საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№134აპ-26 თბილისი
მ. მ., 134აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 14 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. მ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – გენდერული დისკირიმინაციის მოტივით შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მ. მ-ის მიმართ, რომელიც თვლიდა, რომ მისი შეყვარებული, ბ. შ-ი, ეკუთვნოდა მხოლოდ მას და დაშორების შემდეგ არ ჰქონდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლება, ასევე, უკონტროლებდა გადაადგილებას, ჩაცმულობას, სოციალურ ქსელში აქტივობას და მოითხოვდა, რომ გაჰყოლოდა ცოლად, 2024 წლის 1 ივლისს საქართველოს შსს თ-ის პოლიციის დეპარტამენტის გ-ის მთავარი სამმართველოს მე- სამმართველოს თანამშრომლის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N-. ამავე ორდერით, მ. მ-ეს აეკრძალა ბ. შ-სა და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. მ-ემ დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2024 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 14:33 საათზე, თ-ში, მ-ში, გ-ის ქუჩის N--ს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა ბ. შ-თან და დაამყარა კომუნიკაცია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 14 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ხვედელიძე ითხოვს მ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მსჯავრდებულის პიროვნების, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. გამართლებულ მ. მ-ის ადვოკატი რევაზ აჭარაძე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ მ. მ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მ. მ-ე (რომლის მიმართაც გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი) 2024 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 14:33 საათზე, თ-ში, მ-ში, გ-ის ქუჩის N--ს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა ბ. შ-თან და, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მასთან დაამყარა კომუნიკაცია.
10. დაზარალებულ ბ. შ-ის ჩვენებით, 2024 წლის 1 ივლისს მ. მ-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა, როდესაც ის იმავე დღეს გობრონიძის ქუჩის N32ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, ბრალდებულმა მასთან დაამყარა კომუნიკაცია – სთხოვა პოლიციიდან საჩივრის გამოტანა. დაზარალებულის განმარტებით, მას ახსოვს შეხვედრის ზუსტი დრო – იყო 14:33 საათი.
11. დაზარალებულის ჩვენებას ეწინააღმდეგება მოწმე სესილი უმეკაშვილის ჩვენება და იმავე პირის მიერ შედგენილი ოქმი, რომელშიც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მ. მ-ე - დოკუმენტის გაცნობის მიზნით მივიდა, დაახლოებით, 14 საათზე, უფრო ზუსტად – 2024 წლის 1 ივლისს, 14:30 საათზე, როგორც ეს შემაკავებელი ორდერის გაცნობის ოქმშია დაფიქსირებული.
12. ამასთან, თუ 14:30 წუთს, როცა მ. მ-ე იყო განყოფილებაში, მივუმატებთ შემაკავებელი ორდერის გაცნობის პროცედურისათვის საჭირო დროსაც, ერთმნიშვნელოვნად, ერთი და იგივე პიროვნება ერთდროულად ვერ იქნებოდა პოლიციასა და მ-ის დასახლებაში, გ-ის ქუჩის --ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაჩერებასთან.
13. სესილი უმეკაშვილის ჩვენება ეწინააღმდეგება ვალერიან დევრისაშვილის ჩვენებასაც, რომელმაც განმარტა, რომ მან სესილი უმეკაშვილთან ერთად მ. მ-ეს შემაკავებელი ორდერი გააცნო 1 ივლისს, დაახლოებით, 10-დან 11 საათამდე ინტერვალში.
14. გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეულია 2024 წლის 1 ივლისით დათარიღებული, ბ. შ-ის კუთვნილ, „მეიძუს“ ფირმის მობილურ ტელეფონში გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს დეტექტივ ვალერიან დევრისაშვილის ტელეფონის ნომერზე - – „w.“-ის ქსელში არსებული მიმოწერა. როგორც დათვალიერების ოქმის შემდგენმა, მოწმე აკაკი გვალიამ აღნიშნა, მიმოწერა იწყება შემდეგი შინაარსის სიტყვებით: ბ. შ-ი: –„მოვიდა და არ გრცხვენიაო მეუბნება, ანგარიშზე არ მქონდა, ვერ დაგირეკეთ, თავზე დამადგა, სამსახურში მექნება პრობლემაო და გამოიტანეო რა, ახლა წავიდა“. მიმოწერის დასასრულია 15:06 წუთი.
15. სასამართლომ გამოიკვლია ასევე ვალერიან დევრისაშვილის კუთვნილ, „Iphone 8“- ის მოდელის მობილურ ტელეფონში, აპლიკაცია „w.“-ში, - ნომერთან არსებული მიმოწერა, რომლითაც დადგინდა, რომ ბ. შ-სა და ვალერიან დევრისაშვილს შორის მიმოწერა იწყება 2024 წლის 1 ივლისს, 14:35 საათზე. ბ. შ-ი, ისე, რომ არ ასახელებს პირის ვინაობას, ვალერიან დევრისაშვილს სწერს: – „აქაა“, „მოვიდა და არ გრცხვენიაო მეუბნება“, „ანგარიშზე არ მქონდა ვერ დაგირეკეთ“, „თავზე დამადგა“, „სამსახურში მექნება პრობლემაო და გამოიტანეო რა“, „ახლა წავიდა“, „ბლოკი ამხსენიო“.
16. აშკარაა, რომ ბ. შ-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმში არსებული მიმოწერა განსხვავდება ვალერიან დევრისაშვილის „Iphone 8“-ის მოდელის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმში მითითებული მიმოწერისგან. ამასთან, ერთ შემთხვევაში, ბ. შ-ის ტელეფონის დათვალიერების ოქმში მითითებულია მხოლოდ მიმოწერის დასასრული – 15:06 საათი, ხოლო ვალერიან დევრისაშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმში მიმოწერის დასაწყისი – 1 ივლისი, 14:35 წუთი. მიმოწერაში დაფიქსირებული ნახევარსაათიანი ინტერვალი აჩენს ეჭვს, არის თუ არა სრულყოფილი მიმოწერა და რატომ დასჭირდა ნახევარსაათიანი ინტერვალი 5-6 წინადადების აკრეფას, ასევე – თავად მიმოწერით შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, ვისზეცაა საუბარი.
17. სასამართლომ ვერ მოისმინა მ. მ-ის ჩვენება, რადგან ბრალდების მხარემ ის მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, ხოლო გამოძიებას არ ამოუღია იმ ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომლებითაც დადასტურდებოდა, ერთი მხრივ, მ. მ-ის პოლიციის განყოფილებაში მისვლისა და განყოფილებიდან გასვლის და, მეორე მხრივ, ბ. შ-თან მისი შეხვედრისა და კომუნიკაციის ფაქტები. ასეთ ვითარებაში, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სწორად შეაფასეს, რომ შეუძლებელია უტყუარად იმის დადგენა, ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევას.
18. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბ. შ-ის ჩვენებით, მ. მ-ე იყო მისი მეგობარი, ხოლო საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებში ბრალდებული, ერთ შემთხვევაში, მოხსენიებულია დაზარალებულის მეუღლედ, ხოლო მეორე შემთხვევაში – მის ინტიმურ პარტნიორად.
19. გარდა ამისა, დაზარალებულის და ორდერის გამომცემი პოლიციელის – ვ. დ-ის – ჩვენებების თანახმად, ამ უკანასკნელმა შემაკავებელი ორდერი გამოსცა 2024 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში. გარდა ვალერიან დევრისაშვილის ჩვენებისა, არაფრით დასტურდება ღამის საათებში, მის მიერ მ. მ-ესთან დარეკვის, მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის და მისი პირობების გაცნობის ფაქტი. არ არის წარმოდგენილი თუნდაც შესაბამისი კავშირგაბმულობის კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ, მართლაც შედგა თუ არა ვალერიან დევრისაშვილის ჩვენებაში მითითებული სატელეფონო კომუნიკაცია.
20. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, მეტიც, ისინი შეიცავს საეჭვო ხასიათის განმარტებებს და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, რის გამოც, მ. მ-ე სწორად გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა მ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ არ გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. მ-ის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
24. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნას ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის – საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე