საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100123007686150
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1160აპ-25 ქ. თბილისი
ჩ-ი გ, 1160აპ-25 29 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ზვიად ფხაკაძის, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. გ-ისა და ტ. კ-ის საკასაციო საჩვრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
1.1. გ. ჩ-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 30 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 7 მაისს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქალაქ ბ-ში, დ. ა-ის ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის პირას განთავსებულ ,,ძმები უ-ის“ სახელობის სტადიონზე, გ. ჩ-მა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის გზით, დ. რ-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მრავლობითი, მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. ჩ-ის გამართლება. ალტერნატიულად, კასატორმა მოითხოვა მსჯავრდებულის ქმედების შეფასება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობით.
4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. ჩ-ის გამართლება.
4.3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ შესაგებლით მოითხოვა დაცვის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2023 წლის 7 მაისს, ბ-ში, ძმები უ-ის სახელობის სტადიონზე, დაახლოებით 21:00 საათისათვის, ნახეს დაჭრილი მამაკაცი, სისხლის გუბეში, რომელიც გადაიყვანეს ბ-ის ცენტრალურ სავაადმყოფოში. აღნიშნული მამაკაცი იყო დ. რ-ი, რომელიც გარდაიცვალა მიყენებული დაზიანებების შედეგად. ამ ფაქტს ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული სასწრაფო დახმარების ექიმი თ. ქ-ი, მძღოლი რ. მ-ი, ექთანი ლ. ი-ძე.
8. 2023 წლის 7 მაისს ბ-ში, ძმები უ-ის სახელობის სტადიონზე, დაახლოებით 19:00 საათისათვის, დ. რ-სა და გ. ჩ-ს შორის იყო სიტყვიერი კონფლიქტი, რაც დასტურდება გ. ჩ-ისა და მოწმე გ. ჯ-ის ჩვენებებით. ისინი უშუალოდ საუბრობენ კონფლიქტის შესახებ. მოწმე ნ. ს-ის ჩვენებებით, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანით გადაადგილებისას, მასთან მყოფი გ. ჩ-ის შვილი საუბრობდა მამამისის - გ. ჩ-ისა და დ. რ-ის უსიამოვნების შესახებ. ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით: დ. მ-ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2023 წლის 7 მაისს იმყოფებოდა სტადიონზე. იქვე იყვნენ გ. ჩ-ი და დ. რ-ი. მოსაღამოვებული იყო, როცა გაიგო რ-ის ხმამაღალი საუბარი, თუმცა შეკითხვაზე, რაზე იყო ანერვიულებული, უპასუხა, ემოციურად ვარო. მოწმე ო. კ-ნი გამოკითხვის ოქმის მიხედვით ასევე ადასტურებს, რომ 2023 წლის 7 მაისს იმყოფებოდა უ-ის სახელობის სტადიონზე და სტადიონიდან გასვლის დროს ნახა, რომ დ. მ-ძე ამშვიდებდა აღელვებულ დ. რ-ს, თუმცა აღელვების მიზეზი არ უთქვამს. დ. მ-მ მოახერხა მისი დამშვიდება, რის შემდგომ, თავად, დ. მ-ძე და ი. ა-ძე წავიდნენ სტადიონიდან. მოწმე ი. ა-ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 7 მაისს იმყოფებოდა სტადიონზე, ო. კ-სა და დ. მ-ან ერთად, მან დაადასტურა სტადიონზე გ. ჩ-ისა და დ. რ-ის ყოფნის ფაქტსაც.
9. დ. რ-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული მარჯვენა ბარძაყის დაზიანებული ვენიდან და არტერიიდან განვითარებული სისხლდენით; ხოლო მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობა ბარძაყის არტერიისა და ვენის სრული დაზიანებით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას და პირდაპირ უკავშირდება დამდგარ შედეგს. ზედა ყბაზე კბილების მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ჭრილობებზე ჩატარებული სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციების გამო, პირველადი სურათი ამ ჭრილობების წაშლილია, რის გამოც მათი მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა დაზიანებების ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენების ფაქტი დასტურდება დ. რ-ის სამედიცინო ისტორიით, მოწმეთა - ლ. ი-ისა და თ. ქ-ის ჩვენებებით, რომელთა კომპეტენცია, მართალია, არ არის ამ საკითხის განსაზღვრა, თუმცა მათი გამოცდილება დამაჯერებელს ხდის მათ პოზიციას იმ ნაწილში, რომ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული. ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, დ. რ-ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ნაწილი ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის მასრები, მოწმეების - ა. რ-ის, თ. შ-ის, ნ. ს-ის ჩვენებები, რომლებმაც გაიგონეს გასროლის ხმები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების თაობაზე ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დადგინდა, რომ მასრები, რომლებიც განკუთვნილია უცხოური შაშხანებისა და კარაბინების დიდი ჯგუფისათვის, გასროლილია ერთსა და იმავე იარაღში.
10. დადგენილი გარემოებაა, რომ 2023 წლის 7 მაისს, დ. რ-ის მკვლელობის ადგილის სიახლოვეს და მკვლელობის ჩადენის წინა პერიოდში, სტადიონის მიმდებარედ გადაადგილდებოდა ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილი სახ.ნომრით ..., რომელიც ეკუთნის გ. ჩ-ს და რომლითაც სარგებლობდა მისი მეუღლე ხ. გ-ი, რაც დასტურდება სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-იდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით. ჩანაწერების დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ თავდაპირველად ავტომანქანაში იჯდა მხოლოდ ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, არის გ. ჩ-ის მეუღლე - ხ. გ-ი, ეს ხდება 19:09:51 საათიდან 19:54:52 საათებს შორის პერიოდში, ხოლო უკვე 20:46:29 საათზე და ამის შემდგომ აღნიშნულ ავტომანქანაში იკვეთება წინა სალონში ორი პირი. მათგან მძღოლის ადგილზე ზის ის პირი, ვისაც აცვია შედარებით მუქი ფერის ზედა, ხოლო მძღოლის გვერდით მგზავრის სავარძელში - პირი, რომელსაც აცვია შედარებით ღია ფერის ზედა. ჩანაწერების მიხედვით, სახეები არ ჩანს და მათი ვინაობა ვერ დგინდება. მას შემდეგ, რაც დ. რ-ი შედის ძმები უ-ის სახელობის სტადიონის მიმდებარედ, აღნიშნული ავტომობილი გაჩერდა სტადიონთან. მძღოლის მხრიდან გადმოსული პირი შევიდა სტადიონზე, რა დროსაც გაისმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლის ხმა. აღნიშნული ავტომანქანის სტადიონთან გაჩერებას, ავტომანქანიდან მძღოლის მხრიდან გადმოსული პირის მიერ გასროლებს, ადასტურებენ მოწმეები - თ. შ-ძე, შ. ტ-ძე. მოწმე ნ. ს-მ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ საკუთარი ავტომანქანით სტადიონის მიმდებარედ გადაადგილებისას, მან და ხ. გ-მა შენიშნეს აღნიშნული ავტომანქანა და გაიგონეს გასროლის ხმა. ამრიგად, გ. ჩ-სა და დ. რ-ს შორის უშუალოდ მკვლელობამდე კონფლიქტის ფაქტი, დ. რ-ის ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დამდგარი სასიკვდილო შედეგი, ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილის, სახ.ნომრით ... მძღოლის მხრიდან გადმოსული პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შედეგად დ. რ-ის სიკვდილის გამომწვევი დაზიანებების ფაქტი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია.
11. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა, რომ გ. ჩ-ი დ. რ-ან კონფლიქტის შემდგომ სტადიონზე აღარ დაბრუნებულა. ავტომანქანაში, რომლის გადაადგილების ფაქტსა და სტადიონთან გაჩერების ფაქტს სადაოდ არ ხდიან, გ. ჩ-ი არ ყოფილა. ავტომანქანაში იმყოფებოდა მათი განმარტებით, სულ მცირე სამი პირი, მაგრამ მათ შორის არცერთი ყოფილა გ. ჩ-ი.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილის, სახ.ნომრით ..., მძღოლი იყო გ. ჩ-ი. აღნიშნულის შესახებ მიუთითებს უშუალოდ მოწმე შ. ტ-ძე, რომელმაც პირდაპირ დაასახელა, რომ ავტომანქანა გაჩერდა რა სტადიონთან, მძღოლის მხრიდან გადმოვიდა გ. ჩ-ი, რომელმაც ესროლა სტადიონზე შესულ დ. რ-ს. მოწმე ნ. ს-მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ გ. ჩ-ის მეუღლის, ხ. გ-ის თხოვნით, მას საკუთარი ავტომანქანით ხ-ნა და მისი შვილები გადაჰყავდა სახლში, რა დროსაც დაინახეს ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილი სახ.ნომრით ..., რომლითაც, როგორც დგინდება, სარგებლობდა ხ. გ-ი, თუმცა იმ დროს თავად არ გადაადგილდებოდა.
13. დაცვის მხარის იმ ვერსიას, რომ ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილში, სახ.ნომრით ..., გ. ჩ-ი არ იმყოფებოდა, გამორიცხავს ხ. გ-ის ქმედებები. ერთი მხრივ, მან სთხოვა ნ. ს-ს, გაჰყოლოდა ავტომანქანას, გ-ს გავყვეთო, ხოლო გასროლის შემდგომ ხ. გ-ის ემოციური ფონი და მისი ნათქვამი: ,,დავიღუპე ნ-ო მიშველე, გ-ს დაბრალდება“. სწორედ ხ. გ-ი და ნ. ს-ე მივიდნენ ბ-ის ცენტრალური საავადმყოფოს რეგისტრატურაში და შეატყობინეს, მართალია, გაურკვევლად, მაგრამ ფაქტი, რომ სტადიონზე უნდა გასულიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაზარალებულის დასახმარებლად. იმდენად მძაფრი იყო მათი ემოციური ფონი, რომ რეგისტრატორ-ოპერატორმა ვერ გაიგო, რა მოხდა, ვინ იყო დაზიანებული, ქალბატონი თუ - მამაკაცი. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ა. ჯ-ი, კლინიკის რეგისტრატორი. ასევე მათ მძიმე ემოციურ ფონზე საუბრობს მოწმე გ. მ-ი, ნ. ს-ის მეუღლე, რომელიც, მეუღლის თხოვნით, მივიდა სავადმყოფოში და მანაც დაადასტურა მისი მძიმე ემოციური ფონი.
14. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება, რომ გ. ჩ-ი არის უდანაშაულო და თითქოს ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილით სახ.ნომრით .., გადაადგილდებოდნენ სულ სხვა პირები, რომელთაგან ერთ ერთმა რამდენჯერმე გაისროლა, რასაც მოჰყვა დ. რ-ის სიკვდილი. აღნიშნული ვერსია არ არის თანხვდენილი საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. მსჯავრდებულმა გ. ჩ-მა განაცხადა, რომ დ. რ-ან კონფლიქტის შემდეგ, სტადიონიდან გაემგზავრა მეგობარ გ. წ-ან ვენახის შეწამვლის სამუშაოებზე სასაუბროდ, ამის შემდეგ კი წავიდა შხამქიმიკატების შესაძენად. სიმამრის სახლთან გააჩერა თავისი ავტომანქანა, რადგან შეექმნა პრობლემები და გზა გააგრძელა ფეხით. სწორედ ფეხით მიმავალს მიაყენა მას დ. რ-მა ხანჯლისმაგვარი საგნით დაზიანებები, რის შემდეგაც მივიდა მეგობარ გ-ან, რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. ეს მეგობარი წავიდა დ. რ-ან სიტუაციის გასარკვევად. გ. ჩ-ს არ დაუსახელებია და არც აპირებს, დაასახელოს ამ კონკრეტული პირის ვინაობა. იგი ამბობს, რომ სხვის დანაშაულს იღებს საკუთარ თავზე. ამ ავტომანქანით მას არასდროს უსარგებლია, მეგობრები გადაადგილდებოდნენ გ. ჩ-ის ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილით, სახ.ნომრით ..., რომელიც მის მეუღლეს, მისივე განმარტებით, დატოვებული ჰყავდა სამრეცხაოზე გასაღებთან ერთად. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ვერსიას არადამაჯერებელს ხდის თავად ამ სამრეცხაოსთან დაკავშირებული გარემოება, კერძოდ, გამოიკითხა ჯ. ყ-ი. მისი გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, 2023 წლის 7 მაისს მუშაობდა გ. ჩ-ის კუთნილ ავტოსამრეცხაოში. იმ დღეს გ. ჩ-ის ავტომანქანა იყო გაფუჭებული და იდგა ავტოსახელოსნოში. არც ჩ-ის ავტომანქანა და არც ლურჯი ფერის FORD FUSION მარკის ავტომობილი, სახ.ნომრით ... არ გაურეცხავთ მათ ავტოსამრეცხაოში. მართალია, გ. ჩ-ი არ უთითებს, რომ ავტომობილი მის კუთვნილ სამრეცხაოზე ჰყავდა გაჩერებული, თუმცა ვინაიდან მას ჰქონდა საკუთარი სამრეცხაო, ლოგიკურია, რომ ავტომობილი იქ დაეტოვებინა. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ავტომანქანით არასდროს გადაადგილდებოდა. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნით ავტომანქანაში აღმოჩენილია ოთხი უცხო პირის დნმ (რომელთა კუთვნილება დაუდგენელია), ხოლო გ. ჩ-ის დნმ არ აღმოჩენილა, ცალსახად არ გამორიცხავს ჩ-ის ავტომანქანაში ყოფნის ფაქტს. შესაძლოა, მისი დნმ არ დატოვებულიყო. ამასთან, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით, გ. ჩ-ის სიმამრის, მოწმის სახით დაკითხული გ. გ-ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მის შვილს (ხ. გ-ს) ჰყავს ლურჯი ფერის ,,FORO-ს” ფირმის ავტომანქანა, რომლითაც მისი სიძე, გ. ჩ-ი ხშირად დადის ხოლმე, რაც ეწინააღმდეგება თავად მსჯავრდებულის ნათქვამს. დანაშაულის მოტივი - შურისძიება გააჩნდა თავად გ. ჩ-ს, რომელსაც უშუალოდ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე და მანამდე, წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა დ. რ-ან.
15. უტყუარად არ დასტურდება მსჯავრდებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დ. რ-მა ხანჯლისმაგვარი საგნით მიაყენა დაზიანებანი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნით, 2023 წლის 31 მაისს, პირადი შემოწმებისას, გ. ჩ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, განვითარებული რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. მდებარეობს მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას და ხანდაზმულობით მოიცავს, დაახლოებით, 1 თვემდე პერიოდს. რა თქმა უნდა, დაუდგენელია, ვინ მიაყენა გ. ჩ-ს დაზიანებანი. შესაბამისად, ამ ფაქტზე მხოლოდ გ. ჩ-ი საუბრობს და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით.
16. სააპელაციო სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად არ გაიზიარა გ. ჩ-ის პოზიცია იარაღთან დაკავშირებით, რომ მან მეგობარს ათხოვა ის იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე, ხოლო ბინის ჩხრეკისას არ ამოღებულა, კერძოდ BROWNING-BAR SHORTTRAC 308 win კალიბრის იარაღი; მაშინ როდესაც ბინიდან ამოღებულ იქნა სამი სხვადასხვა დასახელების იარაღი და ვაზნები, ეს ის იარაღია, საიდანაც, სავარაუდოდ, გასროლილია მასრები, როთაც დაზიანებები აქვს მიყენებული დ. რ-ს.
17. ალოგიკურია დაცვის მხარის მსჯელობა მსჯავრდებულის ტანსაცმელთან მიმართებით. დადგენილია, რომ გ. ჩ-ს ტანსაცმელი (ვარდისფერი ზედა და კრემისფერი შორტი) ეცვა სტადიონზე რ-ან კონფლიქტის დროს, შემთხვევის დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხოლო ავტომანქანის გადაადგილებისას, საკმაო დროის, დაახლოებით საათნახევრის შემდგომ, არ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ გ. ჩ-ს სხვა ტანსაცმელი სცმოდა. რაც შეეხება მოწმეების მხრიდან ტანსაცმლის ფერების დასახელებას აღნიშნული დამოკიდებულია მოწმის სუბიექტურ აღქმაზე, რაც ასევე არ გამორიცხავს გარკვეული სახის უზუსტობას.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ შ. ტ-ძე ცრუ მოწმეა. თუმცა საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ეთანხმება ადვოკატების პოზიციას, რომ შ. ტ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებისას და ასევე გამოძიებისას, გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარკვეული გარემოებები წინააღმდეგობრივია, არის ცდომილებები. ეს არ ნიშნავს, რომ შ. ტ-ძე საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. მის იქ ყოფნას არ გამორიცხავს ასევე მოწმეების - თ. შ-ისა და ნ. ს-ის ჩვენებები. ისინი აცხადებენ, რომ შ. ტ-ე შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავთ. შ. ტ-ძე უშუალოდ სტადიონზე არ იმყოფებოდა, ხოლო მის მიმდებარედ თუ ამ ორმა პირმა ვერავინ ვერ დაინახა, არ ნიშნავს, რომ იქ არავინ იყო. ამასთან, მოწმე ნ. ს-ე შემთხვევის ადგილზე მივიდა არა მყისიერად, არამედ მას შემდეგ, რაც მანქანა გააჩერა, დაახლოებით 3-4 წუთის მერე.
19. ასევე საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია შ. ტ-ის არაადეკვატურობასთან, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებში წარმოდგენილია ცნობა იმის შესახებ, რომ იგი სამედიცინო დაწესებულებაში ამ კუთხით აღრიცხვაზე არ დგას; მოწმე ე. ფ-მა მისი ფსიქიკური ნაკლის შესახებ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ შ. ტ-ძე არის ეკლესიური, იცის წერა-კითხვა, ფსალმუნების კითხვა და მისი მხრიდან რაიმე არაადეკვატური ქცევების შესახებ არ სმენია. საგულისხმოა, რომ შ. ტ-ის ჩვენებები გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შეიცავს ცდომილებებს, როდესაც მან დაადასტურა ადვოკატის მიერ მისი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო იმავე გარემოებებთან დასმულ შეკითხვებზე განსხვავებული პასუხი დააფიქსირა სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ოცი წუთის განმავლობაში უწყვეტად უყურებდა, თუ როგორ მისდევდა გ. ჩ-ი ავტომობილით დ. რ-ს, რაც არ უთქვამს გამომძიებლისათვის, ის რომ სროლის მერე მანქანა წავიდა თ-ნ (ხოლო გამომძიებელი ც-აძე ამბობს, რომ მანქანა წავიდა ბ-ნ), გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ მივიდა დ-ან და სცადა დახმარება, ხოლო სასამართლოში განაცხადა, რომ არ მისულა და შიშის გამო გაიქცა, ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს დასკვნის საფუძველი საიმისოდ, რომ სასამართლო დაეთანხმოს დაცვის მხარის შეფასებას, რომ, თითქოს შ. ტ-ძე არის ცრუ მოწმე, არაადეკვატური, ტრაგიკომიკური და მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. მოწმე შ. ტ-ის ჩვენებებს შორის არსებული ცდომილებები, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი მოწმეა, არ შეიძლება დაედოს ამ ჩვენების გაუზიარებლობას საფუძვლად.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. გ. ჩ-ის ქმედება სამართლებივად სწორად შეფასდა, როგორც განზრახ მკვლელობა და მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კანონიერი და სამართლიანია.
21. გ. ჩ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათავლისწინებული დანაშაული, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი, გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებებით, დანაშაული მან ჩაიდინა შურიძიების მოტივით, გარდაცვლილ დ. რ-ან არსებული კონფლიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე; მსჯავრდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, 2023 წლის 7 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, დ. რ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება , რამაც გამოიწვია ამ მისი სიკვდილი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს (პირის გარდაცვალება) შორის ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნა, რომლის თანახმად, გარდაცვლილის მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობა ბარძაყის არტერიისა და ვენის სრული დაზიანებით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დ. რ-ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული მარჯვენა ბარძაყის დაზიანებული ვენიდან და არტერიიდან განვითარებული სისხლდენით.
22. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
23. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
25. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, რომლითაც გ. ჩ-ს მსჯავრი დაედო, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
26. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რაზე დაყრდნობითაც არ გაიზიარა ბრალდებისა მხარის პოზიცია და სასამართლომ უცვლელად დატოვა გ. ჩ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
28. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
31. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ზვიად ფხაკაძის, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. გ-ისა და ტ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე