საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1072აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007687578

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1072აპ-25 23 აპრილი, 2026 წელი

ქ–ე დ., №1072აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ქ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად), ხოლო ლ. მ–ი (პირადი ნომერი: ...........) – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ლ. მ–მა და დ. ქ–ემ განიზრახეს მოეკლათ დ. კ–ა, რა მიზნითაც 2023 წლის 2 მაისს, ქ. თ–ში, ........ის ქ. №..-ის მიმდებარედ, დ. ქ–ე და ლ. მ–ი, დ. ქ–ის მართვის ქვეშ მყოფი ტოიოტას ფირმის ავტომანქანით (სახ. №........) მივიდნენ დ. კ–ას საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც ავტომანქანიდან ლ. მ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დ. კ–ას მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები – წელის მიდამოში ერთი ჭრილობა, მარცხენა თეძოს არეში, მარცხენა ხელის არათითზე, მარჯვენა ფეხის ბარძაყზე ჭრილობები და სათესლე ჯირკვლების გამჭოლი ჭრილობა, რის გამოც იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. დ. ქ–ემ და ლ. მ–მა კი დ. კ–ას მკვლელობის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.

1.3. ლ. მ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 2023 წლის 2 მაისს, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

1.4. ლ. მ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც 2023 წლის 2 მაისს, ქ. თ–ში, ........ის ქ. №..-ის მიმდებარედ გამოიყენა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ. ქ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით, დ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;

ლ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა მეტრეველმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. ქ–ისა და ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ეპიზოდებით და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, დ. ქ–ისა და ლ. მ–ის ბრალადწარდგენილი ეპიზოდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ დ. ქ–ისა და ლ. მ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. მოწმეების – ე. მ–ს, ლ. ც–ე-ნ–ს, ი. პ–ს, გ. ნ–ს, გ. ლ–ს, რ. კ–სა და მოწმედ დაკითხული გამომძიებლებისა და დეტექტივების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატელეფონო ანძების ჩანაწერებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია დ. ქ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის გადაადგილების ტრაექტორია და დრო, თუ დროის რომელ მონაკვეთში სად იმყოფებოდა. სასამართლომ უგულვებელყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ, ქ. თ–ი ფ–ს ქუჩიდან რესტორან „ღ–ე“ ავტომანქანის გადაადგილებას, რომ იგი უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება და სწორედ რესტორან „ღ–ს“ ტერიტორიაზე მანქანიდან გადმოდიან დ. ქ–ე და ლ. მ–ი – აღნიშნული დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზითა და ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ გასროლა მოხდა იმ მანქანიდან რომელიც შემდგომ შეეჯახა ავტობუსს, ხოლო გასროლა იყო მანქანის უკანა სავარძლიდან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ქ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბარალდებებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც არის ფაქტის თვითმხილველი არის თავად დაზარალებული – დ. კ–ა, რომელმაც გამორიცხა დ. ქ–ისა და ლ. მ–ის მხრიდან მისი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი და განმარტა, რომ ორივე მათგანი მისი მეგობარია. ამასთან, კასატორის პოზიციით დ. ქ–ისა და ლ. მ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა დადასტურდა გ. ლ-ს გამოკითხვის ოქმით, რომელსაც საქმის გარემოებების შესახებ მიცემული აქვს დეტალური ინფორმაცია. ამასთან, გამოძიების ეტაპზე მან ფოტოსურათებით ამოიცნო დ. ქ–ე და ლ. მ–ი.

5.4. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. ლ–მა კატეგორიულად გამორიცხა დ. ქ–ისა და ლ. მ–ის მონაწილეობა დაზარალებულზე თავდასხმაში და განაცხადა, რომ ავტომანქანაში წინ მძღოლი იჯდა. მძღოლის გვერდით სკამზე არავინ არ იჯდა. უკანა სავარძელზე იჯდა თუ არა ვინმე, არ დაუნახავს. ავტომანქანის უკანა მინები დაბურული იყო. მძღოლის მხოლოდ სილუეტი დაინახა. უშუალოდ გასროლის ფაქტი არ დაუნახავს. მოგვიანებით პოლიციაში გამოჰკითხეს მოწმის სახით, ასევე მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რომლის შინაარსაც არ დაეთანხმა. ფოტოსურათები პოლიციის განყოფილებაში, კომპიუტერში აჩვენეს. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას არ ეთანხმება. ჩვენების მიცემისას იყო ნასვამი და დაღლილი, შესაბამისად, რა ჩვენება მისცა, არ ახსოვს.

5.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და, შესაბამისად, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება/ვალდებულება შეაფასოს მოწმეთა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები (და არა გამოძიების დროს შედგენილი მოწმეთა დაკითხვის ოქმები და არაფორმალურ გარემოებებში გაკეთებული განმარტებები), რაც მოცემულ შემთხვევაში სიღრმისეულად განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამასთან, რომც მიენიჭოს განსაკუთრებული მტკიცებულების ძალის მნიშვნელობა გ. ლ-ს გამოკითხვის ოქმსა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, აღნიშნული არ ქმნის შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს დ. ქ–ისა და ლ. მ–ის ბრალეულობას. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მტკიცებულება წინააღმდეგობაშია, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

5.6. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ ვიდეოჩანაწერებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, ვიდეოჩანაწერებში ასახულია დ. ქ–ისა და ლ. მ–ის გადაადგილების მარშრუტი, თუმცა მათი შინაარსი არ შეიცავს ინფორმაციას ბრალადწარდგენილი ქმედების დასადასტურებლად. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დ. ქ–ისა და ლ. მ–ის მიერ დ. კ–ას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტსა და ლ. მ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტებს. იმისათვის კი, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიის სისწორეს დაადასტურებს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე