საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123008147980
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№151აპ-26 ქ. თბილისი
ლ–ი ვ., 151აპ-26 5 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ლ–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2021 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით, 08:30 საათზე, თ–ში, სოფელ ..., ...ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ვ. ლ–ნმა, ყოფილი მეუღლის მამას – ა. ხ–ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ძლიერად ჰკრა მხარზე, რა დროსაც ა. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელის კვრის შედეგად ვერ შეიკავა თავი, მიეჯახა კედელს, დაეცა და კეფა დაარტყა კარის სახელურს, რა დროსაც, ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ვ. ლ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ვ. ლ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილო იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. ლ–ნის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან გამოტანილია კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. უმნიშვნელოვანესია თავად დაზარალებულ ა. ხ–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, როგორ იძალადა ყოფილმა რძალმა მასზე ფიზიკურად; დაზარალებულის ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ – ნ. ჩ–ემ, რომელიც შეესწორო მომხდარს; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ა. ხ–ის სხეულზე არსებული დაზიანებები; პატრულ-ინსპექტორმა ვ. ღ–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა ა. ხ–ი, რომელიც უთითებდა, რომ ყოფილმა რძალმა ხელი ჰკრა, დაეცა და მიიღო დაზიანება; იმავე შინაარსის მატარებელია დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობიობა ვ. ლ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ვ. ლ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ოჯახური დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:
10. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ დაზარალებულ ა. ხ–ისა და მისი მეუღლის, მოწმე ნ. ჩ–ის მტკიცების საპირწონედ – რომ ვ. ლ–ნმა, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა, როგორ ჩაჰქონდა დაზარალებულს კიბეზე ბავშვების ბატუტი, ხელი ჰკრა ა. ხ–ს, რომელიც მიენარცხა კედელს და მიიღო დაზიანება. ორივე მათგანის მტკიცებით, ა. ხ–ს ყოფილ რძალზე არც ფიზიკურად და არც სიტყვიერად არასდროს უძალადია – ვ. ლ–ნმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, თავად გახდა, როგორც ფიზიკური, ასევე – ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. კერძოდ, მობილური ტელეფონით უღებდა მის ყოფილ მამამთილს, რომელსაც უხეშად ჩაჰქონდა კიბეზე ბავშვების ბატუტი. გადაღებამ უკიდურესად გააღიზიანა ა. ხ–ი, რომელიც შურაცხმყოფითა და მუქარით მიეჭრა და გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა მხარში, რის გამოც, დაეცა და გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, ა. ხ–ი მიათრევდა დერეფნისკენ, თან ემუქრებოდა. ჯაჯგურით გააშვებინა ხელი, რა დროსაც, მიეჯახა დაზარალებული კედელს.
11. დაპირისპირებული მხარეების ურთიერთსაპირისპირო განმარტებების კვალდაკვალ, საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად და შემთხვევის ვითარების აღსადგენად, მეტად მნიშვნელოვანია ვ. ლ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის შინაარსი, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ ჩააქვს ა. ხ–ს კიბეზე ბატუტი, რა დროსაც, ხედავს ვ. ლ–ს, რომელიც მობილური ტელეფონით უღებს მას ვიდეოს. ყოფილი რძლის ქცევით გაღიზიანებული, სწრაფად ეშვება კიბეზე, მუქარით – ,,მიგაკლავ, მოდი!“ და მარჯვენა ხელს მიმართავს ვ. ლ–ნისკენ. ისმის ნ. ჩ–ის ხმა – ,,გაჩერდი!“ და ვ. ლ–ნის შეშინებული შეძახილი – ,,ხელი გამიშვი!“, რითაც პირველი ჩანაწერი სრულდება. მეორე ჩანაწერში ჩანს იატაკის კერამიკულ ფილებზე მჯდარი ა. ხ–ი, რომელიც ვ. ლ–ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. საპასუხოდ, ვ. ლ–ი მიმართავს სიტყვებით – „დამანებე-მეთქი თავი!“ ა. ხ–ს აწყნარებს ნ. ჩ–ე, ეუბნება – „გაჩერდი“, „დაწყნარდი“ და მარცხენა ხელს უსვამს სახეზე; მტკიცებულებებს შორის არსებული კონფლიქტის ობიექტურად გადასაჭრელად, ასევე საყურადღებოა, რომ შემთხვევის დღეს, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინების ავტორია ვ. ლ–ი, რომლის მობილური ტელეფონიდან შესულია ორი შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ინიციატორი ვ. ლ–ნი ითხოვს დახმარებას, კერძოდ: პირველი ზარი 08:43:15სთ-ზე: რეკავს ვ. ლ–ი: „ ... – .... ნომერში, სასწრაფოდ, ძალადობაა ოჯახური, ძაან გთხოვთ“, „ ... – სასწრაფოდ შემაკავებელი, მიშველეთ რა, გაიყვანეთ ადამიანი...“, ოპერატორის კითხვაზე: ,, ... – ვინ ძალადობს ვისზე?“ ზარის ინიციატორი პასუხობს: „ – მამამთილი რძალზე...“, ოპერატორის კითხვაზე: ,, ... – ხელით შეგეხო?“ ინიციატორის პასუხობს: „ – მეტაკა ხელზე, გვერდით გავიწიე და დედამთილი ჩაერია საქმეში და გვერდით რომ გავიწიე, თვითონ გასრიალდა... ძალიან გთხოვთ, პირი მიშრება, სასწრაფო დახმარებაც გამოუშვით“. მეორე ზარი 08:54:55 სთ-ზე: რეკავს ისევ ვ. ლ–ნი: „ ... – სასწრაფოდ, გთხოვთ, შერმადინის 3 ნომერში სანამ ცოცხალი ვარ...“, ,, ... – სად არის ამდენი ხანი საპატრულო და სასწრაფო?’’ „ ... – ძალიან გთხოვთ, ჩქარა რა, მიშველეთ... გარეთ ვარ ეზოში“; მოწმეების სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა – ვ. ღ–მა და ნ. დ–მა – დაადასტურეს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევდნენ ,,112-ის“ შეტყობინების ინიციატორს – ვ. ლ–ს, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და უთითებდა მამამთილის – ა. ხ–ის, ფიზიკურ ძალადობაზე. თავის მხრივ, სახლში მყოფმა ა. ხ–მა განაცხადა, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, რძალმა – ვ. ლ–მა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ჰკრა, რა დროსაც, დაეცა და მარცხენა ხელის იდაყვი დაიზიანა; დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ ა. ხ–ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „შპს ......... და ...... .....ების“..... კლინიკაში ა. ხ–ი მოთავსდა 2021 წლის 19 ოქტომბერს 14:58 საათზე (საიდანაც გაეწერა 2021 წლის 19 ოქტომბერს 16:00 საათზე) და დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმა. 2021 წლის 20 ოქტომბერს, ა. ხ–ს პირადი შემოწმებისას, გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შემთხვევის თარიღს. ობიექტურად: მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა კანის დონიდან დაბლა მდებარე, მოწითალო ფერის მშრალზედაპირიანი, უსწორო ფრომის ნაჭდევი, ზომით – 4,0x5,0 სმ; გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, დაახლოებით, მე-4-5 ნეკნების საპროექციოდ, ლავიწშუა ხაზზე – მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით – 1,0x10, სმ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ა. ხ–ი მსჯავრდებულის 2021 წლის 19 ოქტომბერს ვ. ლ–ზე ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, ისევე, როგორ – 2021 წლის 11 ოქტომბრის ფიზიკურ ძალადობის ფაქტზე. ა. ხ–სათვის მსჯავრადშერაცხილ ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდში დაზარალებული იყო ვ. ლ–ნი, ა. ხ–მა კი, საქმის არსებითი განხილვისას, აღიარა, რომ 2021 წლის 11 და 19 ოქტომბერს, ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. ლ–ნს. ამდენად, საკასაციოი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, უტყუარად ვერ დაადასტურა ვ. ლ–ს მიერ მისთვის შერაცხილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. შესაბამისად, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ვ. ლ–ს სასარგებლოდ.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე