საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100122005389986
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1123აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი კ, 1123აპ-25 9 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრამდე კ. მ-ი მუშაობდა შპს „G-it-ის“ დირექტორის პოზიციაზე, რომლის უფლება მოვალეობებში შედიოდა კომპანიის სრული საბუღალტრო და საფინანსო ოპერაციების წარმოება, მათ შორის, ფულადი სახსრების შეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. 2012 წლის 5 დეკემბერს ვ. მ-სა და შპს „G-it-ს“ შორის გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით, უპროცენტო სესხის ხელშეკრულების კვალობაზე, ვ. მ-ომ შპს „G-it-ს“ საწარმოს ფუნქციონირებისათვის გადასცა საჭირო თანხა, რომლის ნაწილიც კ. მ-ს შეჰქონდა კომპანიის ანგარიშზე დანიშნულებით „ვ. მ-ან მიღებული სესხი“. 2015 წლის 1 აპრილს, ვ. მ-სა და შპს „G-it-ის“ დირექტორ კ. მ-ს შორის გაფორმდა 01.04.2015 წლის ფულადი თანხების აღრიცხვის აქტი №1, რომლის მიხედვით, ვ. მ-ოს მიერ შპს „G-it-სთვის“ უპროცენტო სესხის სახით გადაცემული თანხის ოდენობამ შეადგინდა 1 598 339 ამერიკული დოლარი. 2015 წლის 15 დეკემბერს, მხარეებს შორის კვლავ შედგა ფულადი თანხების აღრიცხვის აქტი №2, რომლის მიხედვით, ვ. მ-ომ შპს „G-it-ს“ უპროცენტო სესხის სახით დამატებით გადასცა 127013 ამერიკული დოლარი, რის შედეგადაც, ვ. მ-ოს მიერ შპს „G-it-სათვის“ უპროცენტო სესხის სახით გადაცემული თანხის ოდენობამ, საერთო ჯამში, 1 725 352 ამერიკული დოლარი შეადგინა. 2015 წლის 1 აპრილისა და 15 დეკემბრის ფულადი თანხების აღრიცხვის აქტებში ასახული თანხებიდან კ. მ-მა საწარმოს საბანკო ანგარიშზე ფაქტობრივად შეიტანა 1 534 812,91 ამერიკული დოლარი, ხოლო 190540 ამერიკული დოლარი მიითვისა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის განაჩენით:
2.1. კ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა კ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული ყადაღა გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ბ-ის რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე ა. მ-ას (პ/ნ: ...) კუთვნილ ქონებას, საკადასტრო კოდი .... ;
2.4. კ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და კ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4.1. გამართლებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ნ. ა-მა და თ. ლ-ამ შესაგებლით მოითხოვეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არაჯეროვნად შეაფასა და გაამართლა კ. მ-ი, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა კ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
7. სადავო აქტებს წარმოადგენს 2012 წლის 5 დეკემბრის უპროცენტო სესხის ხელშეკრულება და 2015 წლის 1 აპრილსა და 2015 წლის 15 დეკემბერს შედგენილი ფულადი თანხების აღრიცხვის აქტები. ამასთან, საბოლოო თანხა, რომლის მითვისებაც ედება ბრალად კ. მ-ს, გამოყვანილია მხოლოდ ფულადი თანხების აღრიცხვის აქტებში ასახული თანხიდან, რაც შეადგენს 190 540 აშშ დოლარს. ამავე დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, თუ რა თანხა მიიღო 2012 წლის 5 დეკემბრის უპროცენტო სესხის ხეშეკრულებით კ. მ-მა, როგორც შპს „G-it-ის“ დირექტორმა ამავე საზოგადოების დამფუძნებელ ვ. მ-ან და რა რაოდენობის თანხა მიითვისა დასახელებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კიდევ უფრო ბუნდოვანია აღნიშნული საქმის ირგვლივ ჩატარებული თემატური რევიზიისათვის დასმული შეკითხვების შინაარსი, ვინაიდან სარევიზიო დოკუმენტებს შორის დასახელებულია როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული 2012 წლის 5 დეკემბრის უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, ასევე - 2013 წლის 5 მაისისა და 2015 წლის 17 დეკემბრის უპროცენტო სესხის ხელშეკრულებები, რომლებზე მითითებას არ შეიცავს ბრალდების შინაარსი. ამასთან, თემატური რევიზიის აქტში აღნიშნულია, რომ ყოველი პერიოდისათვის გამსესხებლისგან მსესხებლისათვის გადაცემული, ასევე გამსესხებლისათვის დაბრუნებული ფულადი სახსრების აღრიცხვა ხდება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის შედგენილი და ხელმოწერილი ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტით, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ ხელშეკრულებათა განუყოფელ ნაწილს. ამდენად, უნდა არსებობდეს, ზემოაღნიშნული სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტი, თუმცა 2012 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში ამგვარ აქტზე მითითებას არ შეიცავს თემატური რევიზიის შედეგები. აქტები შედგენილია მხოლოდ 2015 წლის 1 აპრილსა და 15 დეკემბერს და იგულისხმება, რომ 2015 წლის 1 აპრილით დათარიღებული ფულადი თანხის აღრიცხვის №1 აქტი მოიცავს უპროცენტო სესხად მიღებულ თანხას საწარმოს შექმნიდან 2015 წლის 1 აპრილამდე, ხოლო №2 აქტი - 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 15 დეკემბრამდე.
8. სამი სასესხო ხელშეკრულებიდან ერთი - 2012 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულება გაფორმებულია საწარმოს რეგისტრაციამდე, ხოლო კიდევ ერთი - 2015 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულება - ფულადი თანხების აღრიცხვის №2 აქტის შედგენის შემდეგ. ამასთან, დასახელებული სამი ხელშეკრულებიდან ბრალდების შესახებ დადგენილება მითითებას შეიცავს მხოლოდ ერთ მათგანზე - 2012 წლის 5 დეკემბრის უპროცენტო სესხის ხელშეკრულებაზე. ამდენად, იმ საკითხის გარკვევამდე, კ. მ-მა მიითვისა თუ არა შპს „G-it-ის“ კუთვნილი თანხები, აღნიშნულ საქმეში გაურკვეველია იმ ოფიციალური დოკუმენტების შედგენის დრო და შინაარსი, რომლებში დაფიქსირებული თანხებიდანაც უნდა განისაზღვროს საწარმოსათვის მოხმარებული და სავარაუდოდ მითვისებული ოდენობანი.
9. მოწმეების - ი. მ-ოსა და ვ. მ-ოს ჩვენებებით ირკვევა, რომ უშუალოდ თანხის გადაცემის დროს და შედარების აქტის შედგენის მომენტშიც ისინი არანაირ ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით არ ხელმძღვანელობდნენ, არამედ შესადარებლად უთითებდნენ იმ თანხას, რომელზეც ზეპირად იყვნენ შეთანხმებული კ. მ-ი და ვ. მ-ო. შესაბამისად, ყველა დოკუმენტი, რომლებსაც ჩაუტარდა რევიზია, შედგენილია არა რაიმე ოფიციალურ მონაცემზე დაყრდნობით, არამედ ზეპირსიტყვიერი შეთანახმებიდან გამომდინარე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მონაცემად. თემატური რევიზიის აქტიც კი მიუთითებს, რომ 2013 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით პერიოდში მიმწოდებლებისთვის გადარიცხული თანხებიდან მოხდა კომპანიის მიერ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მოწყობილობების, ასევე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა. 2013 წლის 18 იანვრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, როგორც სალაროში, ასევე ლარის საბანკო ანგარიშზე, ვ. მ-ან მიღებული უპროცენტო სესხის გარდა, მიიღებოდა და იხარჯებოდა სხვადასხვა თანხები, რის გამოც, შეუძლებელია დაზუსტებით განისაზღვროს, თუ რაში გაიხარჯა ვ. მ-ან ეროვნულ ვალუტაში მიღებული უპროცენტო სესხის თანხა. ასევე გაუგებარია სესხად მიღებული თანხის ვალუტის საკითხიც, ვინაიდან საქმის მასალებით იკვეთება, რომ ძირითადად, კ. მ-ს გადაეცემოდა თანხა ამერიკული დოლარის სახით, ამასთან რა ფორმით, როდის ან რა კურსით კონვერტირდებოდა ეროვნულ ვალუტად, გაურკვეველია.
10. დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „G-it-ის“ დირექტორი დაფუძნებიდან იანვრამდე იყო კ. მ-ი და თანხების მოძრაობაზე პირველი ხელმოწერის უფლება გააჩნდა მას. თავად გამართლებულმაც განმარტა, რომ მის უშუალო ფუნქციებში შედიოდა ბაღის მოვლა მთლიანად, ხოლო დაანგარიშების საკითხებს ი. მ-ო მეთვალყურეობდა. იგი, როგორც დირექტორი, ხელს აწერდა ყველა საბუთს, მათ შორის, წაუკითხავად, ვინაიდან გააჩნდა მაღალი ნდობა ი. მ-ოს მიმართ. შესაბამისად, ამ სადავო დოკუმენტებზე ნამდვილად არსებობდა კ. მ-ის ხელმოწერა, რაც დასტურდება საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარატამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით.
11. არსებითად არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს მოწმე ტ. უ-ოს ჩვენება მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, გარდა იმისა, რომ კომპანიაში, სადაც იგი ბუღალტრად მუშაობდა და რომლის დირექტორიც იყო კ. მ-ი, ფინანსური დოკუმენტაცია მოუწესრიგებელი იყო. იგი სასამართლოს აწვდის ზოგად ინფორმაციას უპროცენტო სესხებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ხელშეკრულებით ფორმდებოდა ვ. მ-სა და კ. მ-ს შორის, თუმცა ამ ხელშეკრულებებთან მას შეხება ყველაზე ბოლოს ჰქონდა. ტ. უ-ოს არ დაუკონკრეტებია არც ერთი ხელშეკრულების ან ფულადი თანხის აღრიცხვის აქტის თარიღი, რომელთა დარღვევას ედავებიან კ. მ-ს. ბუღალტრისთვის უცნობია ისიც, თუ ვინ და რა ფორმით გადასცემდა კ. მ-ს თანხებს, სესხებს და თანხებს ხედავდა მხოლოდ ბანკების ამონაწერების დროს. უფრო მეტიც, 2015 წლის შედარების აქტს იგი არც მოსწრებია. იმის გათვალისწინებით, რომ ვერც შესაბამისმა ექსპერტიზებმა დაადგინეს, შესასწავლად წარდგენილი შედარების აქტები შესრულებულია თუ არა მათზე მითითებულ თარიღებში, ამასთან, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან კომპანიაში მომუშავე ბუღალტრის განცხადებით, იგი არ მოსწრებია 2015 წლის შედარების აქტების შედგენას, ღრმა ბუნდოვანებას იწვევს სადავო დოკუმენტების შინაარსი, მათში მითითებული თანხების ხარჯვისა და კ. მ-ის მიერ სავარაუდოდ მითვისებასთან დაკავშირებით.
12. მოწმის სახით დაკითხულმა შპს „G-it“-ის იურისტმა ა. გ-მა არათუ ამხილა კ. მ-ი კომპანიის თანხის მითვისებაში, არამედ თითქმის გამორიცხა მისი შემხებლობა ფინანსურ დოკუმენტაციასა და პროცედურებთან და ცალსახად განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა არაფორმალურ ხელმძღვანელობას, რაშიც დირექტორი არ იღებდა მონაწილეობას. მან, ასევე მიანიშნა, რომ სწორედ დირექტორს სურდა კომპანიის ერთგვარი რევიზია და ამ მიზნით იყვნენ მოწვეულები იურისტი და ბუღალტერი, რომლებმაც კ. მ-ან გააფორმეს შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, არც კომპანიის ბუღალტერი და არც იურისტი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას კ. მ-ის მხრიდან რაიმე თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე ან პირადი საჭიროებით მოთხოვნაზე. ის ფაქტი, რომ კ. მ-ს შეეძლო კომპანიის ანგარიშებიდან თანხის გატანა, არ ამტკიცებს, რომ მან მიითვისა კომპანიის კუთვნილი და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხა. ფინანსური დოკუმენტაციით ისიც ნათელია, რომ შეუძლებელია ყველა სახის შემოსავლისა და გასავლის ზუსტად დადგენა, ვინაიდან კომპანიაში არ არსებობდა მკაცრი აღრიცხვის ფინანსური სისტემა.
13. სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს მოწმეების - ი. ი-ის, ო. კ-ისა და ა. ჩ-ის ჩვენებებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებით ნათელია, რომ თანხა, რომლებიც მათ ჩამოჰქონდათ და გადასცემდნენ კ. მ-ს, უკონტროლო იყო და რაიმე დოკუმენტი ამ დროს არ შემდგარა. მართალია, ისინი მიუთითებენ, რომ ვ. მ-ო იყო კომპანიის დამფინანსებელი და იგი თანხას აწვდიდა ბაღის განვითარებისათვის, თუმცა არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს იმის დასტურად, რომ რაიმე სხვა დანიშნულებით გამოიყენა აღნიშნული თანხის თუნდაც ნაწილი კ. მ-მა. ასევე, არსადაა ოფიციალური მითითება კ. მ-ის გადაცემული თანხის კონკრეტული მიზნობრიობის თაობაზე. პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა, თუ რატომ იყენებდა ვ. მ-ო მის მიერ დაფინანსებული კომპანიისათვის თანხის გადაცემისას სესხის გაცემის ფორმას ან ცალკეული პირების ხელით დირექტორისათვის პირადად მათი გადაცემის გზას. სულ მცირე, იმ პირებს, რომლებსაც კ. მ-ის ჩამოჰქონდათ თანხა, შეეძლოთ, პირდაპირ შეეტანათ იგი კომპანიის ანგარიშზე, რაც არცერთ შემთხვევაში არ გაუკეთებიათ. ამასთან, გაუგებარია, ზემოდასახელებული პირების მიერ კ. მ-ის გადაცემული თანხა რა დოკუმენტითაა მიჩნეული იმ ხელშეკრულებასა და ფულადი თანხის აღრიცხვის ორ აქტში ნაგულისხმევ თანხად, რომლებზე მითითებასაც შეიცავს ბრალდების შესახებ დადგენილება. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, თანხის გადაცემა მოხდა 2014 და 2016 წლებში, ერთ-ერთი სასესხო ხელშეკრულება კი, რომელზეც ბრალდების მხარე აქცენტირებს, დადებულია 2012 წლის 5 დეკემბერს. აღნიშნული თარიღისთვის კომპანია „G-it“ დარეგისტრირებულიც კი არ ყოფილა.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კ. მ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე