დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.05.2026
საქმის ნომერი
2კ-21-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802226012599644

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№21I-26 19 მაისი, 2026 წელი

ტ. დ., №21I-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ– (D.) ტ–ის (T.) ინტერესების დამცველი ადვოკატის ნინო ტაბატაძის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ– (D.) ტ–ის (T.) მიმართ ი–ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2017 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, ჩამოყალიბდა ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა ........ის ქვეყნებიდან ი–ს რესპუბლიკაში. დანაშაულებრივი ორგანიზაცია შედგებოდა ე.წ. უ–ი, მ–ი, ქ–ი და თ–ი ფრთისგან. უ–ი და მ–ი ფრთა უზრუნველყოფდა მეზღვაურების გადაბირებას, ქ–ი ფრთას ევალებოდა ფინანსური შუამავლობა და ნავიგაცია, ხოლო თ–ი ფრთის მოვალეობას წარმოადგენდა თ–ს სანაპიროებიდან მიგრანტების გაყვანა. მიგრანტების უკანონო გადაყვანა ხდებოდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით, ღირსების შემლახველ პირობებში. დ. ტ–ი იყო ზემოთ აღნიშნული ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ე.წ. მ–ი ფრთის განსაკუთრებით აქტიური წევრი, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც იგი მონაწილეობას იღებდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თ–სა და ს–ს გავლით, ი–ში. კერძოდ, მის ფუნქციას წარმოადგენდა რ–ს მოქალაქეების გადაბირება მეზღვაურებად, მათთვის შემდგომი წვრთნების ჩატარება, გასამრჯელოს გადახდა და მითითების გაცემა ნავიგაციის დროს.

1.2. 2025 წლის 17 თებერვალს ი–ს რესპუბლიკის რ. კ–ს წინასწარი გამოძიების სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, დ– ტ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ი–ს რესპუბლიკის 2006 წლის 16 მარტის #146 კანონის მე-3 მუხლთან და იტალიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველ ნაწილთან და მე-2 ნაწილის პირველ პუნქტთან, იმავე კოდექსის 110-ე მუხლთან, 416-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებთან ერთობლიობაში, ი–ს რესპუბლიკის 1998 წლის 25 ივლისის #286 საკანონმდებლო დეკრეტის მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-31 პუნქტით და მე-32 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის.

1.3. 2025 წლის 8 ივლისიდან დ– ტ–ი ი–ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. დ– ტ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2025 წლის 27 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ტ–ი.

2.2. 2025 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დ. ტ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2025 წლის 4 დეკემბერს დ. ტ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის წინაშე განაცხადა უარი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.

2.4. 2026 წლის 5 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა დ. ტ–ს ექსტრადიციის თაობაზე იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.5. 2026 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დ. ტ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 27 მაისამდე.

2.6. ამჟამად დ– ტ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.7. 2026 წლის 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი დ. ტ–ის ი–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია იტალიის რესპუბლიკის რ. კ-ს წინასწარი გამოძიების სასამართლოს მოსამართლის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებაში და დასჯადია იტალიის რესპუბლიკის 2006 წლის 16 მარტის №146 კანონის მე-3 მუხლთან და იტალიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველ ნაწილთან და მე-2 ნაწილის პირველ პუნქტთან, იმავე კოდექსის 110-ე მუხლთან, 416-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებთან ერთობლიობაში, იტალიის რესპუბლიკის 1998 წლის 25 ივლისის №286 საკანონმდებლო დეკრეტის მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-31-ე პუნქტით და მე-32 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა).

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ტ–ის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია იტალიის რესპუბლიკის რეჯო კალაბრიას წინასწარი გამოძიების სასამართლოს მოსამართლის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებაში და დასჯადია იტალიის რესპუბლიკის 2006 წლის 16 მარტის №146 კანონის მე-3 მუხლთან და იტალიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველ ნაწილთან და მე-2 ნაწილის პირველ პუნქტთან, იმავე კოდექსის 110-ე მუხლთან, 416-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებთან ერთობლიობაში, იტალიის რესპუბლიკის 1998 წლის 25 ივლისის №286 საკანონმდებლო დეკრეტის მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-31 პუნქტით და მე-32 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა).

2.9. 2026 წლის 2 მაისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ– ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ტ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება უკანონოა. არსებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხე. ექსტრადირებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამ საქმის მიმართ დაინტერესებულნი არიან ი–ს ე.წ. მაფიოზური კლანებისა და ოჯახების წევრები, შესაბამისად, ექსტრადიციის შემთხვევაში, „გაჩუმების“ მიზნით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ამ საქმის ირგვლივ, მისი ახლობელი ბიჭი მოკლეს, ი–ს ციხეში. დაჯგუფების წევრებს ხელი მიუწვდებათ ყველგან. დაკავებამდე მას დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს რომ ჩვენება არ მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა დ. ტ–ის მიმართ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოს მიერ ძებნილი დ. ტ–ი 2025 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დ– ტ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა დ. ტ–ის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მიგრანტის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით, მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ), გათვალისწინებული დანაშაულით, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თხუთმეტ წლამდე ვადით. ამრიგად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც დ. ტ–ი ბრალდებულია დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე იტალიის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

7. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

8. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია, ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც დ. ტ–ი ბრალდებულია იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. ამასთან, იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც იტალიის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

10. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

11. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

12. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი დ. ტ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. ამასთან, საგულისხმოა, რომ იტალიის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირის სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (amayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“

15. წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები იტალიის რესპუბლიკაში დ. ტ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

18. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ იტალიის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, დ. ტ–ის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

19. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

20. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. (D.) ტ–ის (T.) ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე