საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №24აპ-26 18 მაისი, 2026 წელი
ო. ი. , №24აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო. ი–ს (დაბადებულს ...., თ–ს რესპუბლიკის მოქალაქეს) ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
1.2. ო. ი–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, ბ–ში, ხ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ო. ი–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ლ. ი–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.2. 2024 წლის 12 მარტს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ბ–ში, .... ქუჩის №15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ო. ი–ი სატელეფონო კომუნიკაციის გზით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ლ. ი–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენით, ო. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 13 იანვრისა და 2024 წლის 12 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ო. ი–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილ დანაშაულთა ჩადენას.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დემეტრე ზუბაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ო. ი–ის დამნაშავედ ცნობა, ასევე – თითოეული დანაშაულისთვის მისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – დემეტრე ზუბაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. ი–ის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; ასევე – მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ი–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ლ. ი–მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – ო. ი–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.
4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ო. ი–ისთვის წარდგენილ ბრალდებას უტყუარად ვერც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებს. კერძოდ, მოწმე რ. გ–ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ირიბია, რადგან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს. შესაბამისად, მისი ჩვენების გამოყენება, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.5. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულ ლ. ი–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებისგან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია ისინი მიჩნეულ იქნეს იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება.
4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს „არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ო. ი–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში, დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებით, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე