საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240100124009661169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №209აპ-26 ქ. თბილისი
ბ. ი., 209აპ-26 18 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილის – თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ბ- ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 11 ივნისს, დღის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში ი. ბ. მივიდა გ. ხ-ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც, ბ-ში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, გ. ხ-ს მეუღლეს, ს. შ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდა მოღალატეები და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ი. ბ- ქმედების შედეგად, ს. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ი. ბ., − დაბადებული .. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ი. ბ- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, გაუქმდა ბრალდებულის მიერ, დაზარალებულის ნებართვის გარეშე, მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე − დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ, თეიმურაზ ჯალაღონიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. ბ- დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ, თეიმურაზ ჯალაღონიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ი. ბ- ბრალეულობა; დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები მიკერძოებულია, რის გამოც, არ უნდა იქნეს გაზიარებული; რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმის − მ. კ-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სასამართლოს არც ეს ჩვენება უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რადიკალურად განსხვავდება გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებებისგან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ ი. ბ.მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
9. კასატორის არგუმენტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზარალებულ ს. შ-ს ჩვენება, ,,112-ში” შეტყობინება, დაზარალებულის შემდგომი ემოციური მდგომარეობა, მოწმეების – ი. ბ-ს, გ. ჯ-ს, გ. ხ-ს და გ. ხ-ს ჩვენებები, აგრეთვე ვიდეოჩანაწერები – ერთობლივად ადასტურებდა ი. ბ- მიერ მუქარის ჩადენას.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დადასტურებისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით ერთობლიობას. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ ს. შ-ს ჩვენება, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ამხელს ი. ბ-, მაგრამ ეს ფაქტი არ დადასტურდა იმ მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენისათვის, კერძოდ:
11. ერთი მხრივ, დაზარალებული ს. შ. განმარტავს, რომ ი. ბ-მ მას უთხრა, „დღესვე ყელს გამოგჭრითო“ და „უნდა მოგკლათო“, მაგრამ, მეორე მხრივ, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეები − ნ. კ., ნ. ნ. და გ. ს. − არ ადასტურებენ ი. ბ- მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. მითითებულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ი. ბ.მ ზოგადად შეიგინა „მოღალატეების“ მისამართით, ასევე ახსენებდა „გამყიდველებს“, თუმცა სიცოცხლის მოსპობის მუქარით უშუალოდ ს. შ-ს არ მიმართავდა. ნ. ნ. პირდაპირ მიუთითებს, რომ ი. ბ-გან არც მუქარა და არც შანტაჟი არ ყოფილა. ნ. კ. მიუთითებს, რომ ს. შ. თვითონ ეუბნებოდა ი. ბ-, „თავს გაგიჩეჩქვავო“ და „ყველას გამოგჭრით ყელსო“. გ. ს. აღნიშნავს, რომ ი. ბ- ხმა ესმოდა, თუმცა მისი სიტყვები ზოგადი იყო და არც გ. ხ-ს, არც ს. შ-ს არ მიმართავდა. ი. ბ- მიერ ს. შ-სათვის სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, მისი გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებით, ასევე უარყო ბრალდების მხარის პირდაპირმა მოწმემ − მ. კ-მაც. ამავე დროს, პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ბრალდების მხარის არცერთი მოწმე არ ყოფილა შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირი, ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და პირდაპირ ვერ ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს.
12. ბრალდების მხარე მტკიცებულებად ასევე იშველიებს დაზარალებულ ს. შ-ს მიერ, მობილური ტელეფონით ჩაწერილ შემთხვევის ვიდეოჩანაწერს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მასში ასახულია მხოლოდ დაზარალებულსა და ი. ბ- შორის კომუნიკაციის და არა − სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად, ი. ბ. ს. შ-ს მეგრულად ეკითხება, იცის თუ არა მეგრული, ხოლო ს. შ. მას კითხვებითა და პრეტენზიებით პასუხობს. ამდენად, ვერც აღნიშნული მტკიცებულება ავსებს და ამყარებს დაზარალებულის ჩვენებას. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, მუქარის ფაქტს არ ადასტურებს არცერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება. ხსენებულიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენება, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, საჭიროებდა ისეთი თანმხვედრი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გამყარებას, რომლებიც გამორიცხავდა გონივრულ ეჭვს, მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულება კი, საქმეში არ მოიპოვება.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურდებოდა ი. ბ- მიერ მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილის – თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე