საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1152აპ-25 6 მაისი, 2026 წელი
რ–ა მ., №1152აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. რ–ას (დაბადებულს ....., პირადი №...........) ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით.
1.2. მ. რ–ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 5 ოქტომბერს, დღის საათებში, ზ–ს რაიონის სოფელ ი–ს ტერიტორიაზე, ........ საავტომობილო გზაზე მდებარე კუთვნილ ავტოსამრეცხაოსთან, მ. რ–ამ, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – N.....), არ დაიცვა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, „მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს“. აღნიშნული წესის დარღვევით, მ. რ–ა გადავიდა გზის მარცხენა სავალ ნაწილზე, რა დროსაც შეეჯახა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – ....), რომელსაც მართავდა გ. ჭ–ე. ეს უკანასკნელი ცდილობდა მარცხენა (საპირისპირო) სამოძრაო ზოლზე გასწრებას, რის შედეგადაც გ. ჭ–ის მგზავრმა – არასრულწლოვანმა დ. ჭ0ემ და მ. რ–ას მგზავრმა – გ. გ–ამ – მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხოლო გ. ჭ–ის მგზავრმა – არასრულწლოვანმა ს. ჭ–ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით, მ. რ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა მ. რ–ას მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. რ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
2.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, გამართლებულ მ. რ–ას ადვოკატებმა – ნ. კ–მ და ზ. კ–მ – წარადგინეს შესაგებელი, რომლითაც მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი შორენა გვილავა საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. რ–ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის მ. რ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, არამედ – ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, მ. რ–ას ქმედება მიზეზობრივად უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევას.
3.3 ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, გამართლებულ მ. რ–ას ადვოკატმა – ზ. კ–მ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. რ–ას გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და არც მხარეთა შორის არის სადავო 2023 წლის 5 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, დადგენილია, რომ „მერსედესის“ მარკის ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რომელთაგან ერთს მართავდა მ. რ–ა, ხოლო მეორეს – გ. ჭ–ე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, დაარღვია თუ არა მ. რ–ამ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად: „მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს“. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მ. რ–ა აღნიშნული წესის დაუცველად გადავიდა გზის მარცხენა სავალ ნაწილზე, რა დროსაც შეეჯახა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა გ. ჭ–ე.
4.4. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებშიც ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სუბიექტების – მ. რ–ასა და გ. ჭ–ის – პასუხისმგებლობას, კერძოდ:
4.5. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის №.... დასკვნისა და ექსპერტ გ. ქ–ს ჩვენების თანახმად:
· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით – ....) მძღოლის – გ. ჭ–ის – მოქმედება ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის 1.1 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის უგულებელყოფა არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან და იგი მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა.
· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით – .....) მძღოლის – მ. რ–ას – მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36.7 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
4.6. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო ტექნიკური და ვიდეო ექსპერტიზის №.... დასკვნისა და ექსპერტების – დ. გ–სა და ლაშა ამბროლაძის – ჩვენებათა თანახმად:
· გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა, ვიდეოჩანაწერის გამოყენებით შესაძლებელია ავტომობილების და ჩანაწერზე დროის ხანგრძლივობის დადგენა.
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილმა “Mercedes-Benz”-მა (სახელმწიფო ნომრით – .....) ..... საავტომობილო გზაზე შესვლის დაწყებიდან შეჯახებამდე მოანდომა დაახლოებით 4,9 წამი.
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე გ. ჭ–ის მიერ მართული ავტომობილი “Mercedes-Benz”-ი (სახელმწიფო ნომრით – ...) შეჯახების მომენტში თუ რა სიჩქარით მოძრაობდა, დადგენა შეუძლებელია.
· ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ როდესაც მ. რ–ამ კუთვნილი “Mercedes-Benz”-ის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ...) დაიწყო გზაზე შესვლა და მოძრაობა ზუგდიდის მიმართულებით, გ. ჭ–ის მიერ მართული ავტომობილი “Mercedes-Benz”-ი (სახელმწიფო ნომრით – ...), შეჯახების ადგილიდან დაცილებული იყო, დაახლოებით, 123 მეტრით.
· ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ როდესაც მ. რ–ამ “Mercedes-Benz”-ის მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ....) დაიწყო გზაზე შესვლა და მოძრაობა ზუგდიდის მიმართულებით, მასა და გ. ჭ–ის მიერ მართულ ავტომობილს “Mercedes-Benz”-ს (სახელმწიფო ნომრით – .....) შორის მანძილი იყო, დაახლოებით, 150-157 მეტრი.
· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გზის სავალი პროფილიდან გამომდინარე, ავტომობილი „მერსედეს ბენცის“ (სახელმწიფო ნომრით – .....) მძღოლის, მ. რ–ას, ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზაზე შესვლის დროს და მოძრაობის დაწყების მომენტში, შემხვედრად მოძრავი გ. ჭ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ (სახელმწიფო ნომრით – .....) უნდა ყოფილიყო მისი მხედველობის არეში.
· საქმის მასალების მიხედვით, შეჯახება მოხდა მ. რ–ას სამოძრაო ზოლში, ანაკლია-ზუგდიდის მიმართულებით სამოძრაო ზოლში.
· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე “Mercedes-Benz”-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – ....) მძღოლის – გ. ჭ–ის – მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილი “Mercedes-Benz”-ის (სახელმწიფო ნომრით – ....) მძღოლს – მ. რ–ას – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
4.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერთგამომრიცხავი ექსპერტიზის დასკვნა (ერთი ექსპერტი მიუთითებს მ. რ–ას ბრალეულობაზე, ხოლო მეორე – გ. ჭ–ის კანონსაწინააღმდეგო ქცევაზე, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ავარია არ მოხდებოდა). ასეთ ვითარებაში სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეაფასოს ერთობლივად; იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეფასება ვერ უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების სრულ, თანმიმდევრულ და სარწმუნო რეკონსტრუქციას, ვერ მიიღწევა გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი.
4.8. საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ურთიერთწინააღმდეგობრივი ექსპერტიზის დასკვნების პარალელურად, მოწმეთა განმარტებებიც არ ემთხვევა ერთმანეთს. გ. ჭ–ის გადმოცემით, მას გასწრების მომენტში წინაღობა არ ჰქონია; მ. რ–ა გზის სავალ ნაწილზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც თავად ასრულებდა გასწრებას, რის შედეგადაც, ვეღარ მოახერხა საკუთარ სამოძრაო ზოლში დაბრუნება. სასამართლოში დაკითხულმა გ. გ–ამ და მ. რ–ამ კი განაცხადეს, რომ მ. რ–ამ ორივე მხარეს გაიხედა და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო მოძრაობა, რაც დარწმუნდა, რომ მის სამოძრაო ზოლში ავტომობილი არ მოძრაობდა.
4.9. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ავტოსამრეცხაოსთან დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს ავტომობილი “Mercedes-Benz”-ის (სახელმწიფო ნომრით – ....) მძღოლის – მ. რ–ას – ავტოსამრეცხაოდან გასვლის მომენტი. იგი ნელა გადის მის სამოძრაო ზოლში და მას შემდეგ, რაც რუსთაველის ქუჩის მთავარ გზაზე დგება, რამდენიმე წამში ხდება შეჯახება. მართალია, კადრში არ იკვეთება შეჯახების ადგილი და მომენტი, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ მ. რ–ა ავტოსამრეცხაოდან ფრთხილად გადის გზის სავალ ნაწილზე და შეჯახება ხდება არა გასვლისთანავე, არამედ – მცირე ინტერვალის შემდეგ. შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება ვერსია, რომ მ. რ–ამ გზაზე გამოსვლისას დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და არ დაუთმო გზა გ. ჭ–ის მიერ მართულ ავტომობილს.
4.10. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენი არა მხოლოდ უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს... საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება... გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
4.11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი მ. რ–ას ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა საკმარისობის შესახებ. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.13. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე