დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802226012689741
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №26-26 ქ. თბილისი
ი. მ., 26-26 1 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი-ს (M. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 18 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2010 წლის 2 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის უ-ს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს N ... განაჩენით, მ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 29/1, 53-ე, 63-ე მუხლებთან ერთობლივად, 82/1 მუხლით (მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლისა და 8 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 6 აპრილს.
2006 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში მ. ი. მოთავსებული იყო შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და იხდიდა ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს. 2017 წლის 4 ნოემბერს იგი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა პირობითი მსჯავრის პერიოდში ახალი დანაშაულების ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის უ-ს აღმასრულებელი სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის N ... გადაწყვეტილებით, მ. ი-ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და მის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში უკვე გატარებული ვადის გათვალისწინებით, მან ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 500 დღე თავისუფლების აღკვეთის სახით.
2024 წლის 1 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის უ-ს მთავარმა საჯარო პროკურატურამ გამოსცა მ. ი-ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.
2025 წლის 24 დეკემბრიდან მ. ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2006 წლის 26 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ი.მ, შურისძიების ნიადაგზე, გულისა და თირკმლის არეში, ორჯერ დაარტყა დანა მსხვერპლს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
3. მ. ი-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2026 წლის 29 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ი..
2026 წლის 1 თებერვალს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, მ. ი-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2026 წლის 19 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2026 წლის 10 მარტს და 30 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიიღო იმავე წლის − 27 მარტსა და 3 აპრილს.
2026 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ი-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე − 2026 წლის 29 ივლისამდე.
ამჟამად მ. ი. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მ. ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიერ თურქეთის რესპუბლიკის უ-ს მთავარი საჯარო პროკურატურის 2024 წლის 1 ივლისის N ... 4 დაკავების ბრძანებაში მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 18 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა.
დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიერ თურქეთის რესპუბლიკის უ-ს მთავარი საჯარო პროკურატურის 2024 წლის 1 ივლისის N ... დაკავების ბრძანებაში მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ლ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: თურქეთის რესპუბლიკაში მ. ი-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახის ურღვევობის პრინციპი, ვინაიდან მ. ი-ს მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში. შესაბამისად ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, საქართველოსთან ჩამოყალიბებული აქვს მყარი სოციალური და ოჯახური კავშირები, რის გამოც, დაუშვებელია მისი ექსტრადიცია.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ლ. ლ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, მეგი გურჩიანმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს დამატებითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ი. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2026 წლის 29 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მ. ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ი-ს ექსტრადიცია მოითხოვება, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულისათვის, რისთვისაც მან უნდა მოიხადოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ. ი-ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. ამდენად, საქართველოში დარჩენის შემთხვევაშიც კი, მ. ი-ს მეუღლეს შესაძლებლობა ექნება, ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე, იმოგზაუროს თურქეთის რესპუბლიკაში მის მოსანახულებლად. შესაბამისად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ი-ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
8. აღსანიშნავია, რომ, მ. ი-ს ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და, ამასთან, აღნიშნულის შესახებ, კასატორი არც საკასაციო საჩივარში აპელირებს. თავის მხრივ, საექსტრადიციო მასალებისა და საქმის გარემოების ანალიზის შედეგად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც ვერ მოიძია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
9. აგრეთვე, მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილია სარწმუნო და კონკრეტული გარანტიები, რომელთა მიხედვით, მ. ი-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის, აგრეთვე, ექსტრადიციის შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. ი-ს უფლებები სრულად იქნება დაცული. თავის მხრივ, ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). ამავდროულად, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გარანტიები უნდა იყოს სარწმუნო შესაბამისი გარემოებების მხედველობაში მიღებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188; Sultanov v. Russia, no. 15303/09, ECHR, 73).
11. აღნიშნულზე დაყრდნობით, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. ი. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
12. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა მ. ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი, რის შედეგადაც, ასევე არ დგინდება სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა ან არსებითი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ასეთი დარღვევის საფრთხე არსებობს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ი-ს (M. Y.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე