გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№203აპ-26 თბილისი
რ-ე კ., 203აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ კ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. გ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თაღლითობისათვის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისთვის მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2. ამავე განაჩენით კ. რ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის გამოყენების მიზნით.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2015 წლის 2 ივლისს ნ. ა-ის და დ. ო-ის ოჯახსა და შპს „ვ.“-ს შორის, რომლის დირექტორია გ. გ-ე, დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების აშენების და საკუთრებაში გადაცემის პირობით, რომლის თანახმად, ნ. ა-ისა და დ. ო-ის ოჯახს, გარდა სხვა უძრავი ქონებისა, უნდა მიეღო კომერციული ფართი N-. მშენებლობის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული (კომერციული ფართები) უნდა ყოფილიყო 0.00 ნიშნულიდან +6,2 ნიშნულამდე, კერძოდ, პირველი სართულის სიმაღლე უნდა ყოფილიყო იატაკიდან +6,2 ნიშნულამდე. 2018 წლის 20 იანვარს ცვლილება შევიდა N--------- ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართი N- თანასაკუთრებაში გადაეცემოდა ნ. ა-ისა და დ. ო-ს ოჯახის წევრებს: მ.. ო-ს და თ. ე-ს. 2018 წლის 12 მარტს თ. ე-მა თავისი წილი სრულად დაუთმო ნ. ა-ს, კერძოდ, კომერციული ფართი N--დან (ს/კ -, ნიშნულით – +6.2) ნ. ა-ს საკუთრებაში გადაეცემოდა კომერციული ფართის 1/2 წილი, 1/2 წილი კი მ.. ო-მა დაუთმო დ. ო-ს. 2018 წლის 28 მაისს ნ. ა-ს და შპს „ვ.“-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ა-ს, დ. ო-ს და შპს „ვ.“-ის დირექტორ გ. გ-ეს შორის მოხდა კომერციული ფართი N--ის და N--ის დროებით გაცვლა. იმავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ნ. ა-ს და დ. ო-ს უკან უნდა დაბრუნებოდათ კომერციული ფართი N- პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობით. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, გ. გ-ემ ისარგებლა ნ. ა-ის და დ. ო-ის ნდობით, მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე კომერციული ფართი N- დატვირთა იპოთეკით და 2021 წლის 1 ივნისს კომერციული ფართი N- ფიქციურად გაასხვისა ნ.- შ--ეზე; მანვე აღნიშნული ფართი სიმაღლეში გადატიხრა +3.2 ნიშნულზე (ფართი სიმაღლეში გაიყო შუაზე), რის შემდგომაც, სცადა არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე გადატიხრული ფართის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. აღნიშნული ქმედებით გ. გ-ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. ა-ისა და დ. ო-ის კუთვნილ კომერციულ ფართ N--ს, ღირებულს 113500 (ას ცამეტი ათას ხუთასი) ლარად (50000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
· ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ თავმჯდომარე კ. რ-ემ დაამზადა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2021 წლის 29 სექტემბრის N- ოქმი, რომელშიც შეიყვანა ყალბი მონაცემები, ვითომდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას ესწრებოდა მესაკუთრეთა 100%. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, ვითომდა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 582.8 კვ.მ. დამხმარე ფართი (ნიშნულზე +3.20) მდებარე: თ-ი, თ-ში, ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა გ. გ-ეს. აღნიშნული გაყალბებული კრების ოქმი შემდეგ გ. გ-ემ წარადგინა საჯარო რეესტრში, 582.8 კვ.მ. დამხმარე ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით:
გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 20000 ლარი.
კ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, ბრალდებულ გ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის – და ბრალდებულ კ. რ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს – 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის – უზრუნველყოფის ფარგლებში დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნა: მ. ჩ--ის და ნ. ბ-ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ, ერთობლივად – 54 306 (ორმოცდათოთხმეტი ათას სამას ექვს) ლარად შეფასებულ უძრავი ქონებების ეკვივალენტურ წილს: 1) თ-ი, ., ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: .; 2) თ-ი, თ., ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ., 3) თ-ი, თ., ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: … და 4) თ-ი, თ., ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ..
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 4 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას ნ.- შ--ის - კუთვნილ უძრავ ქონებას: თ-ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო №-, სართული №-, №- კომერციული ფართი (ს/კ: .., ნიშნულით – +6.20).
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა მოითხოვა გ. გ-ისა და კ. რ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც მეტი იქნება მუხლით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმზე.
6. მსჯავრდებულებმა – კ. რ-ემ და გ. გ-ემ – და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ა-ემ და რ. ლ-ამ – მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. დაცვის მხარე შესაგებლით ითხოვდა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად, გ. გ-ისა და კ. რ-ის კი – უდანაშაულოებად ცნობას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში; გამართლებულ გ. გ-ეს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. კ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. კასატორი – პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებას, გ. გ-ის – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო კ. რ-ის – სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას იმ მოტივით, რომ სწორედ ყალბი კრების ოქმის საფუძველზე დაირეგისტრირა ნ. ა-ის ქონება გ. გ-ემ; კ. რ-ისა და გ. გ-ისათვის დანიშნული სასჯელები აშკარად არ შეესაბამება მათ პიროვნებებსა და ჩადენილი ქმედებების ხასიათს.
10. კასატორი – ადვოკატი მ. ა-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. გ-ის გამართლების ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას, ხოლო მსჯავრდებულ კ. რ-ის მიმართ – გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ კ. რ-ის ქმედებაში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მას არ ჰქონდა რაიმე ფაქტის ან გარემოების გაყალბების განზრახვა, რაც აუცილებელია ქმედების საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის; კ. რ-ის უცოდინრობა/გამოუცდელობით დაშვებული შეცდომა კი არ შეიძლება, შეფასდეს დანაშაულად.
11. გ. გ-ისა და კ. რ-ის ადვოკატები – მ. ა-ე და რ. ლ-ა – შესაგებლით ითხოვენ პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო უთითებს, რომ თაღლითობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე – სხვის ქონებაზე უფლება. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რომელიც, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის შემადგენლობაში. მოტყუება ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვაა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას. ხშირად თაღლითობა დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან, რაც თითქოსდა, კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობა დამთავრებულია მაშინ, როდესაც დამნაშავე მოტყუებით დაეუფლება სხვის ნივთს ან ქონებრივ უფლებას და მიიღებს მისი განკარგვის შესაძლებლობას.
3. დაზარალებულ ნ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ. გ-ე მეგობრობდა მისი ოჯახის წევრებთან. დაზარალებულის ბებია (მ.. ო-ი) და ბიძა (თ. ე-ი) თანასაკუთრებაში ფლობდნენ თ-ი, თ-ში 1700 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთს მასზე არსებული უძრავი ქონებით. 2015 წლის ზაფხულში გ. გ-ემ მათ ოჯახს შესთავაზა, რომ მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალბინიან კორპუსს, ხოლო დაზარალებულის ოჯახი მიიღებდა: საცხოვრებელ ბინებს, ჯამურად – 400 კვადრატულ მეტრს, ე.წ. „თურქული რემონტის“ მდგომარეობით, ორ ავტოსადგომს, თითოეულს – 18 კვადრატული მეტრის ოდენობით და 50 კვადრატული მეტრის კომერციულ ფართს. გ. გ-ესთან კომუნიკაცია ძირითადად ჰქონდა დ. ო-ს, რომელიც მასა და ოჯახის სხვა წევრებთან ათანხმებდა საქმის დეტალებს და გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებდნენ. 2015 წლის 2 ივლისს გ. გ-ემ, როგორც შპს „ვ.“-ის დირექტორმა, მ.. ო-სა და თ. ე-თან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი კორპუსის ჩასაბარებლად განესაზღვრა 2 წელი, ხოლო, თუ დათქმულ ვადაში ვერ ააშენებდა კორპუსს, უძრავ ქონებას დაუთმობდა მათ ოჯახს და გადაუხდიდა 170 000 დოლარამდე ფულად თანხას. 2015 წლის დეკემბერში გ. გ-ემ თბილისის მერიისგან მიიღო მშენებლობის ნებართვა და დაიწყო მშენებლობის პროცესი. თავდაპირველად კომერციული ფართის ნიშნული იყო 3,20 მეტრი, ხოლო 2015 წლის ბოლოს ან 2016 წელს გ. გ-ემ შეცვალა მშენებლობის პროექტი და ნიშნული გახდა 6.20 მეტრი. ბრალდებული ვერ ახერხებდა მშენებლობის გაგრძელებას ფულადი თანხის უქონლობის გამო. გ. გ-ემ მის ოჯახს განუცხადა, რომ საქმიან ურთიერთობაში ერთვებოდა ვინმე ლ. ჯ-ე, რომელიც იქნებოდა შპს „ვ.“-ის 50%-იანი წილის მფლობელი, მეწილე და მას დაეხმარებოდა თანხის მობილიზებაში. შემდეგ გ. გ-ემ მის ოჯახს აუწყა, რომ, მათი თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ უძრავ ქონებას დატვირთავდა იპოთეკით და გააგრძელებდა მშენებლობას, თუმცა ოჯახმა უარით უპასუხა. სანაცვლოდ ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ხელშეკრულების ვადას გაუგრძელებდნენ 1 წლითა და 6 თვით, რათა დაესრულებინა კორპუსის მშენებლობა. 2018 წლის 20 იანვარს ნ. ა-ს, როგორც თ. ე-ის წარმომადგენელს, დ. ო-ს, როგორც მ.. ო-ის წარმომადგენელს, და გ. გ-ეს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2015 წლის 2 ივლისს დადებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტში და დაკონკრეტდა მ.. ო-ისა და თ. ე-ის მიერ კორპუსის მშენებლობის სანაცვლოდ მისაღები უძრავი ქონება, მათ შორის – ბინები და კომერციული ფართი N-, რომელიც კორპუსის უკანა მხარეს მდებარეობდა და ოფისი ჰქონდა მოწყობილი გ. გ-ეს, გადაეცემოდათ საკუთრებაში მ.. ო-სა და თ. ე-ს და კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლიდან 1 კვირის ვადაში გადაიცვლებოდა კომერციულ ფართ N--ში, რომელიც კორპუსის წინა მხარეს მდებარეობდა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ფართების გადაცვლამდე მხარეებს არ უნდა განეკარგათ გადასაცვლელი უძრავი ქონება. ბრალდებულმა შესთავაზა აღნიშნული პირობებით ხელშეკრულების დადება, ხოლო თვითონ და მისი ოჯახი ამ საკითხს დამატებით აღარ ჩასძიებიან და დაეთანხმდნენ გ. გ-ეს. კომერციული ფართი N--ის გადაფორმების დროს მას და მის ოჯახს გ. გ-ესთან ჰქონდათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ნაწილობრივ – საქმიანი. კომერციული ფართი რომ +6,20 ნიშნულზე იქნებოდა, 2018 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებაში არ ეწერა, თუმცა საპროექტო მონაცემებში მითითებული იყო კომერციული ფართის სიმაღლე – 6,20 მეტრი. ასევე, პირად საუბარში, მათ შორის, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დროსაც, ითქვა, რომ კომერციული ფართის ნიშნული იქნებოდა 6,20 მეტრი. მისი ოჯახის წევრებმა შეამოწმეს ბრალდებულის მიერ საჯარო რეესტრში ჩაბარებული განშლის გადაწყვეტილება და კორპუსის პროექტი, რომელშიც კომერციული ფართების – N--ის და N--ის – სიმაღლე 6,20 ნიშნულით იყო განსაზღვრული, რაც მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომერციული ფართიდან მეტ შემოსავალს მიიღებდნენ. 2018 წლის მარტში თ. ე-მა შპს „ვ.“-ის მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო მას, ხოლო მ.. ო-მა თავისი ქონება დაუთმო დ. ო-ს. შესაბამისად, კომერციული ფართი N- მას და დ. ო-ს უნდა მიეღოთ თანასაკუთრებაში. 2021 წლის 25 ივნისს აღნიშნული კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში. დაზარალებულის ჩვენებით, მისი ოჯახის წევრები გ. გ-ეს აქტიურად უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ კომერციული ფართების გადაცვლას. 2021 წლის აგვისტოში მან შენიშნა, რომ გ. გ-ე კომერციულ ფართში აწყობდა ხელოვნურ სართულს, რაც მისთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. მან საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მოიძია ინფორმაცია კომერციული ფართი N--ის შესახებ და აღმოჩნდა, რომ გ. გ-ემ კომერციული ფართი N- მიჰყიდა თავის დეიდაშვილს – ნ.- შ--ეს – და იპოთეკით დატვირთა ზ. მ-ის სახელზე. იგი დაუკავშირდა გ. გ-ეს აღნიშნული საკითხების გასარკვევად, თუმცა ბრალდებულმა გაურკვეველი პასუხები გასცა. დაზარალებულის ჩვენებით, მან 2021 წლის სექტემბერში სამოქალაქო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა კომერციული ფართი N--ის ½ წილის (დ. ო-ს პრეტენზია არ გააჩნდა გ. გ-ის მიმართ) თავის საკუთრებაში დარეგისტრირება, ასევე – კომერციული ფართი N--ის მიმართ გაფორმებული ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგად, დადგინდა, რომ გ. გ-ემ მოჩვენებითი გარიგება დადო ნ.- შ--ესთან, ხოლო, ვინაიდან იპოთეკარი ზ. მ-ე იყო კეთილსინდისიერი და არ იცოდა, რომ უძრავი ქონება ვალდებულებით იყო დატვირთული, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-ს არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი და კომერციული ფართი N--ის ½ წილის მესაკუთრედ დადგინდა ნ. ა-ი. მიუხედავად ამისა, კომერციული ფართი N-, დღეის მდგომარეობით, იპოთეკით არის დატვირთული, რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნ.- შ--ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იქნა ბათილად ცნობილი. დაზარალებულის ჩვენებით, 2021 წლის ნოემბრის ბოლოს კორპუსში შეამჩნია განცხადება, რომ 2021 წლის 29 სექტემბერს გაიმართებოდა თ-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება. კრებაზე გადაწყდებოდა ამხანაგობის კრების თავმჯდომარის არჩევისა და 582 კვადრატული მეტრის ფართობის (ნიშნული – +3,2 მეტრი) გ. გ-ისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. მეზობლებს აქვთ ჩატი, რომელშიც იკითხეს ამხანაგობის კრების თაობაზე, თუმცა არავინ იყო ინფორმირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ჩატარების შესახებ. მოწმის ჩვენებით, იგი დაუკავშირდა კ. რ-ეს და განუცხადა, რომ ხელი არაფერზე მოეწერა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება არ შემდგარა და, შესაბამისად, მეზობლებს მონაწილეობა არ მიუღიათ მასში. დაზარალებულის ჩვენებით, მან შემდეგ შეიტყო, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წარადგინეს საჯარო რეესტრში და +3,2 ნიშნულზე არსებული 582 კვადრატული მეტრის ფართი გადასცეს გ. გ-ეს, რითაც შუაზე გაიყო კომერციული ფართი N-, შეიქმნა რამდენიმე ბინა, რომლებიც გ. გ-ემ გაასხვისა მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში გასაჩივრებამდე. მან საჯარო რეესტრში გაასაჩივრა გ. გ-ის მიერ 582 კვადრატული მეტრის დარეგისტრირება. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა გ. გ-ის სახელზე რეგისტრაციის გადაწყვეტილება. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა თავისი, როგორც დაზარალებულის, პოზიცია, რა დროსაც აღნიშნა, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია აქვს, უარს აცხადებს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებაზე და სურს მათი მკაცრად დასჯა.
4. მოწმე მ. ა-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2020 წლიდან დასთან – ნ. ა-სა და ბებიასთან – მ.. ო-თან ერთად, ცხოვრობს თ-ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მ--- სართულზე. საცხოვრებელი კორპუსის აშენებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი ოჯახი ფლობდა კერძო სახლს. ოჯახის წევრებმა 2015 წელს მშენებელთან დაიწყეს მოლაპარაკება, რომ მ.. ო-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდებოდა საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო მ.. ო-ი მიიღებდა საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს. კომერციული ფართის სიმაღლეში გადატიხვრის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2021 წელს, კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ. აღნიშნულ საკითხზე მას გ. გ-ესთან არ უსაუბრია, ბრალდებულს ეკონტაქტებოდა ნ. ა-ი. მოწმის ჩვენებით, იგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას არ დასწრებია და კორპუსში არც განცხადება შეუნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება იყო ჩანიშნული.
5. მოწმე თ. მ-მა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ, დაახლოებით, 4 წლის წინ შპს „ვ.“-სგან შეიძინა ორი კომერციული ფართი, რომლებიც გადატიხრული არ ყოფილა და არც გადატიხვრაზე უსაუბრია ბრალდებულთან. დაახლოებით, 2-3 წლის წინ შეიტყო კომერციული ფართი N--ის გადატიხვრის შესახებ. ვინაიდან გ. გ-ე კომერციული ფართის გასაღებს არ აძლევდა, მან მიმართა პოლიციას. გ. გ-ეს შეუთანხმდა, რომ, ფულადი თანხის სანაცვლოდ, იგი აღარ იდავებდა კომერციული ფართის შესახებ, რითაც მათ შორის დასრულდა დავა. თ. მ-მა აღნიშნა, რომ 2021 წლის 4 ნოემბერს ადვოკატ ლ. დ-ის მეშვეობით შეიტყო, რომ 2021 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდა კ. რ-ე. დღის წესრიგად განისაზღვრა 582,8 კვ.მ დამხმარე ფართის, ნიშნულზე – +3.20, მდებარე თ-ი, თ-ში, გ. გ-ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ თითქოს მას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი და ამხანაგობის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც ზემოაღნიშნული საკითხი გადაწყდა იმგვარად, რომ გ. გ-ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა 582,8 კვ.მ დამხმარე ფართი +3,2 ნიშნულზე. კრების ოქმი არ ასახავს რეალობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თ. მ-ი, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი, არ ყოფილა მიწვეული საკითხის გადასაწყვეტად და, ცხადია, არც დასწრებია მას. აღნიშნული ფსევდოკრების ოქმით (რომელიც არ ჩატარებულა ან ჩატარდა უკანონოდ), თ. მ-ის ქონების ნახევარზე მეტი გ. გ-ეს გადაეცა საკუთრებაში, კერძოდ, თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლითაც შეიძინა კომერციული ფართები 0,00 ნიშნულიდან +6,20 ნიშნულამდე (დღეის მდგომარეობით – +6,6 ნიშნულამდე, რაც გამოწვეულია იმით, რომ პროექტში შევიდა ცვლილება ახალი აზომვითი ნახაზის საფუძველზე), ხოლო არსებული კრების ოქმით, თ. მ-ის ნიშნულს გამოაკლდა +3 მეტრი სიმაღლე (ახალი ნახაზით – 3,4 მეტრი), რომელიც დაირეგისტრირა გ. გ-ემ. მან აღნიშნული კრების ოქმი წარადგინა საჯარო რეესტრში და შეცდომაში შეიყვანა მარეგისტრირებელი ორგანო.
6. მოწმე ზ. მ-ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „ვ.“-ის სახელზე, რომელსაც წარმოადგენდა გ. გ-ე, გასცა რამდენიმე სესხი თ-ი, თ-ზე მდებარე, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ბინების და კომერციული ფართების უზრუნველყოფით. სესხის გაცემამდე მან შეამოწმა ფართების დოკუმენტაცია და თბილისის მერიაში ჩაბარებული აზომვითი ნახაზები. აღნიშნულ კორპუსში მდებარე კომერციული ფართი N--ის მიმართ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ მოწმემ განმარტა, რომ ფართის სიმაღლე იყო 6 მეტრზე ცოტა მეტი, რომლის ორსართულ----დ გადაკეთება შეიძლებოდა. მან ხელშეკრულება დადო სრულ, გადაუტიხრავ ფართზე, რადგან იმ მომენტში დოკუმენტურად იყო 6,20 მეტრი სიმაღლის. ამ კონკრეტულ ფართზე ვალდებულება არ შესრულდა გ. გ-ის მიერ. მოწმის ჩვენებით, მან მეტი რაოდენობის ფულადი თანხა გადაუხადა გ. გ-ეს, რადგან მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული კომერციული ფართის გადატიხვრის შესახებ, რითაც გამოდიოდა ორმაგი ფართი. მოწმის ჩვენებით, იპოთეკა გავრცელდებოდა კომერციულ ფართში არსებულ ორივე ნაწილზე.
7. მოწმე ლ. ჯ-ემ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას აჩვენა, რომ ბრალდებულ გ. გ-ეს შეჩერებული ჰქონდა თ-ი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესი. მან ბანკში აიღო 700 000 დოლარის ოდენობის სესხი და გახდა შპს „ვ.“-ის 50 პროცენტიანი წილის თანადამფუძნებელი. ბანკში ვალდებულებით უნდა დატვირთულიყო მის საკუთრებაში არსებული სასტუმრო და მიწის ნაკვეთი მშენებარე კორპუსით, თუმცა მიწის მესაკუთრე ქალბატონმა აღნიშნულზე უარი განაცხადა და ჩაიშალა სესხის აღების სიტუაცია. იგი ფიზიკურად გავიდა საქმიდან და გ. გ-ესთან შეთანხმდა, რომ ბრალდებულის მიერ აშენებულ კორპუსში მიიღებდა 500 კვადრატული მეტრის ფართს. აღნიშნულ კორპუსში ამჟამად ფლობს 310 კვადრატული მეტრის ფართს, ხოლო 190 კვადრატული მეტრის ფართზე პრობლემა აქვს ქალბატონის გამო. პროკურორმა გამოაქვეყნა ლ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმის ნაწილი, რომლის თანახმად, „ლ. ჯ-ისა და გ. გ-ის შეთანხმება ეხებოდა კომერციული ფართის ზემოთ, საცხოვრებელ სივრცეს. შესაბამისად, მისთვის უცნობია მისი ნიშნული +3.2-ზე იყო, +6.2-ზე თუ სხვა ნიშნული იყო მითითებული. ეს არც იყო მისი ინტერესის საგანი, ვინაიდან მასზე რაიმე სახის სამართლებრივი მოთხოვნა ვერ ექნებოდა. ამდენად, მოწმისთვის უცნობია, რა სახის დავა წარიმართა ნ. ა-ს, თ. მ-სა და გ. გ-ეს შორის. მან არც ის იცის, პროექტის თანახმად, რა ნიშნული იყო მასზე განსაზღვრული და რა ხელშეკრულება დაიდო ნ. ა-თან ან თ. მ-თან და იყო თუ არა ხელშეკრულებაში განსაზღვრული კონკრეტული ნიშნულის შესახებ. ლ. ჯ-ემ არ იცის, ჩატარდა თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება, შესაბამისად, თუკი ჩატარდა, უცნობია, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული; ვერც იმის სამართლებრივ სიღრმეებში შევა, შეეძლო თუ არა ამხანაგობას არასაპროექტო ფართის ვინმეს საკუთრებაში გადაცემა. მას არ მიუღია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა. შესაბამისად, რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, რომლითაც მოხდებოდა კომერციული ფართის ნიშნულის გაყოფა. როგორც მისთვის ცნობილია, კომერციული ფართი გაყოფილია გ. გ-ის მიერ, თუმცა მას რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, მან არ იცის, ამაზე კომპეტენტურ პასუხს თავად გ. გ-ე გასცემს. ლ. ჯ-ე შპს-ს საქმიანობაში არ ერეოდა, არის ფორმალურად; როგორც კი გ. გ-ე გადაუფორმებს შეთანხმებულ 500 კვადრატულ მეტრს, დატოვებს კომპანიას და 50%-იან წილს გადაუფორმებს გ. გ-ეს.“ ლ. ჯ-ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მისი გამოკითხვის ოქმის შინაარსი, ასევე – გამოკითხვის ოქმზე თავისი ხელმოწერის ნამდვილობა. ლ. ჯ-ემ განმარტა, რომ გამომძიებლისთვის მას ტყუილი არ უთქვამს. მის მიერ კორპუსის პროექტის ნახვის შემდეგ შეიცვალა კოეფიციენტი და შეიცვალა პროექტი. 2018 წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რამდენ კრებას დაესწრო, მას არ ახსოვს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას, რომლის გადაწყვეტილებითაც შუაზე გადატიხრული კომერციული ფართის ზედა სივრცე გადაეცა გ. გ-ეს, იგი არ დასწრებია, რადგან კოვიდინფექცია ჰქონდა.
8. მოწმე ი. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ესწრებოდა თ-ი, თ-ზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან მოლაპარაკებას, რომლითაც გადაწყდა, რომ მისი შვილი – გ. გ-ე, რომელიც მართავდა შპს „ვ.“-ს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებდა შვიდსართულიან კორპუსს, ხოლო მიწის მესაკუთრე სანაცვლოდ ფართებს მიიღებდა. მშენებლობის პროცესში იგი ბრალდებულს ეხმარებოდა ბეტონითა და სამშენებლო მასალით. კოვიდპანდემიის პერიოდში მერიის არქიტექტურის სამსახურში დაკორექტირდა პროექტი, გაიზარდა კორპუსის სართულების რაოდენობა და, ასევე, კომერციული ფართის სიმაღლე 3,30 მეტრიდან გახდა 6,20 მეტრი. მოწმემ განმარტა, რომ კოვიდპანდემიის დროს მშენებლობის დასამთავრებლად აიღეს კერძო ვალები, მათ შორის, ზ. მ-ესთანაც გააფორმეს იპოთეკის ხელშეკრულება გადაუტიხრავი კომერციული ფართი N--ის იატაკზე. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფულადი თანხის გამსესხებელი მიიღებდა კომერციული ფართის იატაკს. მოწმის ჩვენებით, კომერციული ფართი N--ის გადატიხვრის უფლება თავიდანვე ჰქონდათ, რადგან მშენებლობის კოეფიციენტმა მისცათ საშულება. დანარჩენი ფართების გადატიხვრის უფლებას მშენებლობის კოეფიციენტი არ აძლევდათ, თუმცა კორპუსის ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ, კომერციულ ფართ N--ს, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში ტიხრავდნენ. კომერციული ფართი N- გადატიხვრამდე სიმაღლეში იყო 6,20 მეტრი, შემდეგ გამოვიდა ორი სართული. კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე, მერიის არქიტექტურის სამსახურში პროექტში ცვლილება შევიდა თუ არა, ზუსტად არ იცის. მოწმემ აღნიშნა, რომ კომერციული ფართი უნებართვოდ არ გადაუტიხრავთ, თუმცა საჯარო რეესტრი არ უფორმებთ, რადგან ნ. ა-ი დავას აწარმოებს. მოწმის ჩვენებით, იგი იცნობს ნ.- შ--ეს, რომელიც შპს „ვ.“-ის მართვაში არ მონაწილეობს. ნ.- შ--ემ კომერციული ფართი N- იმ პირობით შეიძინა, რომ გადატიხვრის შემდეგ ნ. ა-ს გადაუცვლიდა კომერციულ ფართ N--ში. როგორც მისთვის ცნობილია, ნ.- შ--ეს შპს “ვ.“-ისთვის თანხა აქვს გადასახდელი. საბოლოოდ, კომერციული ფართი N- უნდა გახდეს ნ.- შ--ის, ხოლო კომერციული ფართი N- – ნ. ა-ის. მოწმის ჩვენებით, იგი კ. რ-ეს იცნობს შორიდან – მას ბინა აქვს ნაყიდი აღნიშნულ კორპუსში და არჩეულია ამხანაგობის თავმჯდომარედ.
9. მოწმე ნ.- შ--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ თ-ი, თ-ზე საცხოვრებელ კორპუსს აშენებდა მისი ნათესავი გ. გ-ე, რომელსაც ეხმარებოდა სხვადასხვა სამშენებლო საქმეების წარმოებაში. ყველამ იცოდა, რომ, პროექტის მიხედვით, კომერციული ფართი უნდა გადატიხრულიყო და ჰქონოდა სამი მეტრი სიმაღლის ჭერი. კომერციული ფართის გადატიხვრამდე ჭერის სიმაღლე იყო 6.20 მეტრი. იგი გადაიტიხრა კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რაზეც გადატიხვრის პროცესში პრეტენზია არავის გამოუთქვამს. კომერციული ფართის გადატიხვრა თავიდანვე შეთანხმებული იყო, ქვედა ფართი – 50 კვადრატული მეტრი, სიმაღლით – 3 მეტრი, მისი იყო, ზედა ფართი კი – გ. გ-ის. მოწმის ჩვენებით, მიწის მესაკუთრეს – ნ. ა-ს – უნდა მიეღო 50 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი. გ. გ-ის ოფისი აღნიშნულ კორპუსში მდებარეობს პირველ სადარბაზოში, მეორე სართულზე, რომლის ქვემოთ ნომერ პირველი კომერციული ფართია და რომლის გადაცვლაზეც არის საუბარი მასა და ნ. ა-ს შორის, თუმცა დაზარალებული უარზეა, რადგან მთლიანად სურს კომერციული ფართი N-. მან ნ. ა-ისგან მიიღო სარჩელი, რომლითაც ითხოვდა კომერციული ფართი N--ის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოწმის ჩვენებით, იგი კეთილ ნებას გამოხატავს და დღესაც თანახმაა, რომ ნ. ა-ს კომერციული ფართი N- გადაუცვალოს კომერციულ ფართ N--ში. მოწმის ჩვენებით, გ. გ-ეს მის ოჯახთან გააჩნდა ფინანსური ვალდებულება 15000 დოლარის ოდენობით, პლუს მის მიერ კორპუსის მშენებლობისას შესრულებული სამუშაოს ღირებულება (ზუსტი თანხა არ ახსოვს), რის საფუძველზეც, აღნიშნულ კორპუსში მიიღო კომერციული ფართი N- (რომელიც მანამდე ფიქციურად იყო გაფორმებული მის სახელზე), ხოლო კომერციული ფართები – N-, N-ა, N- – ფიქციურადაა გაფორმებული მის (ნ.- შ--ის) სახელზე, რეალური მფლობელი კი გ. გ-ეა. მან არ იცის აღნიშნული კომერციული ფართების ფიქციურად გადაფორმების მიზეზი. ასევე, არც ის იცის, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო მასზე რეგისტრირებული. მას არ ახსოვს, საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის დროს ფიქციურად ფლობდა კომერციულ ფართ N--ს თუ ოფიციალურად. პროკურორმა მოწმეს გამოუქვეყნა მისი გამოკითხვის ოქმის ნაწილი (რასაც მოწმე დაეთანხმა), რომლის თანახმად, „მან გადაიფორმა აღნიშნულ კორპუსში პირველ სართულზე მდებარე N-, N-ა, N- და N- კომერციული ფართები, თუმცა ამ ფართების ფიქტიური მესაკუთრე იყო თავად და არის დღემდე და მის ნამდვილ მესაკუთრეს წარმოადგენს გ. გ-ე, რომლის თხოვნის საფუძველზეც დაირეგისტრირა ის თავის დროზე. ამასთან, როდესაც კომერციული ფართები მის სახელზე რეგისტრირდებოდა, გ. გ-ემ აუხსნა, რომ N- კომერციული ფართი წარმოადგენს ვინმე ნ. ა-თან მოლაპარაკებების საგანს, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უნდა გადაცვლილიყო ფართები. ამრიგად, თუკი გ. და ნ. მიაღწევენ შეთანხმებას, იგი ნებისმიერ დროს მზად არის ნ-ს გადაუფორმოს N- კომერციული ფართი (50 კვ.მ) N- კომერციული ფართის სანაცვლოდ“. მოწმის ჩვენებით, იგი გ. გ-ესთან სიტყვიერად შეთანხმდა, რომ მის სახელზე ფიქციურად გაფორმდებოდა ფართები, თუმცა გ. გ-ემ ვერ შეასრულა ფინანსური ვალდებულებები, ამის შემდეგ კი ფართი ნ.- შ--ის საკუთრებაში გადავიდა. მოწმემ აღნიშნა, რომ 2023 წლის მეოთხე თვეში ჩაიდო გარანტად კომერციული ფართი, თუმცა საჯარო რეესტრში არ გადაუმოწმებია კომერციული ფართის სტატუსი. მისთვის უცნობია, კ. რ-ე რას საქმიანობდა შპს „ვ.“-ში, თუმცა იცის, რომ კ. რ-ე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეა, რადგან თავადაც ხმა მისცა კ. რ-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევას.
10. მოწმე ლ. ც-ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ წარსულში მუშაობდა საჯარო რეესტრში, ახლა კი მუშაობს უძრავი ქონების მიმართულებით, კერძოდ, პროექტის მიხედვით ანაწილებს მშენებარე ობიექტების ფართებს. მოწმის ჩვენებით, 2017 წელს შპს „ვ.“-ის განშლის გაკეთების დროს იხელმძღვანელა არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, პროექტით და მშენებლობის ნებართვით. კომერციული ფართის ნიშნული განსაზღვრული იყო 00 ნიშნულიდან 6,20 ნიშნულამდე, ანუ კომერციული ფართის სიმაღლე იყო 6,20 მეტრი. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ფართი გაყოფილი იქნებოდა, იგი იხელმძღვანელებდა პროექტით და მიუთითებდა, როგორც პროექტში იქნებოდა აღნიშნული, რადგან პროექტის იდენტურად უთითებდა ნიშნულსა და სართულს. 2021 წლის 18 მარტს კორპუსის არქიტექტურულ პროექტში მოხდა კორექტირება, შესაბამისად, საჭირო გახდა განშლაში ცვლილებების განხორციელება, რაშიც იგი გ. გ-ეს დაეხმარა, კერძოდ, ცვლილებები დარეგისტრირდა 2021 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ არქიტექტურულ პროექტში, რომელშიც მცირე ცვლილება იყო შესული, ცვლილება არ შეეხებოდა კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი პირველი სართულის ნიშნულს, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი სართულის ნიშნული 0.00 დან +6.20-მდე დარჩა იგივე ისევე, როგორც კომერციული სრული ფართი, რომელიც პირველ პროექტშიც და შესწორებულშიც გახლდათ 582.80 კვ.მ განშლაში და სამშენებლო პროექტში ასახული იყო მხოლოდ ლიფტის სამანქანე ოთახები, ჯამურად – 40.2 კვ.მ საერთო სარგებლობის სივრცე, რომელიც არც კი რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მოწმის ჩვენებით, მესაკუთრის ფართი თუ იცვლიდა კვადრატულობას ან ადგილმდებარეობას, საჯარო რეესტრის წარმომადგენელიც და თავადაც უმარტავდა დამკვეთს, რომ საჭირო იყო მესაკუთრის თანხმობა და პროექტში ცვლილების შეტანა.
11. მოწმე ს. კ-ემ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში. 2021 წლის 27 სექტემბერს გ. გ-ემ შპს „ვ.“-ის სახელით საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ექსპლუატაციაში შესული კორპუსიდან 582 კვადრატული მეტრის ფართის რეგისტრაცია +3,2 ნიშნულზე. ბრალდებულმა პირველ ეტაპზე წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვით, ფართის დანიშნულება იყო დამხმარე ფართი, რომელიც განიკარგებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საშუალებით. კომერციული ან საცხოვრებელი ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ არ განიკარგებოდა. საქმის წარმოება შეჩერდა, რადგან რეგისტრატორმა მოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, თუმცა გ. გ-ემ მოთხოვნა შეცვალა და მოითხოვა აღნიშნული ფართის არა შპს „ვ.“-ის სახელზე რეგისტრაცია, არამედ თავის, როგორც ფიზიკური პირის, სახელზე და წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100-პროცენტიანი კრების ოქმი (რომელშიც მოიაზრებოდა ფართის ყველა მესაკუთრის ნებართვა). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა 100 პროცენტით ადასტურებდა, რომ ფართი 582 კვ. მეტრზე, +3,2 ნიშნულზე, იყო გ. გ-ის და გადაეცემოდა მას საკუთრებაში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა კრების თავმჯდომარეს, რადგან საჯარო რეესტრი ვერ ამოწმებდა კრების ოქმის ნამდვილობას, მით უფრო, რომ ის ნოტარიულად იყო დამოწმებული. განცხადების განხილვის ეტაპზე რეგისტრატორმა განიხილა სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, არსებობდა 0 და 6,20 ნიშნული, (მათ შორის არ იყო გავლებული სართული) და დააკმაყოფილა გ. გ-ის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრატორს ეჭვი არ გასჩენია, ვინაიდან ამ განცხადებით გ. გ-ეს სურდა ახალი ფართის რეგისტრაცია და არა – არსებული ფართის დაყოფა, რადგან წარმოდგენილი არ ყოფილა 0-3,2 ნიშნულის ნახაზი. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნულ ქონებაზე დაიწყო იურიდიული დავა. კორპუსში არსებული ქონების მესაკუთრე აცხადებდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. მოწმის ჩვენებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი არ იყო 100 %-იანი (მასში ყველა წევრი არ მონაწილეობდა) და საჯარო რეესტრის მიერ გ. გ-ის სახელზე აღნიშნული ფართის რეგისტრაცია გაბათილდა.
12. მოწმე ვ. ა-მა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თ-ი, თ-ში მდებარე კორპუსში ფლობს საცხოვრებელ ბინას. იცნობს აღნიშნული კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს. იგი ერთხელ დაესწრო სადარბაზოსთან მეზობლების შეკრებას, სადაც ნ. ა-ი იყო მომჩივანი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას, რომლის გადაწყვეტილებითაც გ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა კომერციული ფართის გადატიხრული ნაწილი, იგი არ დასწრებია და, შესაბამისად, არც 2021 წლის სექტემბერში ჩატარებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმზე მოუწერია ხელი.
13. მოწმე გ. გ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2021 წელს თავისმა შვილმა თ-ი, თ-ში მდებარე კორპუსში შეიძინა საცხოვრებელ ბინა, რომელიც გაფორმებულია მის სახელზე. აღნიშნულ კორპუსში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების შესახებ ინფორმაცია მას არ აქვს. იგი არც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე მიუწვევია ვინმეს და არც პოზიცია უკითხავს კომერციული ფართის გ. გ-ისათვის გადაცემის შესახებ.
14. მოწმე გ. ქ-ის ჩვენებით, დაახლოებით, 4 წლის წინ თ-ი, თ-ში მდებარე კორპუსში შეიძინა საცხოვრებელი ბინა. გ. გ-ე, როგორც კორპუსის მესაკუთრე, გაიცნო ბინის შეძენის დროს. კ. რ-ეს იცნობს სახეზე, ნ. ა-ი კი მისი მეზობელია. სამეზობლოს გააჩნია საერთო ჩატი, რომელსაც იგი, დროის უქონლობის გამო, არ ამოწმებდა. მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, გ. გ-ისთვის ფართის გადაცემის ან ფართის გადაკეთების თაობაზე თანხმობა ან უარი არ განუცხადებია, არც რაიმე დოკუმენტზე მოუწერია ხელი.
15. მოწმე ზ. ბ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2021 წლიდან თ-ი, თ-ში მდებარე კორპუსში ფლობს საცხოვრებელ ბინას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას იგი არ დასწრებია, რადგან გვიან გადავიდა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსში. სატელეფონო კომუნიკაციისას გ. გ-ისგან შეიტყო, რომ კ. რ-ეს ირჩევდნენ კორპუსის თავმჯდომარედ, რასაც იგი დაეთანხმა.
16. მოწმე ნ. ს-ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ თ-ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ფლობს ბინას. 2021 წლის 29 სექტემბრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში, რომელის მიხედვითაც, გ. გ-ეს გადაეცა უძრავი ქონება, მას მონაწილეობა არ მიუღია და არც რაიმე საკითხზე დაუფიქსირებია პოზიცია.
17. მოწმე ბ. ჩ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ თ-ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ფლობს ბინას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას იგი არ დასწრებია, არც ამხანაგობის თავმჯდომარს იცნობს და არც აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის შესახებ ფლობს რაიმე ინფორმაციას.
18. მოწმე ც. ჯ-ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ გ. გ-ის მეწილე ლ. ჯ-ისგან შეიძინა თ-ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. კ. რ-ეს პირადად არ იცნობს. მან ორი წელი იცხოვრა აღნიშნულ კორპუსში და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების შესახებ არ სმენია. იგი ინფორმაციას არ ფლობს აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის გადატიხვრისა და გ. გ-ისთვის გადაცემის თაობაზე.
19. ბრალდებულმა კ. რ-ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ თ-ი, თ-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ფლობს ბინას. იგი აღნიშნული კორპუსის მშენებლობაში „კატლავანის“ გაჭრის დღიდან მონაწილეობდა, როგორც შემდუღებელი. მოწმის ჩვენებით, კომერციული ფართი N--ის გადატიხვრის შესახებ კორპუსის ყველა მობინადრე იყო ინფორმირებული. იგი ხშირად შესწრებია ნ. ა-ისა და გ. გ-ის დიალოგს, რა დროსაც დაზარალებული კითხულობდა, როდის დამთავრდებოდა კომერციული ფართის გადატიხვრის პროცესი, რათა მისით ესარგებლა. ბრალდებულის ჩვენებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება შედგა (კორპუსში შესაბამისი განცხადებაც იყო გამოკრული), თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, ყველა მობინადრეს ვერ დაუკავშირდა (ყველას არც იცნობდა). ვისთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, მათ თანხმობა განაცხადეს, რომ იგი გამხდარიყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე და გ. გ-ისთვის გადაეცათ 580 კვადრატული მეტრის დამხმარე ფართი. კ. რ-ემ აღნიშნა, რომ მან კანონმდებლობის მოთხოვნები არ იცოდა. მის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმში მითითება, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა წევრის მიერ ერთხმად, არ ეგონა, თუ ამხელა პროცესებს გამოიწვევდა. არავისთვის ზიანის მიყენება მას არ სურდა. ბრალდებულის ჩვენებით, მან „ყველაში“ იგულისხმა ის ხალხი, ვისთანაც კომუნიკაცია დაამყარა. კ. რ-ემ დაადასტურა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმზე არსებული ხელმოწერა მის მიერაა შესრულებული. კ. რ-ის ჩვენების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმში არ უნდა მიეთითებინა, რომ დამხმარე ფართის გ. გ-ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება ამხანაგობის ყველა წევრმა მიიღო.
20. ბრალდებულმა გ. გ-ემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არის სამშენებლო კომპანია შპს „ვ.“-ის დირექტორი. იგი იცნობდა დ. ო-ს, თ. ე-ს, მ.. ო-ს, რომლებმაც შესთავაზეს, რომ მათ საკუთრებაში არსებულ, თ-ი, თ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი, რაც მისაღები აღმოჩნდა მისთვის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს თავისი ხარჯებით დაეხმარა ნაკვეთის რეგისტრაციის პროცედურებში. 2015 წელს მასა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის ნოტარიუსთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად მას გადასცემდნენ თ-ი, თ-ში მდებარე 1700 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთს მასზე არსებული უძრავი ქონებით, ხოლო სანაცვლოდ, მათ უნდა მიეღოთ საცხოვრებელი და კომერციული ფართები, ასევე – ავტოფარეხები. 2016 წლის სამშენებლო პროექტის მიხედვით, აშენდებოდა შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები მიიღებდნენ 400 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს, 50 კვადრატული მეტრის კომერციული ფართს 3,30 მეტრი სიმაღლითა და ორ ავტოფარეხს. „კატლავანის“ სამუშაოების დროს, თანხების მობილიზების მიზნით, მან საქმეში შეიყვანა პარტნიორი – ლ. ჯ-ე, კორპუსს დაამატა ორი სართული და გაზარდა კომერციული ფართის სიმაღლე 6.20 მეტრამდე, რათა მიეღო მეტი ფინანსური სარგებელი. 2019 წლის 19 თებერვლის კორპუსის განშლით განისაზღვრა სართულები და ფართები. განშლაში პროექტის ანალოგიურად მითითებულია, რომ კომერციული ფართების: N-- სიმაღლე არის 00 ნიშნულიდან +6,2 ნიშნულამდე. მშენებლობის დროს კომერციული ფართის კედლებში ჩასვეს პენოპლასტის ფიგურები, რათა კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ გადატიხრულიყო კომერციული ფართი. მან დამატებითი სართულის გაკეთების ნებართვის თაობაზე განაცხადი მერიის არქიტექტურის სამსახურში არ შეიტანა, რადგან არქიტექტურის სამსახური კორპუსს სართულს მოაკლებდა და ცხრასართულიან კორპუსს ვეღარ ააშენებდა. 2018 წელს თ. ე-მა და მ.. ო-მა თავისი წილი დაუთმეს ნ. ა-სა და დ. ო-ს. დ. ო-მა და ნ. ა-მა 2018 წელს საჯარო რეესტრში გაიფორმეს აღნიშნულ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ფართები, ორი ავტოფარეხი და 50 კვადრატული მეტრისა და 3,20 მეტრი სიმაღლის კომერციული ფართი N-, რომლის ზემოთ მას ოფისი ჰქონდა მოწყობილი. გ. გ-ემ და ნ. ა-მა ისაუბრეს, რომ კორპუსის უკანა მხარეს არსებულ კომერციულ ფართ N--ს გადაცვლიდნენ კორპუსის წინა მხარეს არსებულ კომერციულ ფართ N--ში, იდენტური ფართითა და სიმაღლით. ბრალდებულის ჩვენებით, კომერციული ფართი N- თავიდანვე დაზარალებულს ვერ გაუფორმდა, რადგან გადატიხრული კომერციული ფართი N- უნდა გადაეცვალა კომერციულ ფართ N--ში კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რაც თავიდანვე ცნობილი იყო ნ. ა-ისთვის. აღნიშნული კორპუსის ჩაბარების შემდეგ, 3-4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომერციული ფართი N--ის გადატიხვრის პროცესი. გ. გ-ემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა გადატიხრული კომერციული ფართი N-, რომლიდანაც რამდენიმე ფართი გაყიდა. ბრალდებულის ჩვენებით, დღეის მდგომარეობით კომერციული ფართი N- რეგისტრირებულია ნ.- შ--ის სახელზე, რომელსაც კომერციული ფართი N--ის კომერციულ ფართ N--ში გადაცვლის შემდეგ უნდა მიეღო კომერციული ფართი N-, რაც მისაღები იყო ნ.- შ--ისთვის. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ კომერციული ფართი N- საბუთებით შეიძლება გაყიდა ნ.- შ--ის სახელზე კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე, თუმცა იგი უნდა გადაეცვალა კომერციულ ფართ N--ში. მან კომერციული ფართი N- იპოთეკით დატვირთა ზ. მ-ის სახელზე. ზ. მ-ესთან ფართის გადაცვლის თაობაზე ჰქონდა თუ არა საუბარი, იგი ვერ იხსენებს, თუმცა ზ. მ-ე წინააღმდეგი არ იქნებოდა კომერციული ფართის გადაცვლაზე, რადგან მას სხვა ფართებიც აქვს დატვირთული იპოთეკით. გ. გ-ეს ნ. ა-ისა და დ. ო-ისთვის წერილობით არ უცნობებია, რომ კომერციული ფართი N--ის გაყიდვასა და იპოთეკით დატვირთვას აპირებდა, თუმცა კომერციული ფართი N- იპოთეკის დატვირთვის შესახებ დ. ო-თან და ნ. ა-თან ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია ჰქონდა. მოგვიანებით მან დ. ო-ისგან შეიტყო, რომ ნ. ა-ი უჩიოდა, რადგან სურდა კომერციული ფართი N- სრულად. შემდეგ საქმე წარიმართა სასამართლოში, საჯარო რეესტრმაც გააუქმა კომერციული ფართის რეგისტრაციის გადაწყვეტილება. ბრალდებულის ჩვენებით, მან კ. რ-ესა და კორპუსის მოსახლეობასთან ისაუბრა, რომ კ. რ-ეს აირჩევდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარედ და აღნიშნული კრების ოქმით საკუთრებაში დაირეგისტრირებდა თავის ფართს. მისივე ჩვენებით, თუკი იგი თბილისის მერიას მიმართავდა, მას უფლებას არ მისცემდნენ, რომ კიდევ ერთი სართული დაეშენებინა. სწორედ ამიტომ კომერციული ფართის გადატიხრული ზედა ნაწილი საჯარო რეესტრის მეშვეობით საკუთრებაში დაირეგისტრირა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით.
21. მოწმე გ. ა-ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2020-2022 წლის შუა პერიოდამდე მუშაობდა გ-ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის პოზიციაზე. 2021 წელს გამოძიება დაიწყო ნ. ა-ის განცხადების საფუძველზე. მან გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შენობა: პირველ სართულზე იყო ვიტრაჟები, თვალით შესამჩნევი იყო ტიხარი და გამოყოფილი ზედა მხარე. მან წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რა დროსაც რეესტრმა დაუდასტურა, რომ პირველადი განშლის დროს კომერციული ფართის ზედაპირსა და ჭერს შორის ნიშნული უნდა ყოფილიყო 6,20 მეტრი. მოწმემ დაადასტურა თავის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.
22. მოწმე ი. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის პოზიციაზე. მან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მოწმეები, დანიშნა საქონელმცოდნეობითი და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზები, შეადგინა ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნა-დათვალიერების ოქმები, ბრალდებულებს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. გამოძიებას აინტერესებდა თ-ი, თ-ში მდებარე ორი კომერციული ფართი, რომელშიც იმყოფებოდა ექსპერტი მ. ჯ-ი, თუმცა ყველა ფართის გაღება ვერ მოხერხდა. კომერციული ფართი ორ ნაწილად იყო გადაკეთებული და ექსპერტმა მოითხოვა გარკვეული დეტალების დაზუსტება, რაც დააზუსტა საგამოძიებო ორგანომ და ჩატარდა ექსპერტიზა ორ სხვადასხვა კომერციულ ფართზე.
23. 2015 წლის 2 ივლისს, ერთი მხრივ, თ. ე-სა და მ.. ო-სა და, მეორე მხრივ, შპს „“ვ.“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, უძრავი ქონების შპს „ვ.“-ისთვის გადაცემის სანაცვლოდ, თ. ე-ი და მ.. ო-ი საკუთრებაში მიიღებდნენ თ-ი, თ-ში ასაშენებელ მრავალბინიან სახლში როგორც უძრავ ქონებებს, ასევე – ავტოფარეხსა და კომერციულ ფართებს.
24. 02.07.2015 წლის ხელშეკრულებაში 2018 წლის 20 იანვარს შევიდა ცვლილება, რომლითაც დადგინდა თ. ე-ისა და მ.. ო-ის სასარგებლოდ კომერციული ფართის გადაცვლის ვალდებულება, კერძოდ: შპს „ვ.“ ვალდებულია, საცხოვრებელი ბინის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ამ ხელშეკრულების 3.2.7. პუნქტით გათვალისწინებული კომერციული ფართი (არქიტექტურულ პროექტში I სართულზე არსებული, დანართი N--ში N- ნომრად მონიშნული 50 კვ.მ. ფართობის კომერციული ფართი) გადაუცვალოს არქიტექტურულ პროექტში I სართულზე ამ ხელშეკრულების დანართ N--ში მონიშნულ 50 კვ.მ. ფართობის N2 კომერციულ ფართში; ამ გადაცვლამდე არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, გადასაცვლელი კომერციული ფართები და მათი საკუთვნებელი გაასხვისოს ან რაიმე უფლებით დატვირთოს.
25. 2018 წლის 6 მარტს გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ა-ი გახდა თ. ე-ის უფლებამონაცვლე.
26. 02.07.2015 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი მხრივ, შპს „ვ.“-სა და, მეორე მხრივ, ნ. ა-ს (როგორც თ. ე-ის უფლებამონაცვლეს) და დ. ო-ს შორის 2018 წლის 28 მაისს გაფორმდა ვალდებულების სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ა-მა მიიღო საცხოვრებელი ბინები, ავტოსადგომი, ასევე – I სართულზე, 50 კვ.მ. ფართობის N- კომერციული ფართიდან ½ ნაწილი (I სადარბაზოში კიბის უჯრედის გვერდით მდებარე ფართი).
27. გადასაცვლელ კომერციულ ფართზე - 2020 წლის 11 მარტს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ვ.“-მა უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა ზ. მ-ის სასარგებლოდ, ხოლო, 2021 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ნ.- შ--ე.
28. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 25.06.2021 წლის ბრძანებით, თ-ი, თ-ში აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შევიდა ექსპლუატაციაში.
29. 2021 წლის 29 სექტემბრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი. კრებას თავმჯდომარეობდა კ. რ-ე - დღის წესრიგს წარმოადგენდა 582.8 კვ.მ. ფართის დამხმარე ფართის, ნიშნულზე +3.20, მდებარე თ-ი, თ-ში, გ. გ-ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა. ამხანაგობამ განიხილა საკითხი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული, თ-ი, თ-ში, დამხმარე ფართი ნიშნულზე – +3.20, საერთო ფართით – 582.8კვ.მ., აზომილი ი/მ ნ. ხ-ას მიერ - გ. გ-ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამხანაგობამ დაადგინა, რომ ი/მ ნ. ხ-ას - აზომვით ნახაზზე ასახული 582.8 კვ.მ ფართობის დამხმარე ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცეს გ. გ-ეს - და მან საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ამხანაგობის ყველა წევრმა ერთხმად. გ. გ-ეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
30. საინჟინრო ექსპერტიზის 2022 წლის 16 დეკემბრის №- დასკვნის თანახმად: 2015 წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის (პირველი პროექტი) მიხედვით, კომერციული ფართი განთავსებულია 1-ელ სართულზე, 0.00 ნიშნულზე და მისი სიმაღლე შეადგენს 3.35 მეტრს (იხ. დანართი N-). თ-ი, თ-ში მდებარე - საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის პირველი სართული დაყოფილია ფართებად, იზოლირებულად გამიჯნულია ერთმანეთისგან. განმცხადებლის მიერ მითითებული ნ. ა-ის კომერციული ფართის ფაქტობრივი სიმაღლე შეადგენს 3.14 მეტრს, რაც 0.21 მეტრით ნაკლებია თავდაპირველი პროექტით შეთანხმებულ კომერციული ფართის სიმაღლეზე (3,35 მ.), ხოლო დანარჩენი კომერციული ფართების სიმაღლე შეადგენს 3.32 მეტრს.
31. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ. ბ-ამ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ დასკვნის გაცემისას მან იხელმძღვანელა 2015 წლის 13 ნოემბრის N- ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის (პირველი პროექტი) მიხედვით და რომ აღნიშნულ პროექტში შესულ ცვლილებებს იგი არ იცნობს, ვინაიდან დაცვის მხარეს მისთვის არ წარუდგენია.
32. სასაქონლო ექსპერტიზის 2024 წლის 8 თებერვლის №--- დასკვნით დადგენილია, რომ: 1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, საკადასტრო კოდი: - კომერციული ფართების საბაზრო ღირებულება 2021 წლის ივნისის მდგომარეობით (იმ მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით) შეადგენს 230000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო დღეისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საბაზრო ღირებულება შეადგენს 292000 (ორას ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარს; 2) საკადასტრო კოდი: -- კომერციული ფართების საბაზრო ღირებულება 2021 წლის ივნისის მდგომარეობით (იმ მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით) შეადგენს 173000 (ას სამოცდაცამეტი ათასი) ლარს, ხოლო დღეისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საბაზრო ღირებულება შეადგენს 270000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარს.
33. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ჯ-მა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ დასკვნაზე მისი ხელმოწერის გამორჩენის მიუხედავად, ექსპერტიზის დასკვნა მის მიერაა შედგენილი და ეთანხმება მის შინაარსობრივ ნაწილს. მანვე დამატებით განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული იყო კომერციული ფართის 2021 წლის ივლისის მდგომარეობა. ადგილზე მისვლისას ერთ კომერციულ ფართში დახვდათ გარემონტებული ერთი სართული, მეორე სართულზე დაწყებული იყო რემონტი, ხოლო მეორე კომერციული ფართი იყო შავი კარკასის მდგომარეობაში. მოწმის ჩვენებით, ექსპერტიზის დასკვნის დასკვნით ნაწილში გადმოტანილი საკადასტრო კოდებით (ბოლო ციფრებით – -) არსებული კომერციული ფართები ნახა საკადასტრო კოდით.
34. მოწმე დ. ო-მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე და აღნიშნა, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
35. ამდენად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარადაა დადასტურებული გ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო კ. რ-ის მიერ – სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულ ნ. ა-ის ჩვენება შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, საეჭვო განმარტებებს (რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მის სანდოობასთან დაკავშირებით) და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებსა და სასამართლოში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც, არ არსებობს მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებანი, რომლებიც მიანიშნებდა დაზარალებულის მიკერძოებასა ან პირად დაინტერესებაზე გ. გ-ისა და კ. რ-ის საწინააღმდეგოდ.
36. გარდა ამისა, მოწმე ნ.- შ--ის ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ მის მიერ კომერციული ფართების ფლობა ფიქციური იყო და აღნიშნული ფართების რეალურ მესაკუთრეს წარმოადგენდა გ. გ-ე. რაც შეეხება საინჟინრო ექსპერტიზის №- - დასკვნას და ექსპერტ მ. ბ-ას ჩვენებას, ისინი ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად ვერ შეფასდება, ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარებისას მ. ბ-ა არ ფლობდა რაიმე ინფორმაციას მშენებლობის პროექტში შესული ცვლილებების თაობაზე.
37. რაც შეეხება კ. რ-ის უდანაშაულობას: კ. რ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას, ფაქტობრივად, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც, გარდა აღიარებისა, დადასტურდა როგორც დაზარალებულის, ისე – მოწმეების, მათ შორის – თავად გ. გ-ის – ჩვენებებით, კერძოდ, მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ თავმჯდომარე კ. რ-ემ დაამზადა 2021 წლის 29 სექტემბრის ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ფართის გ. გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ N- ოქმი, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა ამხანაგობის ყველა წევრმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 582.8 კვ.მ. დამხმარე ფართი (ნიშნულზე – +3.20), მდებარე თ-ი, თ-ში, ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა გ. გ-ეს. ის გარემოება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ კრებას არ დასწრებია ამხანაგობის ყველა წევრი და სადავო საკითხზე არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, უტყუარად დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა (მ. ა-ის, თ. მ-ის, ვ. ა-ის, გ. გ-ის, ნ. ს-ის, გ. ქ-ის, ც. ჯ-ას და სხვ.) ჩვენებებით. აღნიშნული ყალბი კრების ოქმი შემდგომ გ. გ-ემ წარადგინა საჯარო რეესტრში და მოითხოვა მითითებული ფართის თავის სახელზე რეგისტრაცია. საქმეზე მოწმედ დაკითხული ს. კ-ის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი) ჩვენებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრისათვის რომ არ წარედგინათ ამ შინაარსის კრების ოქმი, საჯარო რეესტრი არ მიიღებდა გ. გ-ის სახელზე მითითებული ფართის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას.
38. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება. დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე – ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება (მაგალითად, ბეჭდის, შტამპის დუბლიკატის დამზადება), ისე – ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება (მაგალითად, ტექსტის ნაწილის გადასწორება, დამატებითი მონაცემის შეტანა, სხვის მაგივრად ხელის მოწერა, რიცხვის, ნომრის შეცვლა ციფრების გადაადგილებით, ამოშლით და სხვა). ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება თავისთავად უკვე დამთავრებული დანაშაულია (ე.ი. ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია), თუკი მისი მიზანია მისი გასაღება ან გამოყენება. რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს ანდა მისი ოფიციალური წარდგენა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. ყალბი ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გამოყენება ნიშნავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტის დასადასტურებლად დოკუმენტზე ყალბი ბეჭდის ან შტამპის დასმას, ყალბი ბლანკის შევსებასა და ოფიციალურად წარდგენას რომელიმე დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და ა.შ. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე. ამავე დროს, კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი, რომელსაც ის იყენებს, ყალბია. დანაშაული პირდაპირი განზრახვით გამოიხატება – პირს გაცნობიერებული აქვს, რომ გასაღების ან გამოყენების მიზნით ამზადებს, ინახავს ან იძენს ყალბ დოკუმენტს, ანდა გაცნობიერებული აქვს, რომ ასაღებს ან იყენებს ყალბ დოკუმენტს და სურს ეს.
39. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ კრების ოქმი ოფიციალური დოკუმენტია, ვინაიდან სწორედ ის არის გ. გ-ის მიმართ უფლების დამდგენი აქტი მისთვის ქონების გადაცემის ნაწილში და იურიდიული მნიშვნელობა აქვს საჯარო რეესტრში მისი უფლების დასარეგისტრირებლად. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი გახდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და წარედგინა უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ოფიციალურ ორგანოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მისაღებად.
40. უტყუარადაა დადგენილი, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ თავმჯდომარე კ. რ-ემ დაამზადა 2021 წლის 29 სექტემბრის ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ N- ოქმი, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას ესწრებოდა მესაკუთრეთა 100%. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, ვითომდა გადაწყვეტილება მიიღო ამხანაგობის ყველა წევრმა ერთხმად, რომლის თანახმად 582.8 კვ.მ. დამხმარე ფართი (ნიშნულზე – +3.20), მდებარე თ-ი, თ-ში, ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა გ. გ-ეს. თუმცა აღნიშნული გაყალბებული კრების ოქმი საჯარო რეესტრში წარადგინა არა კ. რ-ემ, არამედ – გ. გ-ემ, როგორც დაინტერესებულმა პირმა, რომელმაც, ყალბი კრების ოქმის საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა 582.8 კვ.მ. ფართი. საჯარო რეესტრში აღნიშნული კრების ოქმის წარდგენა გ. გ-ის მიერ დადასტურებულია საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებითა და საჯარო რეესტრის თანამშრომლის, ს. კ-ის, ჩვენებით. შესაბამისად, კ. რ-ის ქმედების კვალიფიკაციისას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორად დაზუსტდა დანაშაულის დისპოზიცია, რასაც უზენაესი სასამართლოც ეთანხმება და რაც კ. რ-ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ ახდენს.
41. ამდენად, ზემომითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა კ. რ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
42. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმე გვაქვს სამოქალაქო საქმისწარმოებასთან. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევა და შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი შედეგები არ გამორიცხავს თაღლითობის შემადგენლობის ნიშნების არსებობისას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N1100აპ-22 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია კომერციული ფართი N--ის გარშემო განვითარებული მოვლენები. მართალია, გ. გ-ესა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული არ ყოფილა კომერციული ფართის +6,20 ნიშნული, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებაში არც 3,30 ნიშნულია მითითებული. კომერციული ფართის ნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და საჯარო რეესტრში წარდგენილი განშლა, რომელთა საფუძველზეც, განახლებული პროექტის კომერციული ფართის ნიშნულია +6,20. 2018 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, კომერციული ფართი N- კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაცვლილიყო კომერციულ ფართ N--ში, ხოლო გადაცვლამდე ხელშეკრულების ხელმომწერ არცერთ მხარეს უფლება არ ჰქონდა, გადასაცვლელი კომერციული ფართები და მათი საკუთვნებელი გაესხვისებინა ან რაიმე უფლებით დაეტვირთა. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. გ-ემ კომერციული ფართი N- გადატიხრა და შექმნა ხელოვნური სართული, 2020 წლის 11 მარტს კი გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და კომერციული ფართი N- ზ. მ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა, ხოლო, 2021 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ნ.- შ--ე, რომელიც ფიქციურად ფლობდა, მათ შორის, კომერციულ ფართ N--ს. მოწმე ზ. მ-ემ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მაღალი კომერციული ფართის მიმართ მას გააჩნდა მეტი დაინტერესება და მისთვისაც ცნობილი იყო, რომ კომერციული ფართის სიმაღლე უნდა ყოფილიყო 6,20 მ.. გარდა ამისა, კომერციული ფართის სიმაღლესთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა თ. მ-საც, რომელმაც თავად მიმართა საგამოძიებო ორგანოს საჩივრით სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით. ამდენად, სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სადავო საკითხები სამოქალაქოსამართლებრივი დავის საგანია და არა – დანაშაული.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კ. რ-ემ კი – სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
44. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს გ. გ-ისა და კ. რ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, პიროვნულ მახასიათებლებს, მათ მიერ ჩადენილ ქმედებათა ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებათა საზოგადოებრივ საშიშროებას, მათი განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივს, ბრალდებულების როლს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას და ბრალეულობის ხარისხს, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს მათ ქცევას და ისე განუსაზღვრავს მას სამართლიან და ქმედებათა ადეკვატურ სასჯელებს, რომლებიც მკაცრად პერსონალურია და რომელთა მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
45. სასამართლო ასევე მიუთითებს: იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გ. გ-ეს, ისე – კ. რ-ეს – სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მსჯავრდებულთა მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. გ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 20000 (ოცი ათასი) ლარი;
5. კ. რ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. გ-ისა და კ. რ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია;
7. ასევე ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის – და კ. რ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს – 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის – უზრუნველყოფის ფარგლებში დადებული ყადაღა გაუქმებულია და ყადაღა უნდა მოეხსნას: მ. ჩ--ის (პირადი №-) და ნ. ბ-ის (პირადი №-) საკუთრებაში არსებულ, ერთობლივად – 54 306 (ორმოცდათოთხმეტი ათას სამას ექვს) ლარად შეფასებული უძრავი ქონებების ეკვივალენტურ წილს: 1) თბილისი, თ-ი №--, ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18:00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: - 2) თბილისი, თ-ი №--, ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18:00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: -; 3) თბილისი, თ-ი №--, ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18:00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: - და 4) თბილისი, თ-ი №--, ავტოსადგომი №-, ნიშნული – 3.00, ფართი: 18:00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: .;
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 4 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ნ.- შ--ის (პირადი -) კუთვნილ უძრავ ქონებას: თბილისი, თ-ი №---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო №-, სართული №-, №- კომერციული ფართი (საკადასტრო კოდი: -, ნიშნულით +6.20);
9. ნივთიერი მტკიცებულებები:
№- განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, გადატანილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, №- განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, გადატანილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ნ. ა-ისგან გამოთხოვილი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, ორ ცალ კომპიუტერულ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე