ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 07.05.2026
საქმის ნომერი
2კ-18-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№181-26 7 მაისი, 2026 წელი

კ-ი ხ., 181-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით ხ. კ-ი (პირადი №----), ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) – 9 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, 2 ეპიზოდი) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და ხ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 13 ოქტომბრიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 წლით – საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის თანახმად, ხ. კ-ს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2024 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ხ. კ-ის პირადი საქმე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. კ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინება 2024 წლის 31 ოქტომბერს გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. კ-მა (განჩინება ჩაჰბარდა 2024 წლის 22 ოქტომბერს), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა და მისი შესაბამისობაში მოყვანა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონთან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სასამართლო წარმოება ხ. კ-ის მიმართ შემოვიდა 2026 წლის 5 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

3. როგორც პირადი საქმის მასალებიდან გაირკვა, ხ. კ-ი ნასამართლობის არმქონეა. ამასთან, მას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის თანახმად, სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ხ. კ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – მოსახდელად დარჩენილი სასჯელი – 8 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელებს, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 13 ოქტომბრიდან, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისე – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები ხ. კ-ს, დღეის მდგომარეობით, უკვე მოხდილი აქვს, იგი უნდა გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. მსჯავრდებულ ხ. კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) შეფარდებული სასჯელის – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთის – მოსახდელად დარჩენილი ნაწილი – 8 (რვა) წლით, 9 (ცხრა) თვითა და 17 (ჩვიდმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 5 (ხუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ ხ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი (მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორივე ეპიზოდისათვის) განსაზღვრული სასჯელები – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა) ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე