საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2026
საქმის ნომერი
2კ-77აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100125011655538

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №77აპ-26 ქ. თბილისი

ხ-ე მ, 77აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბექა ნათელაურისა და მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ხ-ეს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი არაერთგზის; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2025 წლის 7 ივნისს, დილის საათებში, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ა-ში მდებარე მ. ხ-ისა და თ. ხ-ის საცხოვრებელ სახლში, მათი თანხმობის გარეშე და მათი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი მ. ხ-ძე, რითაც მან დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა.

· 2025 წლის 7 ივნისს, დილის საათებში, მ. ხ-მ, შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ა-ში მდებარე მ. ხ-ისა და თ. ხ-ის სახლი (საკადასტრო კოდით ....), რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ 55000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. მ. ხ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. მ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2025 წლის 7 ივნისიდან.

2.3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენელს ეცნობათ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტათ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბექა ნათელაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, მ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მ. ხ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2025 წლის 7 ივნისს, მ. ხ-ძე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, ბენზინით სავსე ჭურჭლით შევიდა ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ა-ში მდებარე მ. ხ-ისა და თ. ხ-ის საცხოვრებელ სახლში, ჩაამსხვრია ფანჯრის შუშა, გადავიდა საცხოვრებელი სახლის ოთახში, დაასხა ბენზინი, წაუკიდა ცეცხლი და გამოვიდა ქუჩაში. თავად მ. ხ-აც არ უარყო აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შესვლა და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ წლების განმავლობაში ამ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ჰქონდა სამართლებრივი დავა ჯერ დასთან - ნ. ხ-ან, რომელმაც უკანონოდ მიისაკუთრა მის მიერ აშენებული სახლი, შემდეგ კი - ნ. ხ-ან, რომელმაც ნ. ხ-ნ იყიდა სადავო სახლი. სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მისი სახლის იურიდიულ მესაკუთრედ მიჩნეულ იქნა ნ. ხ-ძე, რაც უკანონოდ მიაჩნია. ნ. ხ-მ სხვა გზა არ დაუტოვა და აიძულა, რომ საცხოვრებელი სახლი დაეწვა, რათა არ გაეყიდა. მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მ. ხ-მ აღწერა ჩვენების მიცემისას. ასევე, გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ცეცხლის წაკიდების შემდეგ მ. ხ-მ დატოვა სხვისი მფლობელობა, გამოვიდა ქუჩაში, დარეკა 112-ში და თავად შეატყობინა სამართალდამცავებს სახლის დაწვის შესახებ.

8. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მ. ხ-ძე მ. ხ-ისა და თ. ხ-ის საცხოვრებელ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი სუბიექტური განზრახვა მიმართული იყო არა სხვისი მფლობელობის დარღვევის, არამედ ძალადობრივი აქტის ჩადენისაკენ - სახლისთვის ცეცხლის წაკიდებისა და დაწვისკენ, რის გამოც, იგი ნებისმიერი წინაღობის გადასალახავად იყო მზად.

9. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით ქმედების დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია დადასტურდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა.

10. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის დეფინიციისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის არარსებობის პირობებში, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ მ. ხ-მ განახორციელა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, არაერთგზის.

11. ამასთან, სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ამავე დროს, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების: გ. ხ-ის, დ. ბ-ის, დ. ი-ის, ა. დ-ის, ზ. ბ-ის, გ. მ-ის ჩვენებებს, მ. ჭ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ბ-ის, ხ. მ-ის, ლ. გ-ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმს, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, შეტყობინებებს, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, საჯარო რეეტრის ამონაწერებს. მათ მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა და შესაბამისად, მიუთითებს მსჯავრდებულის განზრახვასა და მიზანზე. როგორც 1-ლი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სხდომაზე, მ. ხ-ძე არ დაეთანხმა ამ ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ არ უარყო და, ფაქტობრივად, დაადასტურა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტი ცეცხლის წაკიდებით.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია მ. ხ-ის მხრიდან ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; შესაბამისად მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - კანონიერია.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბექა ნათელაურისა და მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე