საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2026
საქმის ნომერი
2კ-82აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №82აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი

ჭ-ი ე., №82აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ჭ-ს ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.1.2. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

1.1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

1.2. ე. ჭ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2025 წლის მაისის პირველ რიცხვებში, დღის საათებში, დ-ს რაიონის სოფელ ჭ-ის მიმდებარედ არსებულ მესაქონლეობის ფერმის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, ე. ჭ-მა იძალადა მეუღლეზე – ს. მ-ზე. კერძოდ, ესროლა ჩაის ჭიქა, რაც მოხვდა წელის არეში და ს. მ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2025 წლის მაისის პირველ რიცხვებში, დღის საათებში, დ-ოს რაიონის სოფელ ჭ-ის მიმდებარედ არსებულ მესაქონლეობის ფერმის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, ე. ჭ-ი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ვინაიდან, მიაჩნდა, რომ ქალს შეპასუხების უფლება არ ჰქონდა, ჯანმრთელობის დაზიანებით (ენის დასერვით) დაემუქრა მეუღლეს – ს.მ-ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.3. 2025 წლის მაისის დასაწყისში, დღის საათებში, დ-ოს რაიონის სოფელ ჭ-ის მიმდებარედ არსებულ მესაქონლეობის ფერმის საცხოვრებელ ოთახში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტისას, ე. ჭ-მა იძალადა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან შვილზე (გერზე) – მ. მ-ზე. კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის შედეგადაც მ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ე. ჭ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე. ჭ-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიშიკო ჯანგულაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ჭ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი მუხლებით და მისთვის სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ე. ჭ-ის ადვოკატმა – ა. ტ-მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბერს განაჩენით, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი – მიშიკო ჯანგულაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. ჭ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ სამივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ე. ჭ-ის ადვოკატმა – ა. ტ-მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ე. ჭ-ს ედავება მეუღლის, ს.მ-ას, მიმართ 2025 წლის მაისის დასაწყისში ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას, აგრეთვე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც მუქარის ადრესატს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. გარდა ამისა, ე. ჭ-ს ბრალად ედება იმავე პერიოდში არასრულწლოვანი გერის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ჭ-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულებმა – ს.მ-ამ და მ- მ-მა – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – ე. ჭ-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნულ პირთა მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნა, დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს არასრულწლოვან მ- მ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. კერძოდ, დასკვნის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის მიხედვით, 2025 წლის 8 მაისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისას, მ. მ-ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოება თავისთავად არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტის არსებობას, მისი დადასტურებისთვის აუცილებელია სხვა დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

4.5. დაზარალებულ ს.მ-ას მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, აღნიშნული დასკვნა ადგენს ს.მ-ას წელის არეში სისხლნაჟღენთის არსებობას, თუმცა იგი უტყუარად ვერც დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობას ადასტურებს და ვერც იმ გარემოებას, თუ როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა ეს დაზიანება. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება, თავისთავად, ვერ გახდება ბრალდების დამადასტურებელი საფუძველი, მით უმეტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანების ხანდაზმულობა ვერ დადგინდა.

4.6. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მოწმეთა გამოკითხვის ოქმები დანაშაულებრივი ქმედების აღწერის ნაწილში შეიცავს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რომელთა გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52). გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკმარის საფუძველს ვერც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულ ს.მ-ას მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია ქმნის, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება ისეთი ობიექტური, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ე. ჭ-ის მიერ მუქარისა და ძალადობის ფაქტების ჩადენას. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენი მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი