალებულს შეეშინდა და ამიტომ მხოლოდ ერთ პირს – ვინმე ,,ს–ს“ გაუმხილა მომხდარის შესახებ, სხვა არავისთვის არაფერი უთქვამს, არც პოლიციაში განუცხადებია.
9. მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, დაზარალებულმა მიუთითა, რომ 2023 წლის ნოემბერში, მეზობლის გარდაცვალების დღეებში, დაახლოებით 22:00-23:00 საათზე, კარზე კაკუნი გაიგო. კარი გააღო და კვლავ ნ. მ–ი დაინახა; ბრალდებულმა ამჯერად ამოიღო შავი ფერის „მაკაროვი“, დაადო მარჯვენა საფეთქელზე, თმაში მოჰკიდა ხელი, ცხვირი რკინის კარზე მიარტყმევინა, რის შემდეგაც ტ. გ–ი ჩაიკეცა. დაზარალებულის განმარტებით, ნ–მა მას მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი, მან კი, შესთავაზა 8000 აშშ დოლარი, რომელსაც მაცივარში ინახავდა; შემდეგ ნ–მა ეს თანხა წაიღო, ხოლო მაცივარში არსებული 1200 ლარი არ აუღია. დაზარალებულმა მიუთითა, რომ ნ. მ–ი კვლავ დაემუქრა. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას მხოლოდ 2023 წლის 28 ნოემბერს შეატყობინა. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად, ცხვირზე მიიღო დაზიანება, რაც სხვა პირებმაც ნახეს.
10. დაზარალებულმა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ა. მ–მა შენიშნა მის ცვხირზე დაზიანების არსებობა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა. მ–ი უარყოფს დაზიანების შემჩნევას. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის ოქმს წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი, ამასთან, ოქმი ქართულ ენაზე იყო შედგენილი, მან კი ქართული არ იცის. ა. მ–ის ჩვენების მიხედვით, ნ–ისა და ტ– ის ურთიერთობისა და მომხდარი ფაქტის შესახებ, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
11. მოწმეები: ე. რ–ი, ა. მ–ი, ს. გ–ი, ტ. ო–ი და ტ. ა–ა უშუალოდ არ შესწრებიან ნ. მ–ის მიმართ ინკრიმინირებულ რომელიმე ეპიზოდს, ისინი პირადად არ ფლობენ ინფორმაციას არც ტ. გ–ის მიმართ ძალადობის და არც თანხის წართმევის შესახებ. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და, ამასთან, მათ მიხედვით, არ იკვეთება ნ. მ–ის უშუალო კავშირი ბრალდების კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან.
12. დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ტ. გ–ს ცხვირის ზედაპირზე, ზედა ნაწილში აღენიშნებოდა მკრთალი ვარდისფერი ადგილი და მარცხენა ფეხის წვივზე, მუხლის ქვემოთ, მუქი ფერის წერტილი, რაც მისივე განმარტებით, მიიღო 2023 წლის 17 ნოემბერს, ნ. მ–ის ძალადობის შედეგად. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ მითითებული მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება დაზიანების ნ. მ–ის მიერ მიყენების ფაქტი, მით უფრო, რომ დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით დგინდება შემდეგი: ტ. გ–ს, 2023 წლის 29 ნოემბერს, ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ობიექტური შემოწმების მონაცემებით, ტ. გ–ის შემოწმება ჩატარდა 2023 წლის 29 ნოემბერს, 15:20 საათზე. იგი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში. ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ დაზიანება არ აღენიშნება. სახის, თავისა და ქვედა კიდურების მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
13. ბრალდების მხარე ასევე აპელირებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზეც, რა დროსაც ამოიღეს 1200 ლარი, თუმცა დაზარალებულისვე ჩვენებით ირკვევა, რომ ეს თანხა თავდამსხმელს არ წაუღია და დარჩა მაცივარში. მაშასადამე, ოქმი რეალურად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იქამდე მაცივარში დამატებით 8000 აშშ დოლარი ნამდვილად ინახებოდა, რომელიც სწორედ ნ. მ–მა წაიღო.
14. ტ. გ–ის მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, დაზარალებულმა ამოიცნო ნ. მ–ი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ოქმი ვერ შეფასდებოდა ცალკე, დამოუკიდებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ამოცნობაც კვლავ იმავე პირველწყაროს − დაზარალებულისგან მომდინარე ინფორმაციას ემყარება.
15. კასატორი ასევე აპელირებს 2022 წლის 17 ნოემბერს ნ. მ–ის ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტსა და გადაადგილების დროის მონაკვეთებზე, კავშირგაბმულობის არხებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ქმნის მხოლოდ ზოგად წარმოდგენას ნ. მ–ის გადაადგილებაზე, მაგრამ უტყუარად ვერ ადასტურებს ტ. გ–ის სახლში უშუალოდ ყოფნისა და ბრალდების ფორმულირებაში აღწერილი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
16. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტ. გ–ის სახლში ნ. მ–ის სუნის კვალი არ აღმოჩნდა. კასატორი ამ გარემოებას იმით ხსნის, რომ შემთხვევიდან 12 დღე იყო გასული და ბუნებრივია, კვალი აღარ იქნებოდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ განუხილავს როგორც გამამართლებელი განაჩენის გადამწყვეტი საფუძველი. არამედ, გამამართლებელი განაჩენი დაფუძნებულია მთლიანობაში იმაზე, რომ ნ. მ–ის ბრალეულობა არ დადასტურდა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის ისეთ ერთობლიობას, რომელიც ნ. მ–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე