საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.05.2026
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №7აპ-26 18 მაისი, 2026 წელი

თ-ი ზ., №7აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. თ–ს (დაბადებულს ...., პირადი №............) ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ზ. თ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2020 წლის 2 მარტს, შსს თ-ის პოლიციის დეპარტამენტის ..... სამმართველოს მე-.. განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის – ბ. ჭ–ის – მიერ, ნ. ჩ–ის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის – ზ. თ–ის – მიმართ 30 დღით გამოიცა №..... შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ზ. თ–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – ნ. ჩ–თან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ზ. თ–მა იცოდა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები/ვალდებულებები. კერძოდ, 2020 წლის 7 მარტს, მივიდა თ–ში, ჭ–ს ქუჩის №..-ში მდებარე რესტორან „რ–ში“ და მეგობრის დაბადების დღეზე მისულ ყოფილ მეუღლეს – ნ. ჩ–ს – უყურებდა ფანჯრიდან. ამდენად, ზ. თ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ნ. ჩ–ს მიადგა მორალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, ზ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ზ. თ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. თ–ის დამნაშავედ ცნობა, ასევე – მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ზ. თ–ის ადვოკატმა – ლ. ბ–ამ – შესაგებლით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – მადონა ურუშაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. თ–ის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; ასევე – მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ზ. თ–ის ადვოკატმა – ლ. ბ–ამ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. თ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ნ. ჩ–მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – ზ. თ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზ. თ–ისთვის წარდგენილ ბრალდებას უტყუარად ვერც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებს. კერძოდ, მოწმე ნ. ლ–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ირიბია, რადგან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს. ირიბ მტკიცებულებათა რიცხვს მიეკუთვნება მოწმე მ. ბ–ს ჩვენებაც, რომელიც არის გამომძიებელი. აღნიშნულმა პირმა მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში და დანაშაულის უშუალო შემსწრე არ ყოფილა. შესაბამისად, მისი ჩვენების გამოყენება, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.5. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულ ნ. ჩ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია, ისინი მიჩნეულ იქნეს იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება.

4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს „არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი ზ. თ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე