საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119003141628
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№33აპ-26 ქ. თბილისი
ქ–ე გ., 33აპ-26 5 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის განაჩენით, გ. ქ–ე, – დაბადებული 19..ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 3000-ლარიანი ჯარიმა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 3000-ლარიანი ჯარიმა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთნთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ქ–ემ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შენახვა გამოყენების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ქ–ში, ნ–ს ქ. №...-ში მდებარე ბინაში, გ. ქ–ემ, დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ი. კ–ის საცხოვრებელ სახლში და პისტოლეტისმაგვარი იარაღებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ ი. კ–ეს, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები. კერძოდ, ე.წ. ,,ჟგუტითა“ და ,,სკოჩით“ შეუკრეს ხელები და ფეხები და პისტოლეტისმაგვარი იარაღისა და უთოს გამოყენებით ემუქრებოდნენ. ყაჩაღობის შედეგად, თავდამსხმელებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ი. კ–ის კუთვნილი – 150 ლარი, 15 ევრო (45 ლარის ეკვივალენტი), 1070 ლირა (500 ლარის ეკვივალენტი) და 1000 დოლარი (2650 ლარის ეკვივალენტი), ჯამურად – 3345 ლარის ეკვივალენტი თანხა და 8700 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ი. კ–ეს მიადგა 12045 ლარის, დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2.2. გ. ქ–ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 212,25 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რომელიც ამოღებულია 2018 წლის 14 დეკემბერს ქ–ში, ... ქ. №..-ში მდებარე გ. ქ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
2.3. გ. ქ–ე, გამოყენების მიზნით, ინახავდა ... ფედერაციის №..., გ. ქ–ის სახელზე გაცემულ, ყალბ მართვის მოწმობასა და მართვის მოწმობის გაცემის ცნობას. გ. ქ–ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის №... ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის გაცემის ცნობა, 2018 წლის 14 დეკემბერს ამოღებულია გ. ქ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. დ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. დ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ, დაზარალებულ ი. კ–ის ჩვენება არათანმიმდევრული, არასრული, წინააღმდეგობრივი და არასარწმუნოა, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. იმ პირობებში, როდესაც თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი, დაზარალებულის მიერ სასამართლოში მითითებული ნიშან-თვისებებით შეუძლებელია, გ. ქ–ის ბრალეულობის სარწმუნოდ დადგენა. ი. კ–ე ვერ აკონკრეტებს გატაცებულ ოქროს ნივთებს, მათ რაოდენობასა და ღირებულებას, ისევე, როგორც – ზუსტ თანხას. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დაზარალებულს მიადგა – 12045 ლარის ზიანი და ეს გარემოება მხოლოდ ი. კ–ის სავარაუდო ჩვენებით დგინდება. სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის მეზობლებიდან – ც. მ–ის მტკიცება, რომ ი. კ–ის თქმით, ეცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი, ეწინააღმდეგება, როგორც მეორე მეზობლის – მ. გ–ის, ასევე – თავად დაზარალებულის ჩვენებას, რომლის მიხედვით, შემთხვევის დღეს არავისთვის უთქვამს, რომ ვინმე ამოიცნო. წინააღმდეგობრივია, როგორც სასამართლოში დაკითხული ექსპერტების – გ. ქ–ისა და შ. გ–ს, ასევე – გამომძიებლების: ლ. ც–სა და ბ. ე–ს ჩვენებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ საგნებსა და კვლებთან, ასევე – საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ექსპერტის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულს მისთვის არ უთქვამს, რომ თავდამსხმელი ამოიცნო, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის ავტორმა ვერ მიუთითა, რა სახის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა შამპანურის ბოთლზე, პირდაპირი კონტაქტის გზით მოხვდა იქ თუ – არაპირდაპირი. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის კვალი არ არის გ. ქ–ის ხელის ანაბეჭდის იდენტური, ხოლო ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ გ. ქ–ს ტანსაცმელზე არ აღინიშნებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქურთუკის ნართის შემადგენელი ბოჭკჯოების ნაწილაკები. სასამართლოში დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა – გ. ხ–მ, შ. ხ–მ, ე. ბ–მა, ნ. თ–მა, ლევან ჯინჭარაძემ და გ. ქ–ემ, დაზარალებულისა და პოლიციელებისაგან განსხვავებით, სასამართლოს მიაწოდეს დეტალური, თანმიმდევრული და მიუკერძოებელი ინფორმაცია, როგორც გ. ქ–ის უდანაშაულობის, ასევე – პოლიციეების მიერ ჩადენილი უკანონობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მცენარეული ნივთიერება, რომლის უკანონო შეძენასა და შენახვასაც ედავება გ. ქ–ეს ბრალდების მხარე, ამოღებულია საერთო სარგებლობის საკუჭნაოდან. ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გაიჩხრიკა მსჯავრდებულის სახლი, არ შეეხებოდა ნარკოტიკულ საშულებებს, არამედ – ოქროს ნივთებსა და ფულად თანხას. შესაბამისად, პოლიციელების განმარტებები, რომ გ. ქ–ის დედის თქმით, აღმოჩენილი მცენარეული ნივთიერება ეკუთვნოდა მის შვილს, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, გ. ქ–ის ბრალეულობის დასადგენად. ასევე საეჭვოა, როგორც დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ასევე – საკვლევი ობიექტის წარმომავლობა და ავთენტურობა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა გ. ქ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:
9. დაზარალებულ ი. კ–ის ჩვენება, რომ – საკუთარი სახლის კართან თავს დაესხა პისტოლეტით შეიარაღებული ორი ნიღბიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მაშინვე ამოიცნო – იყო გ. ქ–ე, თუმცა არ შეიმჩნია, რადგან შეეშინდა, არ მოეკლათ. თავდამსხმელებმა „სკოჩით“, „ჟგუტებითა“ და დამაგრძელებლით შეუკრეს ხელ-ფეხი, აუკრეს პირი და ჩართული უთოთი ემუქრებოდნენ. იძულებული გახდა, მიეცა მათთვის ფული და ოქროს ნივთები, რითაც მიადგა, დაახლოებით, 12000 ლარის ზიანი –სარწმუნო და დამაჯერებელია, რამეთუ, ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილა ცრუდ ი. კ–ეს ესოდენ მძიმე დანაშაულში გ. ქ–ე, რომლის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ ჰქონია და, იმავდროულად, მისი მონათხრობი თანმიმდევრულია და დასტურდება არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, მათ შორის, დაზარალებულის მეზობლების – მ. გ–ისა და ც. მ–ის ჩვენებებით, რომლებმაც თავდასხმიდან მალევე ნახეს ი. კ–ე, რომელიც იყო უკიდურესად აღელვებული და მათთან პირველივე კომუნიკაციისას, აცხადებდა, რომ ორმა თავდამსხმელმა გასტაცა ფული და ოქროს ნივთები. მეტიც, მ. გ–მა დაადასტურა, რომ დაზარალებულს, რომელმაც სახლში მიაკითხა, პირი ჰქონდა აკრული და ხელები – წებოვანი ლენტით დაბმული, ხოლო ც. მ–მა აღნიშნა, რომ ი. კ–ის თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელის თვალები და ხმა ეცნო, რაც ზედმიწევნით თანხვდება დაზარალებულის სასამართლო ჩვენებას, რომ მიუხედავად ნიღბისა, გ. ქ–ე ამოიცნო დიდი შავი თვალებითა და დამახასიათებელი ხმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევიდან მალევე, ი. კ–ის ბინას თვალნათლივ ეტყობოდა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის კვალი და, ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ბინაში აღმოჩენილია დაზარალებულზე თავდასხმისას გამოყენებული სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, ე.წ. „სკოჩები“, „ჟგუტები“, დამაგრძელებელი, უთო და სხვა; სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თავდასხმის შედეგად, დაზარალებულ ი. კ–ეს სხეულზე აღენიშნებოდა სწორედ იმგვარი ძალადობის კვალი, როგორზეც იგი მიუთითებდა თავის მონათხრობში – რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ით მიყენებული დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით: მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირსა და მარჯვენა და მარცხენა სხივ-მაჯის უკანა ზედაპირებზე – რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზარალებულისა და მსჯავრდებულის იდენტური განმარტებების კვალდაკვალ, რომ გ. ქ–ე ნამყოფია ი. კ–ის სახლთან, თუმცა სახლში – არასოდეს, მეტად საყურადღებოა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობიდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომელიც ცხადყოფს, რომ შემთხვევის ადგილის – ი. კ–ის ბინის – დათვალიერებისას სასტუმრო ოთახის მაგიდიდან ამოღებულ შამპანურის ბოთლზე, რომელზეც ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიუთითა დაზარალებულმა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე ცდილობდა მის გახსნას, აღმოჩნდა გ. ქ–ის ბიოლოგიური მასალა, ისევე, როგორც – მისაღებ ოთახში არსებული ჭურჭლის კარადის სახელურზე, რაც ცხადია უპირობოდ გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. ქ–ეს მსჯავრადშერაცხილი ყაჩაღობა არ ჩაუდენია და შემთხვევის დროს სამშენებლო მასალების შესაძენად იმყოფებოდა სულ სხვა ადგილას.
10. გ. ქ–ისათვის მსჯავრადშერაცხილ ნარკოტიკლ დანაშაულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ არც თავად მსჯავრდებულს უარუყვია, რომ შესაძლოა, სამართალდამცავებს მისი სახლის ჩხრეკისას ამოეღოთ გამომშრალი მარიხუანა, რამეთუ ამ ნივთიერების მომხმარებელია, რასაც ასევე ცხადყოფს ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნაც, რომლის თანახმად, გ. ქ–ეს ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება – ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარება. იმავდროულად, მოწმეების სახით დაკითხულმა – კ. ბ–მ, ზ. გ–მ და დ. წ–მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, გ. ქ–ის სახლის ჩხრეკისას, სათავსში აღმოაჩინეს მოყავისფრო-მომწვანო ბალახოვანი ნივთიერება. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ქ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე, გამომშრალი მცენარეული მასა, წონით – 212,25 გრამი, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. აღსანიშნავია, რომ ზ. გ–ის ჩვენებით, სახლის ჩხრეკაში მონაწილეობდა მსჯავრდებულის დედა – მ. ნ–ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ამოღებული მარიხუანა ეკუთვნოდა მის ვაჟს – გ. ქ–ეს. რაც შეეხება გამოყენების მიზნით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შენახვის ბრალდებას, ხაზგასასმელია, რომ თავად მსჯავრდებულმა გ. ქ–ემ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული რუსული მართვის მოწმობა, ინტერნეტით შეიძინა თანხის სანაცვლოდ, რომელსაც ჩამოჰყვა ცნობა, რომ დოკუმენტი არ იყო ყალბი, რომლებითაც ჩვეულებრივ სარგებლობდა და პატრულის თანამშრომლებისთვისაც წარუდგენია. იმავდროულად, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ქ–ის პირადი ჩხრეკსას ამოღებული: .... ფედერაციის მართვის მოწმობა №......, შევსებული გ. ქ–ის სახელზე, არ არის დამზადებული სტამბური წესით, არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილ დოკუმენტს. ის დამზადებულია კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით; ასევე – ცნობა (С П Р А В К А) შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ცნობაზე არსებული ბეჭდის და შტამპის ანაბეჭდების გამოსახულებები ასევე შესრულებულია ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალების გამოყენებით. შესაბამისად, გ. ქ–ის მსჯავრდება, როგორც დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში, ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შენახვაში, მისი გამოყენების მიზნით, კანონიერი და დასაბუთებულია და არც ამ ნაწილში არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, მათ შორის – საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონიერებასა და მოწმეების ჩვენებების სანდოობის შეფასებასთან დაკავშირებით – ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე