საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1124აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125010984985

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1124აპ-25 ქ. თბილისი

ი-ი ი, 1124აპ-25 9 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ი-ს, - დაბადებულს .. წლის .... დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2024 წლის 15 ნოემბერს, ღამის საათებში, თ-ში, ა-ის დასახლებაში, მე-2 ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ი. ი-მა, არასრულწლოვანი შვილის - ი. მ-ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა. მ-ას, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის მიდამოში. აღნიშნული ქმედების შედეგად ა. მ-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 15 ნოემბერს, ღამის საათებში თ-ში, ა-ის დასახლებაში, მე-2 ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ი. ი-ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა. მ-ას, კერძოდ, დანის დემონსტრირებით განუცხადა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ა. მ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ი. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ი. ი-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გამართლებულ ი. ი-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ი. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ი-ის მიერ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ი. ი-ს ედავება მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარას.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. მ-ამ და არასრულწლოვანმა მოწმემ ი. მ-ამ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

13. მოწმე ნ. ღ-მა (გამომძიებელი) ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ ა. მ-ა გამოკითხვისას იყო აღელვებული, განუცხადა, რომ მეუღლე ხშირად აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და მეუღლის მიმართ ჰქონდა პრეტენზია. მოწმის განმარტებით, უშუალოდ მას დაზიანება არ უნახავს, ვინაიდან ფაქტიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული. შესაბამისად, მოწმე ნ. ღ-ი არ არის თვითმხილველი ან დაზარალებულთან ფაქტიდან მყისიერ შეხებაში მყოფი პირი და ირიბ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ა. მ-ან, რომელმაც არ დაადასტურა მოწმის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამდენად, მისი ჩვენება ირიბია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

15. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში აპელირებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე, ნივთიერი მტკიცებულებაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერზე.

16. მოცემულ საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლის თანახმად 2024 წლის 16 ნოემბერს 01:55 საათზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივ ი. მ-ამ მსხვერპლის - ა. მ-ას დაცვის მიზნით 30 დღის ვადით გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის შედგენის საფუძველი გახდა 2024 წლის 16 ნოემბერს ა. მ-ას მიმართ ყოფილი მეუღლის - ი. ი-ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ორდერი მინიმალურ ინფორმაციასაც კი არ შეიცავს, რომ 2024 წლის 15 ნოემბერს ი. ი-მა ა. მ-ას მიმართ ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა მას. პირიქით, შემაკავებელი ორდერის შედგენისას ა. მ-ამ განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს აზრით, მასზე აპელირება და უტყუარ მტკიცებულებად მითითება საფუძველს მოკლებულია. წარმოდგენილი სხვა უდავო მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი შემხებლობაშია მხოლოდ 2024 წლის 8 დეკემბრის მოვლენებთან (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე) და მოცემულ საქმეზე წარდგენილ ბრალდებას ვერც ადასტურებს და არც უარყოფს.

17. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ა. მ-ამ მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქა სიცოცხლის მოსპობით.

17.1. მოცემულ შემთხვევაში 2024 წლის 10 დეკემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ა. მ-ან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

17.2. იმ პირობებში, როდესაც ა. მ-ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ი. ი-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

17.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

17.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

17.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

17.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

18. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2024 წლის 10 დეკემბრის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ი. ი-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ი. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე ი. ი-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე