საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1081აპ-25 თბილისი
ი-ა ე., 1081აპ-25 1 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ი-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ე. ი-ა ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. ი-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 10 000 ლარი (აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხა შეადგენს 187.54 ლარს) და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 22 ნოემბრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: ე. ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 10 000 ლარი (აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხა შეადგენს 187.54 ლარს) – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ი-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 22 ნოემბრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, 20 წლით კი – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ე. ი-მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ე. ი-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეინახა ნარკოტიკული საშუალება, 75,4201 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები, რომლებიც 2023 წლის 8 ივნისს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ე. ი-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეინახა ნარკოტიკული საშუალება, 149,29 გრამი გამომშრალი მარიხუანას შემცველი ნივთიერებები, რომლებიც 2023 წლის 8 ივნისს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად.
4. მსჯავრდებულ ე. ი-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. ი-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ე. ი-ას გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის – მოწმეების: გ. თ-ის, ა. გ-ის, ო. ჩ-ის, გ. მ-ისა და სხვათა ჩვენებები, საცხოვრებელი ბინის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, ქიმიური და ბოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, ნიმუშის აღების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ე. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ე. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ე. ი-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
9. კასატორი სადავოდ არ ხდის სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტს, ასევე – ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობას, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, ისევე, როგორც ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, არ ეკუთვნოდა ე. ი-ას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არსებითად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს. დაცვის მხარის პოზიცია, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არადამაჯერებელია, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიმართულია მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი გარემოება, კერძოდ:
9.1. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელ ა. გ-ის ჩვენებით დადგენილია სანდო წყაროდან ინფორმაციის მიღების ფაქტი, რომ 2023 წლის 8 ივნისს ე. ი-ა პირადად ან თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, სახლის ეზოსა ან დამხმარე სათავსოებში ინახავდა უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
9.2. მოწმე ა. გ-ის ჩვენებას, ასევე – ერთმანეთს სრულად თანხვდება მოწმეების: გ. თ-ის, ქ. ც-ის, გ. მ-ის, ო. ჩ-ის, ქ. ც-ის, ზ. ზ-ის, ა. შ-ისა და ი. გ-ას მიერ სასამართლოში დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რომელთა მიხედვით, საქმეზე გამოძიების დაწყებისა და 2023 წლის 8 ივნისს თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში ჩატარებული ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც საცხოვრებელ სახლში დახვდათ ე. ი-ა და ფ. ა.. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლის განჩინების გარეშე საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა – ჩაატარეს საცხოვრებელ ბინაში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში, რის შედეგადაც, ეზოში დაყრილი ღორღიდან ამოიღეს: თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკის შვიდი შეკვრა მათში არსებული ნივთიერებებით. მოწმეთა მიერ მითითებული ინფორმაცია დადასტურებულია ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერით.
9.3. ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 12 ივნისის №- დასკვნით დადგენილია, რომ თ-ში, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ, 7 ცალ შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით – 237,74 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო რაოდენობით – 75,4201 გრამს.
9.4. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №- დასკვნით და ექსპერტ დ. ლ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ე. ი-ას საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალებზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. ი-ას და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში არსებული ე. ა-ას (ექსპერტიზის N- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა ამოღებულ ობიექტებზე არ ვლინდება.
10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №- დასკვნასა და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე არსებულ მსჯავრდებულ ე. ი-ას გენეტიკური პროფილის წარმომავლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის განმარტების გაუზიარებლობის მოტივებთან დაკავშირებით (კერძოდ, თითქოსდა, ე. ი-ასთვის უცნობი იყო, რა გზით მოხვდა მისი ბიოლოგიური მასალა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე, ხოლო ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიეთილენის პარკებზე; დაცვის მხარის მოწმის ჩვენებით კი დგინდება, რომ პარკებით დახუნძლულ ე. ი-ას მიჰქონდა საკვები თავისი ძმის ოჯახში, რითაც სრულიად მარტივად აიხსნება, თუ რატომ იყო ე. ი-ას გენეტიკური პროფილი პარკებზე, ისიც, ზოგ პოლიეთილენის პარკზე იყო, ხოლო ზოგზე – არა). სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, რამდენადაც მსჯავრდებულის საცხოვრებელი ბინის, ეზოსა და სათავსოების ჩხრეკა ჩატარებულია 2023 წლის 8 ივნისს, რა დროსაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ადგილზევე დაილუქა, ხოლო ნერწყვის ნიმუში ე. ი-ასგან აღებულია მეორე დღეს – 9 ივნისს, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა კი ჩატარებულია სწორედ 9 ივნისს აღებულ ჩხირზე არსებულ ნერწყვის ნიმუშზე. შესაბამისად, შეუძლებელია წინა დღით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული და დალუქული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე რაიმე სხვა გზით აღმოჩენილიყო ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუში. ამასთან, გენეტიკური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა დ. ლ-აც დაადასტურა, რომ საკვლევი ობიექტები მას წარედგინა დალუქული სახით და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
11. შესაბამისად, ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ უტყუარად დასტურდება ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ე. ი-ასადმი კუთვნილება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოებებიც, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა არა მხოლოდ პოლიეთილენის პარკებზე, არამედ შავი ფერის ძაფით შეკრულ, შავი ფერის პოლიეთილენის პარკის შვიდ მოჭრილ ნასკვსა და ასანთის კოლოფზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილადაც რომ მივიჩნიოთ მსჯავრდებულის თავისი ძმის ოჯახში პარკებით დახუნძლული მისვლა და მისი გენეტიკური პროფილის სწორედ ამ გზით გადასვლა პარკებზე, დაცვის მხარემ ვერ ახსნა ის გარემოება, თუ საიდან აღმოჩნდა ე. ი-ას ბიოლოგიური მასალა მოჭრილ ნასკვებსა და ასანთის კოლოფზე, რომელიც ეზოში დაყრილი და გადაშლილი ღორღის ქვემოდან ამოიღეს, ისევე, როგორც პარკებში გახვეული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
12. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის საცხოვრებელ სახლთან მიმართებით, რომ ე. ი-ა ცხოვრობდა ქ. რ-ში, 2023 წლის 8 ივნისს, ჩხრეკის ჩატარებისას კი შემთხვევით სტუმრად იმყოფებოდა თავისი ძმის მეუღლესთან – ე. ა-თან – და ძმისშვილთან – ფ. ა-თან, შესაბამისად, სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №--ში მდებარე სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები ეკუთვნოდა არა მას, არამედ მის რძალს – ე. ა-ას. დაცვის მხარის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებით – მოწმე ნ. ი-ას ჩვენებით – დასტურდება, რომ ხედავდა, ძმის დაჭერის შემდეგ ე. ი-ა კვირაში 2-3-ჯერ მაინც რომ მიდიოდა ე. ა-სა და მის შვილებთან, პარკებით მიჰქონდა საჭმელები და თითქმის სულ იქ იყო. გარდა იმისა, რომ 2023 წლის 8 ივნისს სოფელ ფ-ში, ჭ-ას დასახლების №-ში ჩხრეკის ჩასატარებლად მისამართზე გამოცხადებულ გამომძიებლებს სახლში დახვდათ ე. ი-ა, იმავე დღეს, მოწმის სახით გამოკითხვის დროს საკუთარი დემოგრაფიული მონაცემების შევსებისას „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის“ გრაფაში ე. ი-ას მითითებით მითითებულია – თ-ი, სოფელი ფ., ჭ-ას დასახლება №-. იმავე გამოკითხვის ოქმში ე. ი-ა აფიქსირებს, რომ ცხოვრობს სწორედ ზემოხსენებულ მისამართზე. ასევე, პირველი ჩხრეკის ჩატარებიდან ხუთი თვის შემდეგაც, პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად და დასაკავებლად მისულ გამომძიებელს ე. ი-ა დახვდა იმავე მისამართზე. ამასთან, იმ ფაქტის დაშვებაც, რომ ე. ი-ა არ ცხოვრობს სოფელ ფ-ში და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქ. რ., 2023 წლის 8 ივნისს კი სტუმრად იმყოფებოდა ფ-ში, უპირობოდ არ გამორიცხავს მის მიერ ბრალად წარდგენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და მარიხუანის უკანონოდ შეძენასა და შენახვას. ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვებზე აღმოჩნდა ე. ი-ას ბიოლოგიური მასალა (დნმ), აშკარად მიუთითებს ამ ნივთიერებებზე მსჯავრდებულის შემხებლობაზე, რის საწინააღმდეგოდაც დაცვის მხარემ რაიმე მტკიცებულება ან დამაჯერებელი არგუმენტი ვერ წარმოადგინა.
13. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ, მსჯავრდებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის „ვოთსაპის“ აპლიკაციიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, ხმოვან შეტყობინებებსა და ორ ვიდეოფაილს, რომელიც, თითქოსდა, ეკუთვნის ე. ა-ას და ჩაწერილია უცნობი პირის (სავარაუდოდ, ქალბატონის) გაურკვეველი შინაარსის საუბარი, რომელშიც იგი მიუთითებს იმაზე, რომ განიცდის ე. ი-ას დაკავებას და მიანიშნებს, რომ ნარკოტიკები მისი იყო, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმის დასადასტურებლად, რომ ინფორმაციაში დაფიქსირებული ჩანაწერები ეკუთვნის ე. ა-ას, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მათ შორის – ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა (მაშინ, როდესაც ჩანაწერის ავთენტურობა და მასში დაფიქსირებული აუდიოჩანაწერის ავტორის ვინაობა სადავო გახადა ბრალდების მხარემ), თუმცა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, რომლითაც დადასტურდებოდა დაცვის მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ აუდიო- და ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული ჩანაწერის ავტორის ვინაობა, ცალკე აღებული, ვერ გახდებოდა ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, ასევე – საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი გარემოებების გაბათილების საფუძველი. მხოლოდ ხმოვანი შეტყობინებით, გამოგზავნის დროისა და გამომგზავნის ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ დადასტურდება ნარკოტიკული საშუალებების ე. ა-ასადმი კუთვნილება. აშკარაა, რომ ეს ჩანაწერები გამოგონილი და მიმართულია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2023 წლის 8 ივნისს, ხოლო წარმოდგენილი ხმოვანი შეტყობინებები გაიგზავნა იმავე წლის 19 ნოემბერს, მსჯავრდებულის დაკავებამდე სამი დღით ადრე, რაც, ასევე, მნიშვნელოვან ეჭვს აჩენს ამ ჩანაწერების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით.
14. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების სანდოობისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საეჭვოდ მიჩნევის, ასევე – მათი არგაზიარების რაიმე საფუძველი არ არსებობს. არ ვლინდება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება და აღნიშნულთან დაკავშირებით ვერც დაცვის მხარე მიუთითებს რაიმე გარემოებასა ან/და უტყუარ მტკიცებულებაზე. პოლიციელთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც: არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და მიკუთვნება საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებთან. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დაკითხოს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი/თვითმხილველი პოლიციელები, შეამოწმოს მათი კომპეტენტურობა, საქმის მიმართ რაიმე დაინტერესება და დამაჯერებლობა. ამასთან, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობაც, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა იმისთვის, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საფრთხის შექმნა. ამდენად, ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-101-102). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №408აპ-25 გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც აღნიშნული მოწმეების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა და გამოკვეთდა მათი მხრიდან მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის ცრუდ დასმენის/მხილების ან/და ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მათი ჩვენებების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა სადავო მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობაც.“
15. სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდება დაცვის მხარის უფლებების რაიმე ფორმით დარღვევა ან შეზღუდვა (რასაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე); მოცემული სისხლის სამართლის საქმე იხილებოდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში; როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოედგინა თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღო მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვა თავისი პოზიცია. დაცვის მხარე უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულებათა წარდგენისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობით; მთელი სამართალწარმოების პროცესში საშუალება ჰქონდა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები; მთელი სამართალწარმოების პროცესში უშუალოდ მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში საქმის წარმოებისას დაცვის მხარე სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოპოვებული, წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია,აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, არ არსებობს რომელიმე მოწმის მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით მისი გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვდება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციას. ამავე დროს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ზემოთაღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. ყველა საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებების ამოღება, მათი საპროცესო დამაგრება ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და მათი დაცვით და რაიმე კანონდარღვევა არ გამოვლენილა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მტკიცებულებით ძალას დაუკავრგავდა, გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს. ასევე, დაცვის მხარის ვერსია და განმარტებები მსჯავრებულ ე. ი-ას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში უდანაშაულობის თაობაზე არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით, წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის შეფასებას და ვარაუდს, რაც ვერ გახდება სასამართლოს მხრიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების გაუზიარებლობის საფუძველი. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კასატორმა ვერ მიუთითა რომელიმე მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა თუნდაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა დაინტერესება მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენაში მხილებასა და მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნაში.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ საქმის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №400აპ-24, №667აპ-25, №637აპ-23, №1164აპ-23, №428აპ-24), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
18. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ი-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე