საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.04.2026
საქმის ნომერი
2კ-76აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100124009831625

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №76აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი

ბ–ე მ., №76აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სიცოცხილის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბ–, .......-ში მდებარე №... ბინაში, მ. ბ–ისა და ნ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ნ. ბ–ეს, კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმაზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბ–, .......-ში მდებარე №.......ბინაში, მ. ბ–ისა და ნ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–ე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ნ. ბ–ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბ–, .......-ში მდებარე №.......ბინაში, მ. ბ–ისა და ნ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დააზიანა ოჯახის წევრის, მეუღლის – ნ. ბ–ის კუთვნილი „რედმის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით:

მ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

მ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2024 წლის 30 ივნისიდან 2024 წლის 2 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 85 საათით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი ყველა ქმედებისთვის და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის შეფარდება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ – თორნიკე გოგეშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე, მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, მ. ბ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შესული შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, აგრეთვე, თავად მსჯავრდებულის დასკვნითი სიტყვით, სადაც პროკურორის განმარტებით, მსჯავრდებულმა დაადასტურა დაზარალებულისათვის თმის მოქაჩვა და მის მიერ ტკივილის განცდა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ბრალდების ამ ეპიზოდებთან მიმართებით, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ. ბ–ემ ისარგებლა რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. თვაის მხრივ, მ. ბ–ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარე მ. ბ–ის მიერ მეუღლის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის დასადასტურებლად უთითებს საქმეში არსებულ, უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებზე, მათ შორის, შემაკავებლ ორდერსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შესულ შეტყობინებაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის თვალსაზრისით ცალ-ცალკე და ერთობლივად. ასევე უნდა შეაფასოს მათი საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს გამომძიებლების – ჯ. ფ–სა და დ. ა–ს გამოკითხვის ოქმებს, სადაც აღნიშნულია დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ჩადენილი ძალადობისა და მუქარის შესახებ. შესაბამისად, გამოკითხვის ოქმების ხსენებული ნაწილი ირიბია. საკასაციო სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია. რაც შეეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ აუდიო ჩანაწერს, ეს უკანასკნელი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის თვალსაზრისით არარელევანტურია, რადგან ჩანაწერში ისმის ქალის ტირილის ხმა, აგრეთვე, ისმის საუბარი, რომლის ზუსტად გარჩევა ვერ ხერხდება, მამაკაცი კი ქალბატონს ეუბნება, რომ გავიდეს. აღნიშნული აუდიო ჩანაწერით, ასევე, გამომძიებლების – ჯ. ფ–სა და დ. ა– გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც, მათ შორის, აღწერენ დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას, დგინდება, რომ ნ. ბ–ე ტიროდა და იყო აღელვებული. მიუხედავად ამისა, მხოლოდ დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა არ იძლევა ბრალად წარდგენილი ქმედებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას და თავისთავად არ გულისხმობს, რომ დაზარალებულის აღელვება ძალადობისა და მუქარის შედეგი იყო, მით უფრო, რომ „112-ის“ აუდიო ჩანაწერის დასასრულს, ისმის ქალბატონის ხმა, რომელიც მამაკაცს ტირილით მიმართავს, თუ რატომ გაუტეხა ტელეფონი. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მ. ბ–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმს, სადაც დაზარალებული უთითებს მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის შესახებ, თუმცა, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცეულებით სტანდარტს. ამასთან, არ შეიცავს ინფორმაციას ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილის შესახებ, რომლის დადგენაც აუცილებელია ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას მსჯავრდებულის მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვის შინაარსზე, რომლითაც, თითქოს, მსჯავრდებულმა დაადასტურა დაზარალებულისათვის თმის მოქაჩვა და მის მიერ ტკივილის განცდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, დასკვნითი სიტყვა სრული სიცხადით არ აღწერს მომხდარს და ვერ იქნება გამოყენებული მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ.

5.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე