დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010142226702281847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №7აგ-26 თბილისი
ჩ. ნ., 7აგ-26 2 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განაჩენით ნ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე ნ. ჩ.ს უარი ეთქვა.
5. 2026 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ნ. ჩ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განაჩენის გადასინჯვა, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განაჩენით მსჯავრად შერაცხილი ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რის გამოც, სასამართლომ კვალიფიკაცია შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს მოქმედ რედაქციასთან; დაცვის მხარემ შუამდგომლობაში ასევე მიუთითა, რომ სასჯელის ნაწილში ცვლილებას არ ითხოვს, მაგრამ სასამართლომ თვითონ იმსჯელოს სასჯელის შემსუბუქებაზე, მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელით − ჯარიმით შეცვლაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას, მასში მითითებული არგუმენტებით. კასატორი საკასაციო საჩივარში დამატებით განმარტავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ქმედების ამჟამად მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანისა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, შესაძლოა შემდგომში ხაშურის რაიონული სასამართლოსათვის ნ. ჩ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მოთხოვნით მიმართვა გახდეს, რადგან მითითებული კანონი ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე შეღავათებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, დაცვის მხარეს აღნიშნული შესაძლებლობა მოესპო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ, ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ არ არსებობს, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ქმედების ამჟამად მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანისა და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლში 2006 წლის 28 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მართალია, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 2006 წლამდე მოქმედი რედაქცია), დასჯადი გახდა ამჟამად მოქმედი რედაქციის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მაგრამ ნ. ჩ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების, მათ შორის, მაკვალიფიცირებელი ნიშნის − „მნიშვნელოვანი ზიანის“ ნაწილით, არ გაუქმებულა და არც შემსუბუქებულა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირიქით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომა დამძიმდა, ვინაიდან ძველი რედაქცია ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე, ხოლო ახალი რედაქცია ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ნ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომის თვალსაზრისითაც, სააპელაციო პალატამ კანონიერად განმარტა, რომ ვინაიდან, მის მიმართ განსაზღვრული − 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ექცევა ახალი რედაქციით დადგენილი სანქციის ფარგლებში, მისი შეცვლის და, მითუმეტეს, ალტერნატიული სასჯელის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6. რაც შეეხება კასატორის საკასაციო საჩივარში დამატებით მითითებულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებაზე უარის გამო, დაცვის მხარეს მოესპო შემდგომში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს შემდეგს:
7. აღნიშნული არგუმენტი, ერთი მხრივ, ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლოს მიერ ამნისტიის წარმოების ფარგლებში განსახილველ საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №1411-21, №2281-21 საქმეებზე), ამნისტიის გამოყენების საკითხის განხილვისას, სასამართლო აფასებს არა მხოლოდ განაჩენით მსჯავრადშერაცხილი ქმედების მუხლობრივ კვალიფიკაციას, არამედ იმ ქმედების დისპოზიციასაც, რომლის ჩადენისთვისაც პირს მსჯავრი დაედო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ნ. ჩ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება, ამნისტიის გავრცელების საკითხი უნდა გადაწყდეს სწორედ მისი ქმედების ამჟამად მოქმედ რედაქციასთან − საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან − შესაბამისობის მიხედვით.
8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა არ ართმევს დაცვის მხარეს უფლებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, დამოუკიდებლად დააყენოს ნ. ჩ-ს მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების საკითხი. ამასთან, როგორც აღინიშნა, მითითებული გარემოება არ ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისა და ქმედების გადაკვალიფიცირების საფუძველს – საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიზნებისათვის.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე