საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2026
საქმის ნომერი
2კ-99აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №99აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი

ვ. ს., №99აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ვ-ეს - ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

1.1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

1.1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

1.2. ს. ვ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, დაახლოებით, 23:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში თავის საცხოვრებელ სახლში, ს. ვ-ემ ყელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ს. ქ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2.2. 2021 წლის თებერვლის შუა პერიოდში, დაახლოებით, 22:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ს. ვ-ემ თმების მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ს. ქ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2.3. 2021 წლის აპრილის შუა პერიოდში, დაახლოებით, 03:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თმების მოქაჩვითა და საწოლზე შეჯახებით, ს. ვ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – ს. ქ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2.4. 2021 წლის აპრილის შუა პერიოდში, დაახლოებით, 03:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ს. ვ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – ს. ქ-ს, რა დროსაც ს. ქ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.5. 2021 წლის 1 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ბ-ში, ტ. ა-ის ქუჩაზე არსებულ ჰიპერმარკეტ „კ-ის“ მიმდებარედ, ს. ვ-ე ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – ს. ქ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით, ს. ვ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ვ-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ს. ვ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი მუხლებით და მისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ს. ვ-ის ადვოკატმა – თ. თ-ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი – რამაზ შანიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ს. ვ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ხუთივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ს. ვ-ის ადვოკატმა – თ. თ-ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ვ-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ს. ქ-მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის – ს. ვ-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სხვა მოწმეთა უდავო გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა ს. ვ-ის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას. აღნიშნულ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია ირიბია და მათი გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.5. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულ ს. ქ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია ისინი მიჩნეულ იქნეს იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება.

4.6. საკასაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ვერც დაზარალებულ ს. ქ-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს დააფუძნებს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავს ს. ვ-ის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციას.

4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი ს. ვ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი