საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.06.2026
საქმის ნომერი
2კ-95აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №95აპ-26 24 ივნისი, 2026 წელი

ჭ-ა გ., №95აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ-ას ადვოკატის – ლ. მ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჭ-ას ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით.

1.2. გ. ჭ-ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 საათზე, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში წ---ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ. ჭ-ა მართავდა “NISAN-ის” მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – ---), რა დროსაც, მან მოსახვევში შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2 და 33.6 მუხლების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა გზის კიდესთან ქვეითად მოძრავ ნ. უ-ას, ნ. ს-ას, ი. ა-ეს და ნ. ბ-ას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, 17.07.2016 წელს დაბადებული ნ. ს-ა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ. უ-ამ და ი. ა-ემ მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენით, გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 1 ნოემბრიდან. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჭ-ას ადვოკატმა, რ. ბ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს, რომ გ. ჭ-ას ქმედება, საქართველოს სსკ ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილზე.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. ჭ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ჭ-ას ადვოკატი – ლ. მ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას, კერძოდ, გ. ჭ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ნაცვლად ამავე მუხლის მე-7 ნაწილისა. კასატორის პოზიციით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს შემთხვევის მომენტში გ. ჭ-ას ალკოჰოლურ თრობას; მსჯავრდებულისგან კანონის არსებითი დარღვევით აიღეს სისხლის ნიმუში, რასაც დააფუძნეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გ. ჭ-ას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა; სისხლის ნიმუშის აღების დროს კანონის არსებითი დარღვევა გამოიხატა იმით, რომ ნიმუში აიღო არა ექსპერტმა, არამედ – საშუალო სამედიცინო განათლების მქონე მედდამ; დაცვის მხარის უფლება არსებითად დაირღვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, როდესაც ადვოკატების საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პირობებში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოწმეები დაიკითხნენ დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე, რითაც ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ისინი შემდგომში დაიკითხნენ სააპელაციო სასამართლოში; იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატმა. დაცვის მხარე არ დავობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გ. ჭ-ას ბრალეულობით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. კასატორის მოსაზრებით, გ. ჭ-ას ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არასწორია, რადგან განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს შემთხვევის მომენტში გ. ჭ-ას ალკოჰოლურ თრობას. ამ არგუმენტით, ლ. მ-ი ითხოვს კვალიფიკაციის ცვლილებას და, შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.

4.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჭ-ას მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ხოლო აღნიშნული საპროცესო მოქმედებისას კანონი არსებითად არ დარღევულა, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.4. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ჭ-ასგან სისხლის ნიმუში აიღეს სამედიცინო დაწესებულებაში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ საპროცესო მოქმედების დაყოვნებით შეუძლებელი იქნებოდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. სისხლის ნიმუშის აღების კანონიერება დადასტურებულია სასამართლოს განჩინებით, რაც უზრუნველყოფს ჩატარებული საპროცესო მოქმედების პროცესუალურ ლეგიტიმაციას. საგულისხმოა, რომ სისხლის ნიმუში აიღო სამედიცინო პერსონალმა, დაახლოებით, 50-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მედდამ, რომელსაც თავისი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში გააჩნია შესაბამისი ცოდნა აღნიშნული მანიპულაციის განხორციელებისთვის. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის ნიმუშის აღება წარმოადგენს ტექნიკურ-სამედიცინო ხასიათის მოქმედებას და არ გულისხმობს ექსპერტულ შეფასებას, რომელიც ხორციელდება ლაბორატორიულ ეტაპზე. საქმეში არსებული მასალებით ასევე დასტურდება ნიმუშის კანონით დადგენილი წესით დალუქვა, რაც გამორიცხავს მისი შეცვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, არ დგინდება ისეთი არსებითი საპროცესო დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა აღნიშნული მტკიცებულების სანდოობას და, შესაბამისად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გ. ჭ-ა დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

4.5. იმავდროულად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაცვის უფლების შეზღუდვის თაობაზე, რამდენადაც თავად დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატების საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, მოწმეების დაკითხვით გამოწვეული დარღვევა აღმოიფხვრა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რა დროსაც დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში მიეცა მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობა. ამდენად, დადგენილია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თუმცა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სასარგებლოდ არ შეაფასა, თავისთავად ვერ გახდება სასამართლოს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.

4.6. ამდენად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ. ჭ-ამ, სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც, ერთი მხრივ, ნ. უ-ას და ი. ა-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება და, მეორე მხრივ, ნ. ს-ას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

4.7. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დამდგარ მძიმე შედეგს – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა არასრულწლოვანი და ორ პირს მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება. ალკოჰოლური თრობისას ჩადენილი ქმედებით გამოწვეული არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება განსაკუთრებით ამძიმებს დამნაშავის პასუხისმგებლობას და მოითხოვს სასჯელის ზოგადპრევენციული ფუნქციის კიდევ უფრო მკვეთრ ხაზგასმას. აღნიშნული ფუნქცია ემსახურება საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების წესებისადმი ნდობის განმტკიცებასა და ანალოგიური ქმედებების პრევენციას. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ადეკვატური და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია, რათა საზოგადოებას მიეწოდოს მკაფიო სიგნალი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის მიუღებლობისა და ამ ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგების სათანადოდ გაზიარების შესახებ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ას სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად, რისი შემსუბუქებაც მიზანშეუწონელია.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).

4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ას ადვოკატის – ლ. მ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე