საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124009251008
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1030აპ-25 ქ. თბილისი
შ-ი ზ.1030აპ-25 18 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. მ–ისა და მ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. შ–ს, – პირადი ნომერი: ................, – ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია)).
ზ. შ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზ. შ–მა, 2024 წლის 14 მარტს, დღის საათებში, ქ. რ–ში, ლ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ე. მ–ს უკანონოდ მიასაღა, ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით, 0,442 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
ზ. შ–მა, 2024 წლის 19 მარტს, დღის საათებში, ქ. რ–ში, შ–ს ქ. N..-ის მიმდებარედ, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ე. მ–ს უკანონოდ მიასაღა, ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით, 0,3712 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 14 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით;
2.2. ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ( 2024 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. შ–ისთვის დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ზ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით;
2.4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.5. ზ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 30 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ზ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ლ–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, ზ. შ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 14 მარტის ეპიზოდი) სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 19 მარტის ეპიზოდი) ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში (260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (19 მარტის ეპიზოდი) მსუბუქი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. მ–მ და მ. კ–მ. კასატორები ითხოვენ ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და ზ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)).
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras.37,41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს ზ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ორივე ეპიზოდში.
8.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ზ. შ–ის მიერ 2024 წლის 14 და 19 მარტს ნარკოტიკული საშუალებების (14 მარტს - 0,442 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 19 მარტს – 0,3712 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის) შეძენა-შენახვა. დაცვის მხარის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზ. შ–ის მიერ არა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება (ორი ეპიზოდი), არამედ – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, ვინაიდან ზ. შ–ი, ე. მ–სა და სხვა პირებთან ერთად, აგროვებდა ნარკოტიკული საშუალების შესაძენ თანხას და შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდნენ ერთად.
9. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს – მათ შორის, მოწმეთა: ვ. ს-სა (გამომძიებელი) და ე. მ–ის ჩვენებებს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებს (რომლებიც ასახავს ზ. შ–ის მხრიდან ე. მ–ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტებს), ქიმიური ექსპერტიზის N......... და N........... დასკვნებს, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის N............ დასკვნას, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.......... დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს.
10. 2024 წლის 14 მარტის ფარული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ
10.1. 2024 წლის 14 მარტს 10:00-11:04 საათამდე დროის შუალედში ე. მ–ი 400 ლარს გადასცემს ზ. შ–ს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. ზ. შ–სა და ე. მ–ს შორის შემდგარი კომუნიკაციისას ზ. შ–ი ეკითხება ე. მ–ს კიდევ ხომ არ არის ვინმე ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებული. ე. მ–ი ეუბნება, რომ მასთან ჩამოსულია ბიძაშვილი ძმაკაცთან ერთად და მათთან ერთად მოსახმარად უნდა, სხვა არის თუ არა ვინმე მსურველი არ იცის და თუ გაიგებს ეტყვის დამატებით.
10.2. 2024 წლის 14 მარტს 13:20-13:27 საათამდე დროის შუალედში ე. მ–ი მიდის ავტომობილში მჯდომ ზ. შ–თან, რომელიც გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას და სთხოვს რომ ერთი დოზა („ზახოდი“) გაუტანოს „ყ–ს“, რადგან დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებიდან წილს თავად აიღებს, ხოლო ე. მ–მა „ყ–ს“ უნდა მისცეს თავისი წილი ნარკოტიკული საშუალება. ე. მ–ი ჰპირდება ზ. შ–ს რომ თავად დაუკავშირდება „ყ–ს“ და ზ. შ–ი არ შეეხმიანოს, თავად დაურეკავს.
10.2.1. მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 14 მარტის 13:20-13:27 საათის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ზ. შ–სა და ე. მ–ს აკავშირებთ წინარე ნაცნობობა, ასევე ორივე მათგანი იცნობს „ყ–ს“, თუმცა მოცემული ჩანაწერით არ დასტურდება ე. მ–ისა და ზ. შ–ის შეთანხმება ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარების შესახებ, მხოლოდ ის გარემოება, რომ ორივე მათგანი იცნობს „ყ–ს“ ან/და ზ. შ–ის მიერ ე. მ–ისათვის მოტანილ ნარკოტიკულ საშუალებაში არის სხვისი წილი, ვერ ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარების განზრახვას.
11. 2024 წლის 19 მარტის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ
11.1. 2024 წლის 19 მარტს 11:13-11:16 საათამდე დროის შუალედში ე. მ–ი გადასცემს 400 ლარს ზ. შ–ს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად და თანხმდებიან შეხვედრის ადგილზე.
11.2. 2024 წლის 19 მარტს 13:24-13:30 საათამდე დროის შუალედში, ე. მ–ი ჯდება ზ. შ–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, სადაც ზ. შ–ი სთავაზობს ე. მ–ს ნარკოტიკული საშუალების ორი შენაფუთიდან აირჩიოს ერთი, ე. მ–ი სთხოვს თავად აირჩიოს და მისცეს რომელიმე. ზ. შ–ი აძლევს ე. მ–ს მოლურჯო ფერის პოლიეთილენის ცელოფანში მოთასებულ შენაფუთს, სთხოვს მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებიდან გადმოუყაროს „ცოტა, სულ ცოტა, იქ რომ ჩაყარონ“, რაზეც ე. მ–ი უარს ეუბნება და სთავაზობს, რომ თავად მოამზადებს ნარკოტიკულ საშუალებას მოსახმარად (მოხარშავს) და ისე მიუტანს, რაც არ არის მისაღები ზ. შ–ისათვის, ეუბნება, რომ მოტანა არ უნდა, რადგან „იქ ჩაყრის“ და ბევრი არ უნდა. თუმცა ე. მ–ი კვლავ უარს ეუბენა და გადადის ავტომობილიდან. მოცემული ჩანაწერით არ დასტურდება (მაგ.: 14 მარტის ეპიზოდის მსგავსად), რომ ე. მ–ის მიერ 2024 წლის 19 მარტს შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებაში არის ასევე ზ. შ–ის წილი.
12. მოცემულ შემთვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ. შ–ისა და ე. მ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარების ფაქტი, როგორც 14 და 19 მარტს, ასევე წინარე პერიოდში. მართალია დაცვის მხარე უთითებს ე. მ–ის ბებიის სახლზე, სადაც მისი მტკიცებიით ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი/გარემოებითი მტკიცებულება (გარდა მსჯავრდებულ ზ. შ–ის განმარტებებისა), რაც დაადასტურებდა, რომ ე. მ–ის ბებია ფლობს ბინას, რომელიც მდებარეობს მსჯავრდებულის მიერ მითითებულ მისამართზე („კ–ე, ეკლესიის უკან, მარცხენა კორპუსში“, ამასთან არ უთითებს არც კორპუსს, სადარბაზოს, სართულს, კონკრეტულ დეტალებს, არ არის წარმოდგენილი არც აღნიშნულ მისამართზე მაცხოვრებელი რომელიმე პირის/მეზობლის ჩვენება, რაც დაადასტურებდა როგორც აღნიშნული ბინის კუთვნილებას ე. მ–ის ნათესავისადმი (ბებია), ასევე აღნიშნულ მისამართზე ზ. შ–ის ყოფნის და დაცვის მხარის პოზიციის სარწმუნოებას – „აღნიშნულ მისამართზე ზ. შ–ი ე. მ–თან და სხვა პირებთან ერთად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს“) ხდებოდა ე. მ–ის, ზ. შ–ისა და სხვა პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
13. ამასთან, ე. მ–მა სასამართლოში სასამართლოში დაკითხვისას კატეგორიულად უარყო ზ. შ–თან ერთად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი (მოწმის განმარტებით ზ. შ–ისაგან ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდულობდა თითქმის ყოველ დღე, მაგრამ მარტო მოიხმარდა, ზ–თან ერთად ნარკოტიკული საშუალება არც ერთხელ მოუხმარია (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:33:24-11:34:01), ზ. შ–ი გაიცნო როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი 11:40:02-11:40:20)). იმავდროულად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა: ე. მ–ის მიერ მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას. დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე ე. მ–ის სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, par. 49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, par.45, ECtHR,1/06/2010); არ დასტურდება დანაშაულის პროვოკაცია (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის, იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, paras. 37,51, ECtHR, 4/11/2010).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ. შ–ის ვერსია, თითქოსდა ე. მ–მა შესყიდვის შემდეგ გაამზადა ნარკოტიკი და ერთად მოიხმარეს. კერძოდ,14.1. 2024 წლის 14 და 19 მარტის ფარული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ საკონტროლო შესყიდვების შემდეგ ორივე შემთხვევაში ე. მ–ი ტელეფონით უკავშირდება გამომძიებელს და ატყობინებს საკონტროლო შესყიდვის ფაქტებს;
14.2. 2024 წლის 14 მარტის ამოღების ოქმით – ე. მ–ისაგან ამოღებული იქნა ზ. შ–ისაგან შეძენილი შავი ფერის პოლიეთილენის ცელოფანში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაილუქა .......... ლუქით, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტის, ლუქის ნომრით ......... მთლიანობა არ იყო დარღვეული, შავი ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭერში შეხვეული ნივთიერება კი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს – 0,442 გრამს;
14.3. 2024 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით – ე. მ–ისაგან ამოღებული იქნა ზ. შ–ისაგან შეძენილი მოლურჯო პოლიეთილენის ცელოფანში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაილუქა ............ ლუქით, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტის, ლუქის ნომრით .......... მთლიანობა დარღვეული არ არის, ლურჯი ფერის პოლიმერული მასალის თავმილღობილ ნაჭერში მოთავსებული ნოტიო, მოყავისფრო ნივთიერება კი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს – 0,3712 გრამს.
15. სასამართლო სიფრთხილით აფასებს მოწმე ე. მ–ის ჩვენებას, ითვალისწინებს მის ურთიერთმიმართებას/თანხვედრას სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, მოწმე განვითარებულ მოვლენებს ასახავს ურთიერთთანხვდენილად და დამაჯერებლად, მტკიცების საგანთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები შესაბამისობაშია როგორც მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ვ. ს–ს ჩვენებასთან, ასევე წერილობით (შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები) და ნივთიერ მტკიცებულებებთან, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებთან - ზ. შ–ისა და ე. მ–ის შეხვედრებისა და საუბრების ამსახველ ჩანაწერებთან, სადაც დეტალურადაა ასახული მოწმე ე. მ–ის მიერ მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე ე. მ–ის ჩვენების სარწმუნოობაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით.
16. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ე. მ–მა 2024 წლის 14 მარტს და 19 მარტს ზ. შ–ს გადასცა 400-400 ლარი, რის სანაცვლოდაც ზ. შ–მა 14 მარტს გადასცა – 0,442 გრამი, ხოლო 19 მარტს – 0,3712 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ზ. შ–სა და ე. მ–ს ერთად არ მოუხმარიათ და, ორივე შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ ე. მ–ი მივიდა გამომძიებელთან, რომელმაც შეძენილი ნარკოტიკული საშუალება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ამოიღო და დალუქა. შესაბამისად, 2024 წლის 14 მარტის ფარულ ვიდეოჩანაწერებში ზ. შ–ის მიერ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების წილზე მითითება, 19 მარტს – “ცოტა” ნარკოტიკული საშუალების გადაყრის მოთხოვნა ვერ ადასტურებს ე. მ–ისა და ზ. შ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარების ფაქტებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017), „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
19. „საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. მ–ისა და მ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე